ფეხბურთი

20:28 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "ჩელსიდან" დამირეკეს, მე კი ჩემი მდგომარეობა ავუხსენი"
"კარიერის დასრულებაზე ხშირად ვფიქრობდი, რადგან მეგონა, რომ არავის მოვწონდი"

საქართველოს ნაკრებისა და სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარის გიორგი ლორიას განცხადებით, მას ინგლისში კარიერის გაგრძელება შეეძლო, მაგრამ საქართველოს ნაკრების დაბალი რეიტინგის გამო ამის შანსი დაკარგა. ლონდონის “ჩელსის” დაინტერესებას ქართველი მეკარე ადასტურებს და გარდა ამისა, მეორე ინგლისურ ვარიანტიც გაამხილა. ამის შესახებ 28 წლის ქართველმა კიპერმა ინტერნეტპორტალ progorodsamara.ru-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

საერთოდ, რუსეთში გიორგი ყურადღება ნამდვილად არ აკლია. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა “კრილიას” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო. მეტიც, პრემიერლიგის ბოლო ორი ტურის მატჩი მშრალად ჩაატარა და ავტორიტეტული გამოცემა championat.com-ის ვერსიით, ზედიზედ ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც. ამავე ინტერვიუში ლორია თავისი კარიერის პირველ ნაბიჯებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იყო დრო, როცა კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

ლორია კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირებასაც იხსენებს და ამბობს, რომ ურჩევნია ძლიერ მეტოქეებთან ითამაშოს, ვიდრე შედარებით სუსტებთან...

- როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?

- მამამ საფეხბურთო სკოლა “ავაზაში” მიმიყვანა და მომეწონა ბიჭები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. მერე მამაჩემს ვთხოვე ფეხბურთზე შევეყვანე. იქ 8-დან 17 წლამდე ვითამაშე. როგორ გავხდი მეკარე? – როდესაც პირველ ვარჯიშზე მივედი, მწვრთნელმა მითხრა, რომ კარი უნდა დამეცვა. სხვათა შორის, პირველი გოლი ფეხებშუა გავუშვი, მერე მარჯვენა მცველადაც ვითამაშე და გოლიც გავიტანე, მაგრამ კარის დაცვა უფრო მომწონდა და ასე დავბრუნდი კარში. “ავაზაში” თავიდან ანდღულაძე მავარჯიშებდა, შემდეგ მისი შვილი, მერე კახა კაჭარავა და ბოლოს ნოდარ აკობია.

- სხვა სპორტის სახეობებზე არ გიცდიათ ბედი?

- სანამ ფეხბურთზე შევიდოდი, მანამდე, 7 წლის ასაკში კალათბურთზე სიარული დავიწყე, მაგრამ დაბალი ვიყავი, რადგან კალათი ჩემთან შედარებით ძალიან მაღლა იყო. ასევე მომწონდა ფუტსალის თამაშიც, მაგრამ ბოლო დროს იშვიათად ვთამაშობ. თუმცა, მეგობრებთან ერთად გართობის მიზნით ვთამაშობ ხოლმე. ფუტსალის თამაში ფეხით თამაშის კომპონენტის გაუმჯობებსებაში დამეხმარა.

- 17 წლის ასაკის შემდეგ, როცა “ავაზას” სკოლა დამთავრეთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

- მაშინ მაღალი არ ვიყავი, ყურადღებას არ მაქცევდნენ, ჩემში პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. სკოლის დამთვარების შემდეგ ყველანი გუნდებში გადაანაწილეს, მე კი არავის ვახსოვდი. “ავაზას” მწვრთნელი უმაღლესლიგელ “ვიტ ჯორჯიას” მეორე გუნდში მიიწვიეს. რამდენიმე ხანი ვითამაშე და ზაფხულში სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მწვრთნელმა მთხოვა თამაშებში მიმეღო მონაწილეობა, რადგან მეკარე არ ჰყავდათ. ამ დროს ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არავის მოვწონდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. როგორც აღმოჩნდა, ეს “დინამოს” აკადემიის შესარჩევი მატჩები იყო, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. სამი თამაშის მერე პირდაპირ კონტრაქტი გამიფორმეს. პირველი ხელფასი ძალიან მცირე იყო. როგორ დავხარჯე? – ბავშვებთან ერთად სადღაც წავედი. თუმცა ამას ნაკლებად ერქვა ხელფასი, უფრო სტიპენდია იყო. “დინამოს” აკადემიის მერე, მეორე, ხოლო შემდეგ მთავარი გუნდი იყო. “დინამო” ჩემთვის სახლი და ოჯახია.

