ფეხბურთი

20:42 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კაკუბავა გულშემატკივრებს: "გელით სტადიონზე"
"ცხინვალი" - "ბოტოშანის" თამაშზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

2 ივლისს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს" ევროსარბიელზე დებიუტი ჰქონდა. კახა კაჭარავას გუნდმა რუმინეთში ადგილობრივ "ბოტოშანთან" ბოლომდე იბრძოლა და სამშობლოში მისაღები შედეგით (1:1) დაბრუნდა. ახლა კი ისინი 9 ივლისს, "მიხეილ მესხზე" მომდევნო ეტაპის საგზურის გაფორმებას ეცდებიან.

"მსოფლიო სპორტი" "ცხინვალის ახალწვეულ მცველ ლევან კაკუბავას დაუკავშირდა, რომელიც ცხინვალელებს "სამტრედიადან" შეუერთდა. 24 წლის ფეხბურთელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის დროზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უთამაშია. მისი თქმით, სტუმრად ნათამაშები ფრე კარგი შედეგია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. კაკუბავამ ყურადღება გულშემატკივრის ფაქტორზე გაამახვილა და მათ სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. თანაც, ბილეთებიდან შემოსული თანხა ხომ 13 ივნისის სტიქიით დაზარებულთა ფონდში გადაირიცხება...

- როგორ შეაფასებდით "ბოტოშანთან" გამართულ მატჩს?

- აშკარად ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. მთელმა თამაშმა მათი უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ ეს მოულოდნელი არც იყო, რადგან ჩვენ კონტრშეტევაზე გვქონდა აგებული თამაში, რაზეც თითქმის 3 კვირა ვემზადებოდით. ჩვენმა თავდადებამ და მოედანზე ბოლომდე დახარჯვამ შედეგი გამოიღო.

- "ბოტოშანი" და ქართული გუნდების დონე რომ შეადარო...

- ჩემი აზრით, "ბოტოშანი" საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა. დიდი პოტენციალი აქვთ და საკმაოდ ჯანიანი ფეხბურთელები ჰყავთ. ასე რომ, მგონია, ჩვენ ჩემპიონატში აუტსაიდერებში ნამდვილად არ იქნებოდნენ.

- რამდენად შეუძლია "ცხინვალს" საპასუხო თამაშში წარმატების მიღწევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა?

- ჩვენ მეტოქესთან შედარებით სახლის უპირატესობა გვაქვს. მეორე თამაში წინაა და უფრო შევისწავლით მათ სათამაშო სტილს. მეორე შეხვედრაში მიზნის მისაღწევად უფრო მეტად აგრესიული შეტევა, ორთაბრძოლების მოგება და სწრაფი თამაში გვჭირდება.

- "ცხინვალს" ცოტა ხნის წინ შეუერთდით. გუნდს ადვილად შეეწყვეთ?

- "ცხინვალში" მოთამაშე ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ჩემთვის უცხო არაა და აქედან გამომდინარე, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ.

- განმეორებითი თამაშის წინ გულშემატკივარს რას ეტყოდით?

- რუმინეთში მასპინძელი გუნდის ასეთი აგრესიული თამაში გულშემატკივრებმა გამოიწვიეს. მთელი 90 წუთი ქომაგობდნენ თავიანთ გუნდს და ეს ძალიან სასიამოვნოა... იგივეს ვურჩევ არამარტო "ცხინვალის", არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. მობრძანდნენ 9 ივლისს სტადიონზე და შეძლებისდაგვარად დაგვიდგნენ მხარში. მითუფრო, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების ფონდში გადაირიცხება. ჩემს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ ამ თამაშში.

- და ბოლოს, ორივე გუნდის შანსს როგორ შეაფასებდით?

- ვფიქრობ, შანსი მაინც თანაბარია, 50%-50%-ზე. ეს ფეხბურთია და არავინ იცის, წინასწარ რა მოხდება. გასვლითი თამაშის ანგარიშს ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში არაფერი შეუცვლია და ყველაფერი თბილისში გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115939