ფეხბურთი

12:04 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მელიების” რთულ გამოცდებს “ეშმაკები” დაიწყებენ

ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “კინგ პაუერ სთედიუმზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც გათამაშების სენსაციური ლიდერი “ლესტერი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს, რომელიც მეორე ადგილზეა.

სეზონის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა 14 ტურის შემდეგ “ლესტერი” პრემიერლიგაში ლიდერი იქნებაო, ალბათ ყველას გიჟი ეგონებოდა, თუმცა რეალობა სწორედ ასეთი გიჟურია. “მელიები” მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურებიან, ერთადერთი მარცხი აქვთ “არსენალთან” და გათამაშებას დამსახურებულად ლიდერობენ.

ბრწყინვალე ფორმაში არიან “მელიების” ლიდერები ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი. ინგლისელს 13 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, ხოლო ალჟირელს – 7.

კლაუდიო რანიერის კლუბის ბრწყინვალე თამაშს რასაკვირველია ვერაფერი დააკნინებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ “ლესტერს” ლიდერებთან თამაში თითქმის არ ჰქონია და უახლოეს ტურებში ძალიან რთული დაპირისპირებები ელის. “იუნაიტედთან” შეხვედრის შემდეგ “მელიების” მეტოქეები იქნებიან: “სუონსი” (გასვლა), “ჩელსი” (შინ), “ევერტონი” (გასვლა), “ლივერპული” (გასვლა), ”მანჩესტერ სიტი” (შინ), “ბორნმუთი” (შინ”) და ”ტოტენჰემი” (გასვლა). აღნიშნული მატჩების შემდეგ თუ “ლესტერი” კვლავ ზედა პოზიციებზე იქნება, მაშინ ამ კლუბის წარმატებები გასაკვირი ნამდვილად აღარ იქნება.

“ლესტერს” ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 28 გოლი აქვს გატანილი, თუმცა გაშვებულიც ბევრი აქვს – 20.

პრემიერლიგაში კარგად გამოიყურება “მანჩესტერ იუნაიტედი” და დღეს გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა, თუმცა “წითელი ეშმაკების” საქმეები ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვერ მიდის. მათ ოთხშაბათს შინ პსვ-ს ვერ მოუგეს და ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდებათ (პსვ-მ თუ შინ ცსკას მოუგო, “იუნაიტედმა” გასვლაზე “ვოლფსბურგს” უნდა აჯობოს).

თუ “ლესტერს” ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი პრემიერლიგაში, “იუნაიტედს” ყველაზე ცოტა, ცხრა ბურთი აქვს გაშვებული, რაშიც მათ კიპერს დავიდ დე ხეას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

მასპინძლებს ჯეიმსი ჰყავთ დაშავებული, ხოლო ლუის ვან გაალი ერერას, ჯონსს, კერიკს, შოუსა და ვალენსიას მოისაკლისებს.

გასულ სეზონში “კინგ პაუერ სთედიუმზე” ამ კლუბების დაპირისპირება “მელიების” გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ულოა, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, როხო, დარმიანი, შვაინშტაიგერი, შნეიდერლენი, მატა, რუნი, დეპაი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ცუდი კვირა ჰქონდა “მანჩესტერ სიტის”, რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო – პრემიერლიგაში “ლივერპულთან” განადგურებას, ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსთან” მარცხი მიაყოლა და ტურინულ კლუბს ჯგუფში ლიდერობა დაუთმო. ასე რომ, “ქალაქელები” ყველანაირად ეცდებიან “საუთჰემპტონთან” შინ გასამართ მატჩში სამი ქულის მოპოვებას და ცუდი სვლის შეწყვეტას.

მასპინძლებს მანგალა, კომპანი, ზაბალეტა, ჰარტი და ნასრი ჰყავთ ტრავმირებულნი. “წმინდანები” ამავე მიზეზის გამო ჯეი როდრიგესს, გარდოშსა და ფორსტერს მოისაკლისებენ, ხოლო გრაციანო პელე დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): კაბალიერო, დემიჩელისი, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდო, ტურე, ნავასი, დე ბრუინი, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბური, იოშიდა, ფონტე, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი, ვანიამა, კლასი, ტადიჩი, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: როჯერ ისტი

აღნიშნული მატჩების გარდა, კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება. ბოლოადგილოსანი “ასტონ ვილა” შინ “უოტფორდს” მიიღებს და საშინელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

“კრისტალ პალასი” საკუთარ კედლებში “ნიუკასლს” უმასპინძლებს. ამ მატჩში აღსანიშნავია იოჰან კაბაიეს და ალან პარდიუს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება.

“სანდერლენდი” შინ “სტოკს” დაუპირისპირდება, ხოლო “ბორნმუთი” - “ევერტონს”.

0.11395