- მშობლები არ ეწინააღმდეგებოდნენ თქვენს ფეხბურთელობას?

- მამაჩემი ნუგზარი, რეჟისორია. დედა, მარი, ტელევიზიაში მუშაობდა, ხოლო და, ნინო – მსახიობია. ფეხბურთზე მამაჩემმა მიმიყვანა და ჩემს ვარჯიშებსაც არ ტოვებდა. დედაჩემი თამაშებზე დადიოდა. ყველა მხარში მედგა. ფეხბურთისთვის თავის დანებება ბევრჯერ მინდოდა, რადგან ირგვლივ ბევრი ცუდი ადამიანი, უსამართლობა, იმედგაცრუება იყო, თუმცა მამას სჯეროდა, რომ ფეხბურთს ვითამაშებდი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეც მოხდა.

- რა სახის იმედგაცურებები იყო?

- როდესაც 20 წლის ვიყავი “დინამოს” მთავარ გუნდში შანსი მოცმეს, მაგრამ ბევრი თამაში ჩავაგდე და ისეთი გოლები გავუშვი, რომლებიც ჩემი ბრალი იყო. საბედნიეროდ, ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. პირველი მწვრთნელი “დინამოში” კახა ცხადაძე გახლდათ. ცოტა ხანში იგი ანდრეი ჩერნიშოვმა შეცვალა, მას მოვწონდი, მაგრამ 6 თვის შემდეგ მის ნაცვლად გუნდში კახა კაჭარავა მოვიდა. 9 თამაში მქონდა ნათამაშები და მერვე ტურში სიმბლურ ნაკრებშიც მოვხვდი, მაგრამ მეცხრე ტურში ისევ დაღმასვლა მქონდა. ზამთარში “დინამოში” კიდევ ერთი ახალი მწვრთნელი დუშან უჰრინი მოვიდა. მან შანსი მომცა, მაგრამ ისევ ცუდად ვითამაშე და სათადარიგო სკამზე დამსვა. მერე გუნდმა ახალი მეკარე შეიძინა და ორი წლის განმავლობაში სათადარიგო მეკარის როლი მქონდა. ამის შემდეგ კი საქართველოს თასის ნახევარფინალში მათამაშეს – თავი კარგად წარმოვაჩინე, ორი პენალტი ავიღე და გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარე. ჯამში “დინამოს” შემადგენლობაში 200-მდე მატჩი ვითამაშე.

- ამბობენ, რომ მეკარეები უხეში ადამიანები არიან. ეს თქვენც გეხებათ?

- მე ასე არ ვფიქრობ. მეკარე მშვიდი უნდა იყოს, თორემ მისმა ხასიათმა შესაძლოა თამაშზე გავლენა იქონიოს. თუ თავდამასმხელმა 10 მომენტი ვერ გამოიყენა ეს ტრაგედია არაა, მაგრამ მეკარეს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

- კერპი გყავთ?

- პირველად 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ვნახე და იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი. ძალიან მომწონდა ჯანლუკა პალიუკას თამაში, რომელიც “ინტერსა” და “ბოლონიაში” თამაშობდა. ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ჯანლუიჯი ბუფონია. სამწუხაროდ, რუსი მეკარეების, იაშინისა და დასაევის თამაშები არ მინახავს, მაგრამ ამ უკანასკნელის ვიდეოები ნანახი მაქვს.

