ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტური პრემიერლიგისთვის არასათამაშო დღეს – პარასკევს გაიხსენება. დიახ, აღნიშნული პირველობის პარასკევს გამართული შეხვედრა ძნელად თუ გაახსენდება ვინმეს. დღეს “ვილა პარკზე” ადგილობრივი “ასტონ ვილა” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
ბირმინგემელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და გასვლაზე დებიუტანტი “ბორნმუთი” ახალწვეულის რუდი გესტედის გოლით დაამარცხეს, რომელიც აღნიშნულ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა.
დღევანდელი მატჩში “ლომები” ახალ სეზონში პირველად წარსდგებიან საკუთარი გულშემატკივრების წინაშე და ორმაგად მოტივირებულნი იქნებიან, რათა მოახერხონ ძლიერი მეტოქის დამარცხება და გაახარონ ის ადამიანები, რომლებიც გასულ სეზონში საკუთარი ცუდი თამაშით გააწბილეს. მასპინძლებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ ოპონენტს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის თამაში ელის და ნაწილობრივ მასზეც იქნება კონცენტრირებული.
ტიმ შერვუდი ტრავმების გამო გრელიშს, ხილს, ოკორესა და გარდნერს მოისაკლისებს.
“იუნაიტედის” ბანაკში არეულობაა სატრანსფერო ამბების მხრივ. ჯერჯერობით კვლავ ბურუსითაა მოცული დავიდ დე ხეას მომავალი. ამის გამო, ლუის ვან გაალი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კიპერს მატჩებზე კონცენტრაცია გაუჭირდება და ზედიზედ მეორე მატჩია განაცხადში ვერ ხვდება. მის ნაცვლად, სტუმართა კარს ისევ სერხიო რომერო დაიცავს, რომელმაც წინა ტურში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე საკითხი, რაც გაურკვეველი ცენტრალური მცველის დამატების საკითხია. მთელი სატრანსფერო პერიოდის განმალობაში “იუნაიტედს” დიეგო გოდინის, ნიკოლას ოტამენდის, ჯონ სტოუნზის, მატს ჰუმელსისა და სერხიო რამოსის სახელებს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით “წითელი ეშმაკები” კვლავ ახალი ცენტრალური მცველის გარეშე არიან. მანჩესტერელებს გასულ კვირას ფილ ჯონსი დაეტვრათ, რამაც ისინი კიდევ უფრო გააქტიურა. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური კლუბი ოტამენდის გაფორმებასთან ახლოსაა. თუმცა, მსგავსი ჭორები მთელი ზაფხულია ისმის...
დე ხეასა და ჯონსის გარდა, “იუნაიტედს” მარუან ფელაინი დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია.
უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები:
04.04.15 მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 3:1
20.12.14 ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
29.03.14 მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 4:1
15.12.13 ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი 0:3
22.04.13 მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 3:0
სავარაუდო შემადგენლობები
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, რიჩარდსი, კლარკი, ბაკუნა, ამავი, ვესტვუდი, გაიე, ვერტუტი, აგბონლაჰორი, სინკლერი, გესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): რომერო, სმოლინგი, ბლინდი, შოუ, დარმიანი, კერიკი, შვაინშტაიგერი, მატა, იანგი, დეპაი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მსაჯი: მაიკლ დინი