კალათბურთი

14:30 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ ზაგრების ტურნირზე სამივე მატჩი მოიგო

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ზაგრებ-არენაზე გამართული ტურნირი მოგებით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფის მატჩებს სწორედ ხსენებული სარბიელი მასპინძლობს, ამდენად, ხორვატებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს და საკმაოდ წარმატებითაც.

ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა ესტონეთის (66:63) და ბოსნია-ჰერცეგოვინის (97:79) დარად, ისრაელსაც სძლიეს, თუმცა, გამარჯვება იოლად არ მოსულა. მასპინძლები დასკვნითი მეოთხედის წინ 2 ქულით მარცხდებოდნენ და სიტუაციის გამოსწორება ბოლოსკენღა მოახერხეს – 86:76.

ხორვატებმა აქცენტი სამქულიანებზე გააკეთეს და არც შემცდარან. მათ მეტოქეზე ზუსტად 2-ჯერ მეტი შორეული ტყორცნა (12:6) გამოიყენეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

მასპინძელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს 5 კალათბურთელი ასცდა, საუკეთესონი კი დამიან რუდეზი და როკ სტიპჩევიჩი იყვნენ, რომელთაც 15-15 ქულა მიითვალეს. ისრაელის ნაკრებში გამორჩეული ომრი კასპი იყო, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ პერასოვიჩს შემადგენლობაში მხოლოდ 11 კალათბურთელი ჰყავდა, რისი მიზეზიც ბოიან ბოგდანოვიჩის ტრავმა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ”ბრუკლინ ნეთსის” კალათბურთელი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში დაშავდა და იძულებითი დასვენება მოუწია, თუმცა, როგორც თავად განაცხადა, ვარჯიშს რამდენიმე დღეში გააგრძელებს.

ისიც ვთქვათ, რომ ევრობასკეტის სტარტამდე (5 სექტემბერი) ხორვატებს საკონტროლო მატჩი დაგეგმილი აღარ აქვთ.

ხორვატია – ისრაელი 86:76 (18:17, 16:26, 24:17, 28:16)

ხორვატია: ტომიჩი (11 ქ. 7 მ.), რუდეზი (15 ქ. 3 მ.), სტიპჩევიჩი (15 ქ. 3 პ.), უკიჩი (12 ქ. 5 პ.), სიმონი (11 ქ. 5 მ.), საკიჩი, დრეიპერი (3 პ.), ზუბჩიჩი (3 ქ.), ბილანი (4 ქ.), ზორიჩი (8 ქ. 3 მ.), ჰეზონია (7 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114167