ფეხბურთი

12:29 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

20-საათიანი მარათონი დასრულდა – ევროპის სუპერთასის ბილეთები გაიყიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 11 აგვისტოს თბილისში უეფას ევროპის სუპერთასზე “ბარსელონასა” და “სევილიას” მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაასრულა.

22089 ბილეთის რეალიცაზია კვირა დილას 08:50 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალურად დამონტაჟებულ სალაროებში დაიწყო და ორშაბათ დილას დაახლოებით 05:25 საათზე დასრულდა. გულშემატკივრები ვაკის პარკიდან 50-50 კაციანი ჯგუფებით ამოდიოდნენ და პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებთან ჩერდებოდნენ, საიდანაც მცირე ჯგუფებით სალაროების ტერიტორიაზე ხვდებოდნენ.

ბილეთები 12 სალაროში იყიდებოდა და გულშემატკივრებს 12 მოლარე ემსახურებოდათ, რომელთაც კიდევ ოთხი ეხმარებოდა. მათგან 14 გოგონა იყო, ხოლო 2 ბიჭი. აღსანიშნავია, რომ ყველა სალაროში ვიდეოკამერები დაამონტაჟეს, ხოლო მოლარეებს ჩანთები და პირადი ნივთები ჩამოართვეს.

სალაროებში ფანჯარასთან ახლოს მონიტორები დაამონტაჟეს, რომ თითოეულ გულშემატკივარს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” მაკეტზე სასურველი სექტორი, რიგი და ადგილი შეერჩია.

გაყიდვაში 18-ლარიანი, 35-ლარიანი და 75-ლარიანი ბილეთები იყო. ეკრანზე 75-ლარიანი ბილეთები სტაფილოსფერით იყო აღიშნული, 35-ლარიანი მწვანეთი, ხოლო 18-ლარიანი ყვითლით. ერთი ID ბარათის მფლობელი მაქსიმუმ 4 ბილეთს იძენდა და გამონაკლისი არავისთვის დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ ამის არაერთი მცდელობა იყო. სასურველი ბილეთის შერჩევისას, მოლარე მას პრინტერით ბეჭდავდა. სუპერთასის შეხვედრაზე მისულ ქომაგს ID ბარათი აღარ დასჭირდება და ბილეთზე დატანილ შტრიხკოდს “დინამო არენაზე” დამონტაჟებულ ტურნიკენტს დაადებს, რის შემდეგ სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვდება.

ბოლოს იმ ჯგუფების გათვალისწინებით, რომლებიც სალაროების ტერიტორიასთან მოსული იყვნენ, ჯერ სამ-სამი ბილეთი გაიცა, შემდეგ ორ-ორი და უკანასკნელ შვიდ კაცს თითო ბილეთი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს სხვა ქომაგისთვის სოლიდარობის გამოხატვა არ სურდა და მეტ ბილეთს ითხოვდა.

სალაროების გარე პერიმეტრზე წესრიგს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ, ხოლო უშუალოდ სალაროებთან – დაცვის სამსახური და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები.

ნაშუადღევს ბილეთების რეალიზაცია მცირე ხნით შეფერხდა, რადგან სალაროებში დენი გაითიშა და მუშაობა დიზელ გენერატორის დახმარებით გაგრძელდა.

ბილეთების შეძენაში გულშემატკივრებს სფფ-ს ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავათი და გენერალურ მდივან რეზო არველაძეთი დაწყებული, ხსენებული ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელი ეხმარებოდა, რომელთაც დილამდე თავისი ადგილიდან ფეხი არ მოუცვლიათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ დახმარება დროული იყო, რადგან ბევრმა საერთოდ არ იცოდა, სტადიონს დასავლეთ, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნები სად აქვს. ზოგი ბილეთს რომ ყიდულობდა მოლარეს სთხოვდა ის ადგილები მომეცი, საიდანაც ფეხბურთელები გამოდიანო.

მონიტორინგს ქალაქ თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” წარმომადგენელი ზვიად დევდარიანი და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ს ჟურნალისტი ანხორციელებდნენ.

წესით ბილეთები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე უნდა გაყიდულიყო, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ქომაგების ინტერესი გაითვალისწინა და ბილეთების რეალიზაცია მათ საბოლოო ამოწურვამდე გადაწყვიტა.

სალაროს გვერდის ავლით არცერთი ბილეთი გაყიდულა. არც ფედერაციის თანამშრომლებს, არც სტიუარდებსა და არც მონიტორინგის წევრებს ბილეთები არ შეუძენიათ.

უშუალოდ სალაროების ტერიტორიაზე არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. ერთადერთი, ფედერაციის წარმომადგენლები, სტიუარდები თუ მოლარეები გულშემატკივრებს მოუწოდებდნენ, რომ სასურველი ბილეთი დროზე შეერჩიათ, რათა ვინც გარეთ ელოდებოდათ მათი ინტერესი გაეთვალისწინებინათ. სხვათა შორის, ზოგიერთმა ნახევარი საათის განმავლობაში ვერ გადაწყვიტა რომელი ბილეთი ეყიდა და ასეთების არგუმენტი იყო: “რა ვქნა მელოდონ, მე სამი დღეა ვაკის პარკში ვათენებო”. მსგავსი შემთხვევები რომ არ ყოფილიყო, ბილეთების გაყიდვა უფრო ადრე დასრულდებოდა.

რამდენიმეჯერ ბილეთების შემძენს თანხა დააკლდა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაეხმარათ. კარგად გაართვეს არცთუ იოლ სამუშაოს თავი მოლარეებმა, რომლებმაც ფაქტობრივად 20 საათი შეუსვენებლად იმუშავეს. მცირე ტექნიკური შეფერხებებიც იყო უშუალოდ ბილეთების პროგრამის მუშაობისას, რომელსაც ფედერაციის IT სამსახურის წარმომადგენლები ასწორებდნენ.

ბილეთები უშუალოდ მონიტორინგის ჯგუფის წევრების წინ გაიხსნა და მოლარეებს დაურიგდათ, ხოლო გაყიდვის დასრულების შემდეგ, ამავე ჯგუფის ორმა წევრმა დევდარიანმა და worldsport.ge-ს ჟურნალისტმა, რომლებიც დანიშნულების ადგილზე პროცესის დასრულებამდე იმყოფებოდნენ, სალაროები უშუალოდ შეამოწმეს, რათა სადმე შემთხვევით ბილეთი არ დარჩენილიყო.

ბილეთების გაყიდვის დასრულების მერე, ის გულშემატკივრები, ვისაც “ბარსელონა” _”სევილიას” მატჩზე მოხვედრა წილად არ ხვდა და უკმაყოფილო დარჩა, ფეხბურთის ფედერაციასთან მივიდა და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავდა, მათ შორის გინებითაც.

0.11233