საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ერთ დღეში 2 გამარჯვება იზეიმა. ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც ტურნირი მოგება-წაგებით დაიწყო, მეორე დღეს ლატვიური და ფინური გუნდები დაამარცხა.
განსაკუთრებით დაძაბული და შესაბამისად ტკბილი იყო გამარჯვება ადგილობრივ “იეკაპილსთან“. ქართველები თავიდანვე ჩამორჩნენ და ბოლო მეოთხედამდე დიდი სხვაობით ადგებდნენ. ჩამორჩენა პერიოდულად 20 ქულასაც აღწევდა. საქართველოს ნაკრების წვრებმა შესანიშნავად ჩაატარეს შეხვედრის დასკვნითი პერიოდი და ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 71:71. დამატებით დროში უკვე ფსიქოლოგიური და შესაბამისად, სათამაშო უპირატესობა ქართველების მხარეს იყო და ტომარაძის გუნდმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 81:74.
დღის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო ფინური “კორი“, რომელთან პირველი პერიოდი ქართველებმა წააგეს, თუმცა შემდეგ ისე ათამაშდნენ, მეტოქე გაანადგურეს. ტომარაძის გუნდი დიდი შესვენებისთვის გალიდერდა და საბოლოოდ 30-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 69:39.
ვალმეირას ტურნირი 29 აგვისტოს დასრულდება.
www.gbf.ge