ფეხბურთი

20:00 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი ტურის შემდეგ

უხვგოლიანი გამოდგა უმაღლესი ლიგის მეთერთეტე ტური. 35 გოლი, ანუ საშუალოდ თითქმის ოთხნახევარი გოლი თამაშში - მართლაც მაღალი შედეგიანობაა. ვიხილეთ ჰეთ-თრიქი, დუბლები და რაც მთავარია, ლამაზი გოლებიც.

თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარგ ფორმაში შევიდა და ასე თუ გააგრძელებს, ეროვნული ნაკრების კარსაც შეაღებს. ფოთის "კოლხეთთან" მისი გატანილი სამი გოლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ის ბურთი, მარცხნიდან ჩაწოდებულს ერთ შეხებაში რომ დაარტყა და ცხრიანში რომ შეაგდო.

დუბლი შეასრულა ჯაბა ჯიღაურმა და საერთოდ, დინამოელებმა კარგად ითამაშეს. 38 წლის ალექსანდრე იაშვილიც ფორმაში იყო და ნამდვილად ეკუთვნოდა ერთი გოლი: ეგაა, პენალტი ვერ გამოიყენა, კოლხების მეკარე კოკა სეფიაშვილმა აუღო.

ფოთელებს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდათ და ამჯერად ვეღარ გაუძლეს ლიდერს. მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაიტანეს, მაინც დიდი ანგარიშით წააგეს.

დიდი ანგარიშით მოიგო გორის "დილამაც", რომელიც "დინამოს" მდევარია. გორელებმა "საპოვნელასთან" უამრავი მომენტი შექმნეს და აქედან 5 გამოიყენეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ალბათ მაინც გიორგი ერისთავი იყო, რომელმაც გოლიც კარგი გაიტანა და აქტიურიც გახლდათ. კვლავ გაიტანა თავისი გოლი ოთარ მარცვალაძემ - 31 წლის თავდამსხმელი 10 გოლით საუკეთესო მეგოლეა ჩემპიონატისა.

ბოლნისის "სიონმა" ქუთაისის "ტორპედო" ცუდ დღეში ჩააგდო. 6:2 კომენტარს აღარ საჭიროებს და აღმოჩნდა, რომ ქუთათურების პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არ ყოფილა. გიორგი დარასელიასი არ იყოს, ვერც ალექსანდრ შტელინმა დააყენა გუნდი ფეხზე.

"სიონს" კი ქება ეკუთვნის, ვარლამ კილასონიას გუნდი სტაბილურია და შედეგიანიც. თანაც, არ დაგვავიწყდეს, თამაში მარაგში აქვთ და თუ "ზუგდიდს" მოუგებენ, მეორე ადგილზე გადავლენ. ვილი ისიანი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიული მანჯგალაძე და სხვები ბოლნისელ ქომაგებს ახარებენ.

"საბურთალომ" ცუდი სერია "მერანთან" 4:2 მოგებით შეწყვიტა. აგებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ხარაიშვილი. ჯერ მარტო ის 55-მეტრიანი სოლო-გარღვევა რად ღირს, რასაც დარტყმაც მიაყოლა. იმ მომენტში მეკარემ მოიგერია, მაგრამ გიორგი ფანცულაიამ დაამატა და გაიტანა. ფანცულაიამ დუბლი მიითვალა.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო თბილისის "ლოკომოტივმა" და ყოჩაღ, ესპანელ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსას. 3:0 "ზუგდიდთან", განსაკუთრებული მღელვარების გარეშე. "ლოკომოტივი" ცხრილის შუაგულს მიუახლოვდა.

გამოსარჩევი იყო "ჩიხურას" გამარჯვება სამტრედიაში. დენის დობროვოლსკის მძლავრი დარტყმით მოიგეს საჩხერელებმა - 0:1. შესაბამისად, სამტრედიელებმა მეხუთე ადგილზე ჩამოინაცვლეს, მეოთხეზე კი "ცხინვალი" გადავიდა, რომელმაც ლევან კაკუბავასა და ნიკა კაჭარავას გოლებით სტუმრად 2:1 აჯობა აუტსაიდერთა ზონაში მყოფ "გურიას".

