ფეხბურთი

11:18 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდება



მაშ ასე, დადგა 8 აგვისტო და თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულებს კვლავ შეეძლებათ ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ყურება. დღეს თბილისის დროით 15:45 წუთზე პრემიერლიგის 2015/2016 წლების გახსნითი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგება, სადაც ტურის ცენტრალურ მატჩში ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს.

15:45 მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი

გასული სეზონის მსგავსად, ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ისევ “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. ერთი წლის წინ ლუის ვან გაალს უიღბლო დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაში და “სუონსისთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა (1:2).

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “იუნაიტედმა” არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და ჰოლანდიელი სპეციალისტი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავს. ამისთვის კი, კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს “წითელი ეშმაკების” მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება იქნება.

მასპინძლებს შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები აქვთ. ვან გაალის გადაწყვეტილებით სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა დავიდ დე ხეა, რომლის მომავალი კვლავაც ბურუსითაა მოცული. განაცხადში არაა არც ვიქტორ ვალდესი, რომელიც დასჯილია და ახალგაზრდულ გუნდშია გამწესებულია. დღეს “მანჩესტერის” კარს სემ ჯონსტოუნი, სერხიო რომერო ან ანდერს ლინდეგაარდი დაიცავს. როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, დღეს ძირითადში ყოფნის ყველაზე დიდი შანსი 22 წლის მეკარეს სემ ჯონსტოუნს აქვს, რომელმაც სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა.

დავიდ დე ხეას გარდა, მასპინძლები სამ მოთამაშეს მოისაკლისებენ. მარკოს როხო და ბასტიან შვაინშტაიგერი ყველაზე გვიან დაბრუნდნენ შვებულებიდან და ვან გაალის თქმით, სასურველ ფორმაში არ არიან, ხოლო მარუან ფელაინის წინა სეზონიდან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოჰყვა.

დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება ლონდონის “ტოტენჰემი”. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბმა დაცვის ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად იზრუნა და სამი უკანახაზელი დაიმატა: კევინ ვიმერი, ტობი ალდერვეირელდი და კირან ტრიპიერი. “დეზებში” დაბრუნდა აარონ ლენონი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი “ევერტონში” ჩაატარა იჯარით.

მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით მოახლოებულ შეხვედრას დიდი იმედით ხვდება და საკუთარი შეგირდების სჯერა. მან ისიც დაამატა, რომ საბოლოო შემადგენლობა ჯერჯერობით მოფიქრებული არ აქვს და სასტარტო თერთემეტეული მხოლოდ მატჩის წინ ეცოდინება.

სტუმართა მხრიდან საეჭვოა რობერტო სოლდადოსა და ანდროს თაუნსენდის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1):
ჯონსტოუნი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ, დარმიანი, კერიკი, შნეიდერლენი, დეპაი, მატა, იანგი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ბენტალები, მეისონი, ლამელა, ერიკსენი, ჩადლი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: ჯონათან მოსი

18:00 ბორნმუთი – ასტონ ვილა

პრემიერლიგის დებიუტანტმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ იაქტიურა და ისეთი ცნობილი მოთამაშეები დაიმატა, როგორებიც არიან: არტურ ბორუცი, სილვაინ დისტინი, კრისტიან ატსუ და მაქს გრადელი. სავარაუდოდ, დღეს ატსუს გარდა, სამივე ახალწვეულს ძირითადში ვიხილავთ. ედი ჰოუს ჰარი არტერის გარდა, ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავს.