- საქართველოში დიდხანს თამაშობდით. მერე კი კრეტას ოფიში აღმოჩნდით. როგორ მოხდა ეს?

- “დინამოს” დატოვება სხვანაირად წარმომედგინა. ყაზახურ “აქტობესთან” წავაგეთ და მეორე დღეს გვითხრეს, რომ 12 ფეხბურთელი გუნდს დავტოვებდით. მიუხედავად ამისა, მე და “დინამო” მეგობრებად დავრჩით და კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ახლაც მაქვს კონტაქტი. თუმცა უკეთეს ჩემპიონატში გადასვლა და თამაში ყოველთვის მსურდა.

- ახალ ჩემპიონატთან ადაპტირება რთული იყო?

- საბერძნეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა. იქ თამაშობდნენ “ოლიმპიაკოსი”, “აეკი”, “პანათინაიკოსი”. თუმცა ოფის ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ აქ ჯენარო გატუზო დამხვდა მთავარ მწვრთნელად, ხოლო მეკარეების მწვრთნელი გარტანო პეტრელი გახლდათ, რომელიც მანამდე ბუფონთან და დე სანკტისთან მუშაობდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. საბოლოო ჯამში საბერძნეთში ადაპტაციის გავლა არ გამჭირვებია. ყოველთვის ვთამაშობდი და საუკეთესო მეკარეც გავხდი. ამის მერე ჩემით “პაოკი”, “აეკი” და “ოლიმპიაკოსი” დაინტერესდნენ, მაგრამ მე ეს უკანასკნელი ავირჩიე. თუმცა სამ თვეში გუნდის დატოვება მომიწია, რადგან უთამაშებლობა არ მინდოდა.

- რა იცოდით “კრილია სოვეტოვზე”, სანამ აქ მოხვიდოდით?

- რუსეთის ჩემპიონატში თამაში ყოველთვის მინდოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსული ენა კარგად ვიცი, მეორეც, რომ მომწონდა საფეხბურთო შოუები, თუ როგორ არჩევდნენ სხვადასხვა არხებზე თამაშებს. რუსეთში თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე საბერძნეთში. აქ დონეც უფრო მაღალია და კლიმატური პირობებიც გაცილებით რთულია. თუ პრემიერლიგაში თავს გამოიჩენ, ეს დიდი პლიუსია.

- “ამკართან” მატჩში “მეტალურგის” სტადიონის მინდვრის საფარმა გაგაკვირვათ?

- ყველამ ნახა თუ რა მდგომარეობაში იყო მინდორი. საბერძნეთში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან თბილა და მინდორი მწვანეა. ხელოვნური საფარი არ მიყვარს, ბუნებრივ მოედანზე თამაში სულ სხვა შეგრძნებაა.

- ცნობილია, რომ თქვენით ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული...

- იმ საღამოს, როცა “კრილიასთან” კონტრაქტს ხელი მოვაწერე, “ჩელსის” დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ტრავმირებული კურტუას შემცვლელს ეძებდნენ და “ჩელსიში” ჩემი წაყვანა უნდოდათ. მე გაკვირვებული ვიყავი, ავუხსენი სიტუაცია. როდესაც “ოლიმპიაკოსთან” კონტრაქტი გავწყვიტე, “ნოტინგემ ფორესტიც” დაინტერესდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 70-ეულში არ იყო, რამაც ინგლისში გადასვლაში ხელი შემიშალა. თუმცა, ალბათ ბედისწერა ასეთი გახლდათ.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ გითამაშიათ. ვის გამოარჩევდით?

- პორტუგალიასთან მატჩში რონალდუს დავუპირისპირდი. ერთი ჯარიმა ისე დამირტყა, ბურთი ვერც დავინახე, მეორე კი მოვიგერიე. მახსოვს ასევე ბენზემა, რიბერი, ინიესტა... ესპანეთთან შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ მერე ტრავმა მივიღე და შემცვალეს. ყველაზე უკეთ კი “დინამოსთან” ერთად მოგებული თასი მახსენდება.

