ფეხბურთი

20:29 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა ჟვანია: "არველაძეებს სამართლებრივად გავურკვევ საქმეს"

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალურ მდივანსა და სფფ-ის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ რევაზ არველაძეს დაუპირისპირდა. მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საკმაოდ ნერვიულ ფონზე ისაუბრა რევაზ არველაძეზე და მისი ძმებიც ახსენა.
ცნობისთვის, ჟვანია ერთი კვირის წინ გადადგა თანამდებობიდან და მის ნაცვლად თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ქორიძე დაინიშნა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ.
"ვალდებული ვარ, ვთქვა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ის მხარე, ვინც ცუდად ჩაატარა არჩევნები. რევაზ არველაძეს თავის ძმებიანად ვიწვევ დებატებში პირდაპირ ეთერში. რატომ წავედი? სინდის-ნამუსის გრძნობა გაეღვიძოთ რეზის და მის ძმებს. პირდაპირ ეთერში ვიწვევ და სამართლებრივად გავურკვევ მათ საქმეს" - ამბობს ვაჟა ჟვანია.
არჩილ არველაძემ თქვა, ჩემთვის გაუგებარია რა მოხდაო. "არ ვიცი, ვინ გაათავისუფლა ვაჟა ჟვანია. თქვას, ვინ აიძულა, ან თვითონ დაწერა თუ დააწერინეს. მე არ დამიძალებია და რა გითხრათ. თვითონ თქვას, რა არის ჩვენი ბრალი".
თენგიზ სულაქველიძე (ვეტერანი ფეხბურთელი): "თვითონ გადადგა. არჩეულია ვახტანგ ქორიძე და რატომ გადადგა, ეს არ დაუკონკრეტებია".
რევაზ ძოძუაშვილი (ვეტერანი ფეხბურთელი): "თვითონ თქვა, უკეთესი ვარიანტი გამომიჩნდაო და წავიდა. დიდ საქმეს უნდა მოვკიდო ხელიო. ვინმემ დააძალა წასვლაო, ასე არ ყოფილა".
ჟვანია ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებამდე არველაძეს უჭერდა მხარს და 3 ოქტომბერს, ყრილობის დაწყებამდე დელეგატ გეგა გობეჯიშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც იცით, ყრილობაზე ხმის მიცემა ფარული იყო და ლევან კობიაშვილმა არჩვენები 18:15 მოიგო, არადა 17:16-ს ელოდნენ. ვინ მისცა ის "ზედმეტი" ხმა კობიაშვილს? ბევრი ამბობდა, რომ ეს ჟვანია იყო, თუმცა ეს ფაქტების გარეშე.

0.129289