“ასტონ ვილა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ორ ლიდერს: კრისტიან ბენტეკესა და ფაბიან დელფს შეელია, თუმცა შევსებაც კარგი მიიღო. ბირმინგემებმა ფრანგულ ბაზარზე იაქტიურეს და ამავი, ვერტუტი, გაიე და აიუ დაიმატეს. მათ გარდა, კლუბმა სინკლერი, რიჩარდი, კრესპო და გესტედი გაიფორმა. რისი მაქნისია ტიმ შერვუდის კრებული ბოლო წლების ლიდერების გარეშე, დღეს უკეთ გამოჩნდება. “ლომები” გარდნერს, ოკორესა და გრელიშს მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორნმუთი (4-4-2):
ბორუცი, ელპჰიკი, დისტინი, ფრანკისი, მინგსი, სურმანი, გოსლინგი, რიტჩი, გრადელი, ტომლინი, უილსონი.
მწვრთნელი: ედი ჰოუ

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ამავი, ჰატონი, გაიე, ვესტვუდი, სინკლერი, ბაკუნა, კოზაკი, ჯ.აიუ.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

18:00 ნორვიჩი – კრისტალ პალასი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ “იადონები” პრემიერლიგას უბრუნდებიან და ყველანარად ეცდებიან, რომ საკუთარი გულშემატკივრები გამარჯვებით გაახარონ. რობი ბრედი, ანდრე უისდომი, ჯეკ კინი, იუსუფ მულუმბუ და გრემ დორანსი – ასეთია “ნორვიჩის” ახალწვეულთა სია.

სხვა გუნდების ფონზე, “ნორვიჩის” ახალწვეულთა გვარები ძალიან მოკრძალებულად ფიგურირებს და თუ თვის ბოლომდე რამდენიმე კვალიფიციური კადრი არ დაიმატეს, პრემიერლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ. ალან ბოუკეტი ტრავმების გამო ლაფერტის, ოლსონსა და მულუმბუს მოისაკლისებს.

ალან პარდიუს მოსვლის შემდგომ, გასულ სეზონის მეორე ნახევარი “კრისტალ პალასმა” ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და “არწივებს” წელს კიდევ უფრო მეტის ამბიცია გააჩნიათ. ლონდონელებმა საკოს, ბემფორდის, კაბაიეს, ვიკჰემისა და მაკკარტის დამატება მოახერხეს და არცერთი ლიდერი არ გაუშვიათ, რაც მათ ამბიციურობაზე მეტყველებს. დღევანდელ მატჩში სტუმრებს კემპბელი, შამახი, ბოლასი, სპერონი და აპია არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ნორვიჩი (4-4-1-1):
რუდი, მარტინი, ბასონგი, უისდომი, ბრედი, ტეტი, ჰაუსონი, რედმონდი, ჯონსონი, ჰულაჰანი, ჟერომი.
მწვრთნელი: ალან ბოუკეტი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მაკკარტი, დანი, დელანი, იარდი, კელი, ლედლი, მაკარტური, ზაჰა, კაბაიე, პანჩონი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მსაჯი: სიმონ ჰუპერი

18:00 ლესტერი – სანდერლენდი


გასული სეზონის უკანასკნელი ნაწილი “ლესტერმა” საოცრად ჩაატარა, ურთულესი სიტუაციიდან გასავარდნ ზონას თავი დააღწია და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ, კლუბში ბევრი ცვლილება მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაიჯელ პირსონი კლაუდიო რანიერიმ შეცვალა. ასევე წავიდნენ ვეტერანი ფეხბურთელები: მეთიუ აპსონი, პოლ კონჩესკი და ესტებან კამბიასო. სანაცვლოდ, “მელიებმა” შინჯი ოკაზაკი, კანტე, ფუქსი და ჰუტი დაიმატეს. მათი მიზანი წელსაც უძლიერესთა შორის დარჩენა იქნება. რანიერის დღევანდელ მატჩში ტრავმირებული ჯეიმსის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“სანდერლენდის” ხელმძღვანელობამ დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა და დიკ ადვოკაატი დარჩენაზე დაიყოლია, რომელმაც გასულ სეზონში “შავი კატები” პრემიერლიგიდან გავარდნისგან იხსნა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა და ისეთი მოთამაშეები შეიძინა, როგორებიც არიან: იუნეს ქაბული, ჯერმეინ ლენსი და იან მ’ვილა. ვარაუდობენ, რომ ადვოკაატს საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლება. სტუმრებს ხორდი გომესი ჰყავთ დაშავებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი (4-4-2):
შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, დე ლაეტი, შლუპი, დრინკვოთერი, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ვარდი, ოკაზაკი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ოში, ქაბული, მატეუსი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, როდუელი, ლარსონი, ლენსი, ჯონსონი, დეფო.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

