ფეხბურთი

21:18 | 22.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უდანაკარგო დებიუტანტი

ორი თამაში და ექვსი ქულა – ასეთ დებიუტს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. თბილისის “საბურთალოს” კი საქმე სანატრელად არ აქვს, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა საწყის ორ მატჩში სწორედ ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი.

თბილისურმა გუნდმა პირველ ტურში “ცხინვალი”, ამჯერად კი საჩხერის “ჩიხურა” დამსახურებულად დაამარცხა. მართალია “ბენდელას” სტადიონზე საუმაღლესლიგო ნათლობაში ლამაზი მატჩი ვერ ვიხილეთ, მაგრამ თუ ვინმე სამ ქულას იმსახურებდა დიდწილად “საბურთალო” გახლდათ.

მასპინძლებს ტერიტორიული უპირატესობა ორივე ტაიმის განმავლობაში ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. არადა, დუნე ტემპს, ამინდსა და გაუსაძლის სიცხეს ვერ დავაბრალებთ. თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ამინდი იყო...

პირველ ტაიმისთვის განკუთვნილი 45 წუთი გუნდებმა ბურთის აქეთ-იქით გორებაში გალიეს, თითქოს მეორე 45 წუთს ელოდებოდნენ...

მეორე 45 წუთს კი მხოლოდ “საბურთალო” ელოდა. ყოველშემთხვევაში თამაშის სცენარმა ასე აჩვენა. “ჩიხურას” მთელი თამაში ერთადერთი რეალური მომენტი შეექმნა და ისიც გიორგი ჯოხაძემ მატჩის ბოლო წუთზე ქარს გაატანა.

მანამდე კი გამარჯვების გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემის მერე მცველები და მეკარე ერთდროულად შეცდნენ და გურამ გოშთელიანს გატანის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდა.

“საბურთალო” უმაღლეს ლიგაში ორი ტურის შემდგომ ლიდერებს შორის დამსახურებულად გაერია...

“საბურთალო” – “ჩიხურა” 1:0 (0:0)

თბილისი, “ბენდელა”

“საბურთალო”: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, ფანცულაია (ბიძინაშვილი 66), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 77), კოხრეიძე (ნადარაია 54), ხარაიშვილი, გოშთელიანი, დვალი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“ჩიხურა”: კუპატაძე, გრიგალაშვილი, კუსიანი, მეგრელიშვილი, ჭანკოთაძე (კორიფაძე 73), კუჭუხიძე, დეკანოიძე (ჯოხაძე 55), ჭეჭელაშვილი (სარდალიშვილი 46), ჩიკვაიძე, დობროლოვსკი, კაშია

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლი: 1:0 გოშთელიანი (84)

გაფრთხილება: თოთაძე (54), ხარაიშვილი (90) – მეგრელიშვილი (89), გრიგალაშვილი (90)

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.424647