საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ინტერნეტპორტალ sport.business-gazeta.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყაზანის “რუბინში” ლიდერობისთვის მზადაა.
-პირადად თქვენთვის სეზონი ჯერჯერობით უიღბლოდ რატომ მიმდინარეობს?
-სამივე მატჩში, რომლებიც წავაგეთ, მინიმუმ ფრედ შეგვეძლო დაგვემთავრებინა. გოლებს ბოლო წუთებზე ვუშვებდით. “სპარტაკთან” ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ეს ფეხბურთია. გასული სეზონის სტარტზეც სამი თამაში წავაგეთ, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავედით, არადა, მეოთხეს დაკავებაც შეგვეძლო.
-ლემოსზე რა აზრის ხართ?
-კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია. თავდაპირველად მისი სუსტი და ძლიერი მხარეები არ ვიცოდით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ურუგვაის ნაკრებში ითამაშა, რაღაცაზე მეტყველებს. ვარჯიშებზე ერთად ვიმუშავებთ და ვფიქრობ, “რუბინს” კარგი დაცვა ექნება.
-ადრე დაცვაში მითითებებს ნავასი იძლეოდა. ახლა ამას თქვენ გააკეთებთ?
-ვფიქრობ, მის მაგივრად ამის გაკეთება მომიწევს. მოედანზე ლიდერის როლისთვის მზად ვარ. ასეთ გუნდში სათამაშოდ მზად რომ არ ვიყო, მწვრთნელი არ მენდობოდა. თუმცა, ის მენდობა.
-“ამკართან” მატჩში შეცდომა როგორ დაუშვით?
-მსგავსი რამ ყველას შეიძლება შეემთხვას – ავტოგოლიც და წითელი ბარათიც. უბრალოდ, ასე მოხდა და ამის შესახებ მწვრთნელს ვესაუბრე. წითელი ბარათის მიღება ჩემი ბრალია და უფრო თავშეკავებული უნდა ვიყო. ემოციებს არ უნდა ავყვე და მესმის, რომ გუნდი დავაღალატე. შევეცდები სწორი დასკვნები გავაკეთო.