ფეხბურთი

21:20 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ოცდაათამდე ავიდა

ფოთის “კოლხეთს” ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ თბილისის “დინამოსთან” წარმატებული სერია შეუწყდა. გია გეგუჩაძის გუნდმა დამაჯერებლად აჯობა ფოთელებს და 5:2 გაიმარჯვა. ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი ქვილითაიამ, ხოლო ორი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ფოთელებმა მხოლოდ დამამშვიდებელი გოლები მიითვალეს: ჯერ ზურაბ თევზაძემ 3:0-ზე შეაგდო, მერე კი თამაზ ჟიშკარიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გარდა ამისა, ალექსანდრე იაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა (ოთარ კიტეიშვილზე წესების დარღვევის გამო დაინიშნა) : ეს იმ დროს, როცა 2:0 იყო. იაშვილის დარტყმული მეკარე კოკა სეფიაშვილმა მოიგერია. ეს პირველი შემთხვევა არაა ამ სეზონში, როცა დინამოელები პენალტს ვერ იყენებენ. არადა, იაშვილმა კვლავ აქტიურად ითამაშა და ასაკის მიუხედავად, ამ სეზონში დიდი სარგებელი მოაქვს გუნდსითვის.

გოლებს რაც შეეხება, ჯიღაურმა პირველი ბურთი გიორგი გურულის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა და ასე გახსნა ანგარიში. ქვილითაიამ 33-ე წუთზე იაშვილის პასით გაზარდა სხვაობა, ხოლო ტაიმის ბოლოს ისევ ქვილითაიამ მოულოდნელი და ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

მეორე ტაიმში ზურაბ თევზაძემ მცირე ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას – 3:1 გახდა. თუმცა მალევე, ჯიღაურმა ჩახვეული დარტყმით შეაგდო და სამბურთიანი სხვაობა აღადგინა. რამდენიმ წუთში კი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, როცა კიტეიშვილის პასი გამოიყენა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა სხვაობა აღარ გაზრდილა. პირიქით, ფოთელებმა ბოლოს ჟიშკარიანის დარტყმით იხეირეს და 5:2. მანამდე კი ექს-დინამოელ ალექსანდრე კოშკაძეს არ გაუმართლა, როცა ბურთი ხარიხას მოარტყა.

ისე, დინამოელებმა მართლაც კარგი მატჩი ჩაატარეს, გეგუჩაძის გუნდს პროგრესი ეტყობა და ხშირ შემთხვევაში მეტოქეებს უძლურს ტოვებს. ასე მოხდა ფოთელებთანაც. “დინამომ” სეზონში გოლების რაოდენობა 30-მდე აიყვანა, საუკეთესო მეგოლე კი ქვილითაიაა, რომელსაც 9 გოლი აქვს აქტივში.

8 ნოემბერი. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”

“დინამო” (თბილისი) – “კოლხეთი” (ფოთი) 5:2

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, გიორგი გურული, პარუნაშვილი, ცინცაძე (ჭანტურიშვილი 66), ჯიღაური, კიტეიშვილი (არაბული 66), იაშვილი, ქვილითაია (ჯანელიძე 71)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

კოლხეთი: სეფიაშვილი, ლევან კაკულია (თედო კაკულია 46), ზურაბ თევზაძე, ლემონჯავა (ნიკა სიჭინავა 46), ჟიშკარიანი, გურეშიძე, გოგონაია, ჩაკვეტაძე, კოშკაძე, პოლულიახი, ქებურია (კვარაცხელია 67)

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 ჯიღაური (17), 2:0, 3:0 ქვილითაია (33, 43), 3:1 ზურაბ თევზაძე (51), 4:1 ჯიღაური (61), 5:1 ქვილითაია (66), 5:2 ჟიშკარიანი (86)

41-ე წუთზე იაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (32), გველსიანი (49), გოგონაია (52)

0.22657