კალათბურთი

1:10 | 24.10.2015 | ნანახია 770 - ჯერ

15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა მოგება-წაგებით დაიწყო

საქართველოს 2001 წელს დაბადებულ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაება. ლიგის მონაწილე 16 გუნდიდან 7-მა თავი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოიყარა, სადაც 22-25 ოქტომბერს პირველი ეტაპი გაიმართება.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული გუნდი რიგაში 5 მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრებმა გუშინ, 23 ოქტომბერს 2 შეხვედრა ჩაატარა და თითო მოგება-წაგება მიითვალა. ქართველები ჯერ ესტონურ „აუდიენტასს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 42:45 დამარცხდნენ.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ტალინელებმა მესამე მეოთხედის ბოლოსთვის მოპოვებული ლიდერობა შეინარჩუნეს. არადა, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ათწუთეული 15:9 მოიგო, თუმცა ამით ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულამდე შეამცირა. აღნიშნულ მატჩში ქართველთაგან 10 ქულით ბომბარდირი გახდა ირაკლი სულხანიშვილი, გიგი ტაბაღუამ კი 15 წუთში 2 ქულა, 2 ჩაჭრა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მეორე შეხვედრა ლატვიის დროით საღამოს 18:00 საათზე გაიმართა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გუნდის მეტოქე ადგილობრივი „რიგა“ იყო, რომელიც ქართველებმა დაძაბულ ბრძოლაში – 52:50 დაამარცხეს. ოთხივე პერიოდი თითქმის თანაბარი იყო, შესაბამისად, მატჩის ბედიც ბოლო წუთებზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გადაწყდა.

ქართველთაგან 19 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე, გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. 8-8 ქულა მიითვალეს მიხეილ ზურაბაშვილმა და რატი ანდრონიკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.

დღეს, ქართველები ორ რუსულ გუნდს – ცსკა-სა და „ტრინტას“ შეხვდებიან, რომლებმაც საქართველოს ნაკრების მსგავსად გუშინ თითო მოგება-წაგება მიითვალეს.

www.gbf.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 24.10.2015
rustavski (213)

ესეთი სუსტი ნაკრებია რო კლუბებს ვერ უგებენ მითუმეტეს ესტონურ კლუბს

0.095342