ფეხბურთი

0:49 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეთერთმეტე ტურის წინ: აჭარული დერბი და სხვები

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურში ისე ხდება, რომ პირველ ექვსეულში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან. ანუ გამოკვეთილად რომელიმე მატჩზე ვერ იტყვი, ცენტრალური დაპირისპირებააო.

ტური ვაკეში, “ლოკომოტივი” – “ზუგდიდის” თამაშით გაიხსნება. თბილისელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწიეს, ხოლო “ზუგდიდი” ბოლოსწინა პოზიციაზეა. ამის გათვალისწინებით, ჟერარდ სარაგოსას გუნდი ფავორიტია, თუმცა სამი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავს, ტრავმირებულიც არ აკლია და ამდენად, ზუგდიდელებს ექნებათ შანსი.
კარგი თამაში უნდა გამოდგეს ქობულეთში, სადაც ზედიზედ ოთხ ტურში მომგები “შუქურა” ბათუმის “დინამოს” შეხვდება. აჭარულ დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდისთვის საშინაო სტადიონია “ჩელე არენა”, ასე რომ, სტუმარ-მასპინძელი ცოტა პირობითი ცნებაა. კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული, რომ ბათუმელები ქობულეთში თამაშობენ. როცა ბათუმში, ამხელა ქალაქში სტადიონი არაა, რაღაზეა საუბარი...
ლიდერი თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთს” დაუხვდება, რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და მშვენიერ ხასიათზეა. ვნახოთ, მოახდენს თუ არა სენსაციას გელა სანაიას გაწვრთნილი გუნდი. ან შესაძლოა, სენსაცია ზედმეტი ნათქვამია და სიტყვა “მოულოდნელობით” შევცვალოთ.
დინამოელთა მდევარი და მოქმედი ჩემპიონი “დილა” ქუთაისიდან ეცდება სამი ქულის წაღებას. იქ “საპოვნელა” დაუხვდება, რომელიც ბოლო ტურებში უკეთ გამოიყურება, ვიდრე სეზონის სტარტზე იყო. “დილასაც” სჩვევია წაფორხილებები, ასე რომ, მაინც დაძაბულ მატჩს ველით.
“სიონი”-“ტორპედო”: ბოლნისელები ცხრილში გაცილებით მაღლა არიან, ვიდრე ქუთაისელები, რომელთაგან ყოველ ტურში ელიან პროგრესს, თუმცა ეს გუნდს მაინცდამაინც არ ეტყობა. “ტორპედომ” თავისი თამაში ჯერ ვერ იპოვა, არადა, კარგი შემადგენლობა ჰყავს.
“საბურთალომ” ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ წააგო და ამჯერად ეცდება სიტუაციის გამოსწორებას, მითუმეტეს, მეტოქედ აუტსაიდერი “მერანი” ეყოლება. საბურთალოელების ჩავარდნის მიზეზები ცხადია: გუნდი ცალკე უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებოდა, ცალკე წამყვანი ფეხბურთელები აკლდა. ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს გია ჭიაბრიშვილს და გრძელ დისტანციაზე ჩავარდნის გარეშე ვერ ითამაშებს – სასწაულს ნუ მოვთხოვთ კლუბს.
“სამტრედია” ამ სეზონში “ჩიხურაზე” უკეთესი გუნდი ჩანს და ამჯერადაც შინ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს. გია ცეცაძის გუნდი ლიდერთა ჯგუფშია, “ჩიხურა” კი აშკარად ვეღარაა ისეთი, ევროტურნირებზე რომ გადიოდა ხოლმე.
რთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი მატჩი ლანჩხუთში გაიმართება, სადაც “გურია” “ცხინვალს” უმასპინძლებს. გურულები ცხრილის ქვედა ნაწილში, საშიშ ზონაში არიან და ქულების დაგროვება სჭირდებათ, თუმცა “ცხინვალთან” ეს იოლი არ იქნება: კახა კაჭარავას გაწვრთნილები ზედიზედ მეორედ ევროტურნირებზე გასვლაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან.
ჯერ მაინც ადრეა მიზნებზე საუბარი, რადგან არავინ იცის, რომელი გუნდი როგორ შეიცვლება ზამთრის შესვენებისას. როგორც წესი, ამ დროს გუნდების უმეტესობა თითქმის 80 პროცენტით ცვლის შემადგენლობას. არაა სტაბილური ფინანსური სიტუაცია და იმიტომ...


6 ნოემბერი. 20:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”
“ლოკომოტივი” (თბილისი) – “ზუგდიდი”
მსაჯი: ბ. ნინუა
დისკვალიფიკაცია: უბილავა, ქიქავა, კუპატაძე (ყველა – ლოკომოტივი)

7 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
“საპოვნელა” (თერჯოლა) – “დილა” (გორი)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: ბანძელაძე, მურადაშვილი (ორივე – საპოვნელა)

7 ნოემბერი. 14:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”
“შუქურა” (ქობულეთი) – “დინამო” (ბათუმი)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია
დისკვალიფიკაცია: ჩელებაძე (შუქურა)

7 ნოემბერი. 14:00. თბილისი. “ბენდელა”
“საბურთალო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი)
მსაჯი: ხ. გაგნიძე
დისკვალიფიკაცია: ციცხვაია (მერანი)

8 ნოემბერი. 14:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”
“სიონი” (ბოლნისი) – “ტორპედო” (ქუთაისი)
მსაჯი: ლ. კვარაცხელია

8 ნოემბერი. 14:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”
“სამტრედია” – “ჩიხურა” (საჩხერე)
მსაჯი: ლ. სილაგავა
დისკვალიფიკაცია: შერგელაშვილი (სამტრედია), თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა)

8 ნოემბერი. 14:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”
“გურია” (ლანჩხუთი) – “ცხინვალი”
მსაჯი: გ. ყრუაშვილი
დისკვალიფიკაცია: ნოზაძე (გურია); ბაჩიაშვილი, ზვიად ლობჯანიძე (ორივე – ცხინვალი)

8 ნოემბერი. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”
“დინამო” (თბილისი) – “კოლხეთი” (ფოთი)
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი
დისკვალიფიკაცია: გიგაური (კოლხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112044