- მხოლოდ 22 წლის იყავით, როცა პორტუგალიას დაუპირისპირდით. ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში არ გაშინებდათ?

- პირიქით, სწორედ ასეთ გუნდებთან თამაში მინდოდა. მომწონს გრანდებთან თამაში, რადგან აქ ჩანს რეალური შესაძლებლობები. მომწონს შეტევა, როცა ბურთის მიმართულება რამდენჯერმე იცვლება. ასე რომ შიში არ მქონია.

- 2009 წელს, როცა “დინამომ” თასი მოიგო, ორი თერთმეტრიანი მოიგერიეთ...

- ამ დროს ყოველთვის გულს ვუჯერებ. შარშან საბერძნეთში 11-დან 5 პენალტი მოვიგირიე. ვუკეთებ თუ არა ჩემს თამაშს ანალიზს? – როდესაც თამაში დასრულდება, მთელი ღამე არ მძინავს და ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა რომ მეთამაშა, სად შევცდი. გოლის გაშვების დროს მცველებს არასდროს ვეჩხუბები და ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებ.

- წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ევროპის ტოპ კლუბი გეპატიჟებათ, სადაც პრაქტიკა არ გექნებათ და შეადრებით საშუალო დონის კლუბი, რომელიც ძირითადს გპირდებათ. რომელს აირჩევდით?

- წარმოდგენა არ მჭირდება, რადგან ასეთი რეალური ისტორია მაქვს – როდესაც ოფიდან “ოლიმპიაკოსში” გადავედი, თამაში მინდოდა. მერე მწვრთნელი და სპორტული დირექტორი შეიცვალა და სკამზე დამსვეს. ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება სკამიდან მომიწევდა. სწორედ ამიტომ დავტოვე პირეოსი და გადმოვედი აქ.

- რა განსხვავებაა საქართველოს, საბერძნეთისა და რუსეთის ჩემპიონატებს შორის?

- საბერძნეთში უფრო ღია, შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. რუსეთში კი ტაქტიკურ თამაშს და უფრო დაცვით სტილს. ვფიქრობ, საქართველოშიც დაახლოებით ასეა.

- რომელი ჩემპიონატი მოგწონთ?

- ინგლისის პრემიერლიგა. მომწონს სწრაფი თამაში, როდესაც ბურთი ხშირად მოძრაობს.

- სამარაში გულშემატკივართა მხარდაჭერას გრძნობთ?

- ალექსანდრე ამისულაშვილმა მითხრა, რომ სამარაში ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს. აქედან გამოდინარე აქ მოულოდნელი ამ მხრივ არაფერი დამხვედრია. ოფის სტადიონი 10 ათას მაყურებელს იტევს და ყოველთვის სავსე იყო. გულშემატკივართა მხარდაჭერას შეჩვეული ვიყავი.

- მაისურს ან ფოტოს გადაღებას ხშირად გთხოვენ?

- აქ ჩემთან ასეთი თხოვნით ხშირად არ მოდიან. სამარაში ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, როცა მაისური მთხოვეს. საბერძნეთში კი ბევრჯერ უთხოვიათ.

- ამ ხნის განმავლობაში სამარაში რა დაგამახსოვრდათ?

- ბაზის და რესტორნების გარდა, სიმართლე გითხრათ, არაფერი მინახავს. სხვათა შორის, ვიცი, რომ აქ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები გაიმართება. სწრაფად დავახლოვდი გაბულოვთან, ჩოჩიევთან, მიროსავთან და იბრაჰიმთან. თავისუფალ დროს მათ ოჯახებთან ერთად ვატარებ.

- როგორ უნდა გაატაროთ შვებულება?

- მამაჩემი ახლა ისრაელში მკურნალობს. თუ იგი კარგად იქნება თბილისში მთელ ოჯახთან ერთად გავატარებ, თუ არადა, ისრაელში მამასთან ერთად.

0.13323