საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე კიდევ 2 მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ, წარუმატებლად. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ გუნდს მეტოქეებად რუსული კლუბები - „ტრინტა“ და ცსკა ჰყავდა.
ქართველებმა დასანანი მარცხი იწვნიეს „ტრინტასთან“. მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და საბოლოოდ მოსკოველების 2-ქულიანი გამარჯვებით - 42:40 დასრულდა. არადა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე 12-ით მეტი მოხსნა მიითვალა, საჯარიმოებიც მეტი ჩააგდო და ორქულიანებიც. ერთადერთი, რაშიც ჩამორჩა, შორი სროლები იყო. რუსებმა 5 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 1 და წაგების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
საქართველოს ნაკრებში 10 ქულით ბომბარდირი გახდა ირაკლი სულხანიშვილი, თუმცა მან 7-დან 1 სამიანი ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტი გაუუფერულდა. ამ გამაერთიანებელ კომპონენტში საუკეთესონი ლაშა მიქელაძე (5 ქულა, 12 მოხსნა) და ჯაბა ლაზვიაშვილი (5 ქულა, 6 მოხსნა) იყვნენ.
დღის მეორე მატჩში ქორქიას გუნდი მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა და ცნობილ მეტოქეს პირველი მეოთხედის შემდეგ დამაჯერებლად - 12:4 უგებდა. ქართველებმა ვერ მოახერხეს წარმატებით თამაშის გაგრძელება და თამაში მომდევნო 2 პერიოდში წააგეს. მეორე მეოთხედი 6:17, ხოლო მესამე - 11:20 წააგეს და ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგა.
ამ მატჩშიც მთავარი მექულე სულხანიშვილი იყო 13 ქულით. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა მიითვალა. ლაშა მიქელაძის ანგარიშზე 8 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებს რიგაში 1 მოგების წილ 3 წაგება დაუგროვდა, ეტაპის ბოლო მატჩს კი დღეს, მოსკოვის დინამოსთან გამართავს.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია