კალათბურთი

16:02 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაველ გოოგე: “ბრძოლა ვისწავლეთ, მოგების ჯერია”

4 ოქტომბერს საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი თბილისის ვითა “ვთბ-ლიგაზე” პირველ მატჩს ვოლგოგრადის “კრასნიე კრილიასთან” ჩაატარებს, 8-ში კი ჩვენ დედაქალაქს საბჭოთა კავშირის მრავალგზის და რუსეთის უცვლელი ჩემპიონი ცსკა ეწვევა. ამ პაექრობებისთვის მზადება გადამწყვეტ სტადიაშია შესული, დანარჩენს კი ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.

პაველ გოოგე (ვითას მთავარი მწვრთნელი): “წინა შეხვედრისას გითხარით, რომ ვითა 40 პროცენტითაა მზად, სტამბოლის “ბეშიქთაშთან” ჩატარებული 2 ტესტ-მატჩის შემდეგ კი შემიძლია მოგახსენოთ, რომ დაახლოებით 15 პუნქტით წავიწიეთ წინ. ერთბაშად 2 დონის ასამაღლებლად გვიწევს მუშაობა. პირველი ფიზიკურ მზადყოფნას, ტაქტიკურ და ტექნიკურ განსწავლულობას მოიცავს. ამ მხრივ მდგომარეობა ცუდად ნამდვილად არ გვაქვს. მეორე დონე “ვთბ-ლიგის” სტანდარტის დაკმაყოფილება, აზროვნების სისწრაფის ზრდა, მოედანზე სინქრონული მოქმედებაა. ვფიქრობ, ამასაც დროულად მივაღწევთ. თანდათან დატვირთვას ვზრდით. ოპტიმალურ ფომაში შესასვლელად 3 კვირის მზადება გვაკლია. მესმის, რომ სასტარტო ეტაპისთვის საუკეთესო მზადყოფნაში ვერ ვიქნებით, მაგრამ კალათბურთი იმითაცაა სპორტის ბრწყინვალე სახეობა, რომ შესაფერისი ტაქტიკით და მონდომებით საკუთარი სისუსტეების დაძლევაა შესაძლებელი. პირველ პლანზე ტაქტიკური მომზადება უნდა გამოვიტანოთ, შემდეგ შეთამაშების დროც მოვა. ბიჭებმა ბრძოლა ისწავლეს. თავადაც ხომ იხილეთ, “ბეშიქთაშთან” 51 ქულიანი მარცხის შემდეგ მეორე დღეს ფსიქოლოგიურად როგორ განვეწყეთ. ახლა გამარჯვების სწავლის დროც დაგვიდგა.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ კონტინგენტთან მუშაობა. სიამოვნებას მანიჭებს ბიჭების საქმისადმი მიდგომა, სპორტული თავმოყვარეობა, მოტივირებულობა. ვითას წევრები კარგად აღზრდილი პიროვნებები არიან, მენდობიან, მე კი მათში საკალაბურთო ტალანტს და ზრდის პოტენციალს ვხედავ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის ეს საოცნებოა. ერთი სიტყვით, მათთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს.

4 ოქტომბრიდან “ვთბ-ლიგაში” ჩავებმებით, რომელშიც მეტოქეებად ძლიერი და მათზე უფრო ძლიერი კლუბები გვეყოლებიან. 2 პოზიცია კიდევ გასამაგრებელი გვაქვს, თუმცა ამჯერად თავს შევიკავებ ამ ამპლუათა დასახელებისგან, რადგანაც ამ პოზიციებზე მოთამაშეები გვყავს და არ მინდა ისე გაიგონ, თითქოს არ ვენდობი. NBA-ს ბანაკების დახურვის შემდეგ საბოლოოდ გავარკვევთ ახალწვეულთა ვინაობას.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვთქვამ სურვილს ვითას საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ჩართვის თაობაზე. ამით მოგებული დარჩება ყველა – გულშემატკივრები, მოთამაშეები, კლუბები. აიწევს სათამაშო დონე, გაიზრდება კონკურენცია, ამაღლდება ინტერესი. ამბობენ, ვითას ეროვნულ ჩემპიონატში ჩართვა დებულებას დაარღვევსო. სურვილის შემთხვევაში გამოსავლის პოვნა შესაძლებელია”.

მილოშ პავიჩევიჩი (ვითას მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “კლუბში სკაუტინგი და მოთამაშეთა ინდივიდუალური განვითარება მევალება. თბილისში ჩამოსვლამდე 5 წელი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში” ვმუშაობდი, შემდეგ 4 წელი რუსეთში ვიყავი – სარატოვის “ავტოდორში”, ყაზანის “”კაზანოჩკაში”, “ბკ სამარაში”. ვითას რაც შეეხება, გუნდში პერსპექტიული ქართველი და უცხოელი კალათბურთელებია თავმოყრილი. ბიჭები უმატებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური ასპექტით. ძნელი სათქმელია, გუნდი ფორმის პიკში როდის შევა, თუმცა, საამისოდ ენერგიას არ ვზოგავთ. პაველ გოოგესთან ერთად უწინ არ მიმუშავია, თუმცა ერთმანეთს ადვილად გავუგეთ, რადგან იდენტური საკალათბურთო ხედვა გვაქვს. მალე ძალიან ძლიერ ლიგაში ჩავებმებით, რაც მოთამაშეებს განვითარების საშუალებას მისცემს.

ბევრი მსმენოდა საქართველოზე და გაგონილს ნანახმა გადააჭარბა. ძალიან სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური ერი ხართ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, სამშობლო რომ გიყვართ. ქართველებსა და ჩემ მშობლიურ ხალხს, ჩერნოგორელებს საერთო ბევრი რამ გვაკავშირებს”.

პიერია ჰენრი (ვითას კალათბურთელი): “თბილისში ჩამოსვლითა და ვითაში ჩარიცხვით ჩემთვის ახალი საკალათბურთო პერსპექტივა გაიშალა. მჯერა ახალი პარტნიორების. მათგან და მთლიანად გუნდისგან მაღალ დონეზე თამაშს ველი. ბიჭებმა მეტად თბილად მიმიღეს. ისინი იუმორის გრძნობით არიან დაჯილდოებული, რაც პარტნიორებთან ყოველდღიურ ურთიერთობას მიადვილებს. კმაყოფილი ვარ მწვრთნელითაც. დამრიგებელი ზუსტად და გასაგებად გვიხსნის შესასრულებელ ამოცანას და ჩვენდამი მზრუნველობასაც იჩენს. ძალინ გვინდა მოგება და მაყურებლის გახარება. ჯერ თქვენი ქალაქი არ დამითვალიერებია, ხალხი და ამინდი კი ძალიან მომწონს – ორივე თბილია”.

მერაბ ბოქოლიშვილი (ვითას კალათბურთელი): “ვთბ-ლიგაში ჩართვით წინ დიდი პერსპექტივა გადაგვეშალა. ამ ტურნირში ჩატარებული 30 მატჩით მთლიანად გუნდიც და ცალკეული კალათბურთელები განვითარდებიან. ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება გვაკლია, მაგრამ თანდათან ამ ნაკლსაც აღმოვფხვრით. კმაყოფილი ვარ მთავარ მწვრთნელ გოოგესთან ურთიერთობით. მისი გამოცდილება, საკალათბურთო შეხედულება ჩემ უწინდელ დამრიგებელთაგან განსხვავებულია. მთავარია მას ვენდოთ და ვფიქრობ, სწორ გზაზე გავალთ. ამერიკელებს რაც შეეხება, საკოლეჯო კალათბურთი დაასრულეს და ევროპულს ახლა იწყებენ. ისინიც და ჩვენც ფორმის პიკზე მეორე წრის დასაწყისისთვის უნდა გავიდეთ. კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ პლეი ოფზე საუბარი რთულია. ერთიცაა, როდესაც შენზე ძლიერს ეპაექრები, აუცილებლად მოუმატებ და გაიზრდები. სუპერლიგაში გამთამაშებლად არასდროს მითამაშია, გოოგე კი ამ პოზიციაზე მცდის. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, რაც ჩვენი მწვრთნელის ირაკლი შიოშვილის დამსახურებაა”.

მოკლედ ირაკლი ჩლაიძესა და ლევან შენგელიასაც გავესაუბრეთ. ირაკლიმ გვითხრა, რომ ტრავმა მოიშუშა და 4 ოქტომბერს ითამაშებს, ლევანმა კი განგვიცხადა, ყოველთვის მოსაგებად გავდივარ მოედანზე და გამონაკლისი არც მომავალი ასპარეზობა იქნებაო.

P.S. დღეს დუდუ დადიანის მორიგი მემორიალის განრიგი და მონაწილეთა ვინაობა გაცხადდა. მშვენიერია, შეჯიბრებამ საერთაშორისო სტატუსი რომ მიიღო. ოღონდ ერთია გაუგებარი – რატომ დაამთხვიეს ორგანიზატორებმა ჯგუფის კალენდარული მატჩები “ვთბ-ლიგის” სასტარტო დღეს. მით უმეტეს, “ვთბ-ლიგის” კალენდარი ხომ ერთი თვის წინათაც ცნობილი იყო. არაფერი დაშავდებოდა, თუკი გუნდები 4 ოქტომბერს დაისვენებდნენ, ჯგუფების დასკვნითი ასპარეზობები 5 ოქტომბერს ჩატარდებოდა, გულშემატკივარს კი როგორც დადიანის მემორიალის, ასევე “ვთბ-ლიგის” მატჩის ხილვის საშუალება მიეცემოდა...

თეგებივითა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.212441