აჭარული დერბი გამოდგა დაძაბული. ბათუმელებს ქობულეთის "შუქურასთან" სხვადასხვა მიზეზის გამო დააკლდათ მიხეილ ალავიძე, თეიმურაზ შონია, ბექა ჭკუასელი, გიორგი გაბედავა, გიორგი ბერიაშვილი, ნიკა მგელაძე და ირაკლი ჩირიკაშვილი. იტყვით, მინდორზე ვინღა დარჩაო. ამ დანაკლისის და ასევე, "შუქურას" ბოლოდროინდელი პროგრესის გამო, ფავორიტი სწორედ თემურ შალამბერიძის გუნდი იყო, თუმცა შეხვედრა 0:1 დასრულდა. საწყის წუთებში თამაზ მაქაცარიამ ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს და როგორც აღმოჩნდა, მომგებიანი გოლი გაიტანა.

სანაკრებო თამაშების გამო, საკმაო პაუზა იქნება ჩემპიონატში. მომდევნო ტური 21 და 22 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი, 14 ნოემბერს გადადებული მატჩი იქნება: "ზუგდიდი"-"სიონი".

“ლოკომოტივი” – “ზუგდიდი” 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ქანთარია (19), 2:0 ხიდეშელი (37), 3:0 გავაშელიშვილი (84)

"დინამო" (თბ) - "კოლხეთი" 5:2 (3:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (17), 2:0, 3:0 ქვილითაია (33, 43), 3:1 ზურაბ თევზაძე (51), 4:1 ჯიღაური (61), 5:1 ქვილითაია (66), 5:2 ჟიშკარიანი (86)

“შუქურა” - “დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მაქაცარია (15)

“საბურთალო” – “მერანი” 4:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბროლაძე (21), 1:1 საბანაძე (23), 2:1 გოშთელიანი (54), 3:1 ფანცულაია (73), 4:1 ფანცულაია (75), 4:2 ჯღამაია (89)

“საპოვნელა” – “დილა” 1:5 (0:3)

გოლები: 0:1 მოდებაძე (31, პენ), 0:2 მარცვალაძე (32), 0:3 ერისთავი (41), 0:4 ილურიძე (51), 1:4 ამბროლაძე (65), 1:5 მაშუკოვი (85)

“გურია” – “ცხინვალი” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 კაკუბავა (22), 0:2 კაჭარავა (31), 1:2 წილოსანი (84, პენ)

“სამტრედია” – “ჩიხურა” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 დობროლოვსკი (42)

“სიონი” – “ტორპედო” 6:2 (1:1)

გოლები: 1:0 ისიანი (2), 1:1 კაპანაძე (26), 2:1 მანჯგალაძე (49), 3:1 ისიანი (65), 4:1 ტატანაშვილი (76), 4:2 შინდაგორიძე (82), 5:2 უგულავა (87, პენ), 6:2 ვასაძე (90)

დინამო თბ 11 9 1 1 30 9 21 28
დილა 11 8 1 2 23 10 13 25
სიონი 10 7 2 1 22 9 13 23
ცხინვალი 11 7 1 3 25 16 9 22
სამტრედია 11 6 1 4 25 15 10 19
შუქურა 11 6 1 4 14 10 4 19
ჩიხურა 11 5 2 4 14 8 6 17
საბურთალო 11 5 1 5 16 18 -2 16
დინამო ბთ 11 4 4 3 19 13 6 16
კოლხეთი ფ 11 4 1 6 10 16 -6 13
ლოკომოტივი 11 4 1 6 16 17 -1 13
ტორპედო 11 3 3 5 14 21 -7 12
გურია 11 2 3 6 10 18 -8 9
საპოვნელა 11 2 2 7 9 25 -16 8
ზუგდიდი 10 1 2 7 10 29 -19 5
მერანი 11 1 0 10 9 32 -23 3

ბომბარდირები

10 - ოთარ მარცვალაძე (დილა)

9 - ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ)

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბთ), დიმიტრი ტატანაშვილი (სიონი)

6 - ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (სამტრედია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138903