ფეხბურთი

17:35 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე:"ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან"

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ესპანეთთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა.

ჩივაძის თქმით, ნაკრებში ტრავმირებულების პრობლემაა. თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა "ფრაიბურგის" ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა. გარდა ამისა, ახლახან ჩამოვიდა ლაშა დვალი, რომლის გუნდსაც გუშინ თამაში ჰქონდა. გუშინ შეუერთდა ნაკრებს გიორგი აბურჯანია და დღეს პირველად ივარჯიშებს. გიორგი პაპუნაშვილი დაშავებულია. ასევე ტრავმა აწუხებთ გიორგი ხარაიშვილსა და მათე კვირკვიას. ოთარ კაკაბაძე კი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

ჰუფნაგელის ვერჩამოსვლა ჩივაძემ ასე ახსნა: ჰუფნაგელი ახალი გადასულია “ფრაიბურგში”. კლუბის ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ ამ ჯერზე მათ ინტერესს გაგებით მოვკიდებოდით. “ფრაიბურგი” შეკრებაზე მიდის და სურთ, რომ ჰუფნაგელიც წაიყვანონ, რათა უფრო გაუშინაურდეს კლუბს და კონდიციები გაიუმჯობესოს. გვითხრეს, ასე უფრო გამოგადგებათო. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები მქონია და ფეხბურთელი არ უნდა დაძაბო. მითუმეტეს, ჰუფნაგელმა თავად დაგვირეკა და გვითხრა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩამოსვლის და ამას შემდგომში მოახერხებს".

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს მომზადება რთულ პირობებში უწევს, რადგან დრო ცოტაა, ნაკრებს კი სრული შემადგენლობით დღემდე არ უვარჯიშია, რაც სერიოზული პრობლემაა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე უძლიერესი ესპანეთია.

ქართველ 21-წლამდელთა თავკაცის განცხადებით, მიუხედავად ესპანეთის ნაკრების სიძლიერისა, გუნდში საბრძოლო განწყობა სუფევს და ფეხბურთელები მინდორზე მოსაგებად გავლენ, მაგრამ სასურველი შედეგის მიღება რთული იქნება. ჩივაძემ ასევე აღნიშნა, რომ ესპანელებს მარცხენა მცველი და ნახევარმცველი ჰყავთ დაშავებული და ამის სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან.

ევროშესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის 7 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთები ოთხშაბათს, დილის 11:00 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

0.118343