მსაჯი: ლი მეისონი

18:00 ევერტონი – უოტფორდი

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ინგლისურ კლუბთაგან ერთ-ერთი ყველაზე პასიური “ევერტონია”. მერსისაიდელებმა დეულოფეუ, ჰემენი და კლევერლი დაიმატეს, რაც სულ 4.4 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. “კანფეტებს” არც წამყვანი მოთამაშეები გაუშვიათ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ გასული სეზონი ჩააგდეს და შემადგენლობა მეტად გადახალისებას საჭიროებდა. მასპინძლებს ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავთ: მაკგიდი, გიბსონი, ჰიბერტი, ბეშიჩი, პიენაარი, დეულოფეუ, ლუკაკუ. ასევე საეჭვოა მირალაშისა და სტოუნზის თამაში.

დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურა “უოტფორდმა” და არაერთი ძლიერი მოთამაშე დაიმატა. იმის გათვალისწინებითაც, რომ “ევერტონს” უამრავი მოთამაშე აკლია, სტუმრებს წარმატებული სტარტის მშვენიერი შანსი აქვთ. ისინი მხოლოდ ეკსტრენდსა და დოილის მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ევერტონი (4-2-3-1):
ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბერი, მაკარტური, კლევერლი, ბარკლი, მირალაში, კონე.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

უოტფორდი (4-3-1-2):
გომეში, ანგელა, კეტკარტი, ბრიტოსი, ჰოლებასი, აბდი, ბეჰრამი, კაპუ, ფორესტიერი, ვიდრა, დინი.
მწვრთნელი: კოკე სანჩეს ფლორესი

მსაჯი: მაიკლ ჯონსი

20:30 ჩელსი – სუონსი

სეზონის წინა მოსამზადებელი პერიოდი “ჩელსიმ” არადამაჯერებლად ჩაატარა. ლონდონელებმა “ფიორენტინასთან” და “ნიუ იორ რედ ბულსთან” წააგეს, პსჟ-სა და “ბარსელონას” პენალტების სერიაში სძლიეს, ხოლო “სიდნეისა” და ტაილანდის ვარსკვლავებს მხოლოდ 1:0 მოუგეს. “არისტოკრატებმა” სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა გასულ კვირას ინგლისის სუპერთასზე ჩაატარეს და ლონდონის “არსენალთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. ლონდონელები დღევანდელ შეხვედრას იმ შემადგენლობით ჩაატარებენ, რომელსაც მოურინიო გასულ სეზონში ეყრდნობოდა. ორივე ახალწვეული ასმირ ბეგოვიჩი და რადამელ ფალკაო თადარიგში იქნებიან. მასპინძლებს ტრავმირებული მოთამაშე არ ჰყავთ.

მიმდინარე სეზონში სამპატიური გუნდი უნდა იყოს “სუონსი”, რომელმაც რამდენიმე კარგი შენაძენი გააკეთა, რომელთაგან გამოსაყოფი ანდრე აიუს ტრანსფერია. გარი მონკს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და “სტემფორდ ბრიჯზე” ომისთვის მზადაა.

აღსანიშნავია, რომ კლუბების ბოლო 5 დაპირისპირება “ჩელსის” გამარჯვებით დასრულდა. მათი ბოლო შეხვედრა “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსის” განადგურებით 0:5 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1):
კურტუა, აზპლიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი, ნოუტონი, კი, კორკი, ა.აიუ, შელვი, რუტლიჯი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117959