ფეხბურთი

18:54 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი წლის შემდეგ... იგივე პრობლემა!
პრემიერმინისტრმა ინციდენტის გამოძიება შსს-ს დაავალა

თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია და გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ და აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი მეზობელი ქვეყნის სიმბოლიკას ქართველებმა შეუარაცხყოფა მიაყენეს. შეხვედრის დროს “დინამო არენას” მეორე იარუსზე ბანერი გადმოიკიდა, სადაც ეწერა: “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი”. ეს ბანერი უმალვე მოხსნა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა.

ერთი წლის წინ, ბაქოშიც მოხდა ინციდენტი ქართველ და აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს შორის. ამჯერად კი საქართველოში განმეორდა მსგავსი ფაქტი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ინციდენტის გამო და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოძიება დაავალა.

“შეშფოთებული ვარ თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანის „გაბალას“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით” - ნათქვამის პრემიერმინისტრის განცხადებაში.

“მსოფლიო სპორტი” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, როგორც განგვიმარტეს, სტადიონს მიღმა დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და შსს-სთვის ძალადობის ფაქტის შესახებ არავის უცნობებია. ბანერების და დროშის გათელვის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

თბილისის “დინამომ” მომხდარი ოფიციალური განცხადებით დაგმო და განმარტა, რომ “დინამოს” ფანკლუბის “გლადიატორების” წევრებს სტადიონის გარეთ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ.

“ფეისბუქში” “ქართველი ულტრასების” გვერდმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რამდენიმე გულშემატკივარი “გაბალას” ბანერებს ფეხით თელავს. ეს ფოტოები როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში სწრაფად გავრცელდა. მეზობელი ქვეყნის მედია აქტიურად საუბრობს ამ ფოტოებზე და ამით აზერბაიჯანელი ხალხის აგრესია უფრო იზრდება.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ქართული მხარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ფედერაციას და “დინამოს” კი გულშემატკივრების საქციელის გამო რეაგირებისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანული მედიამ ისიც აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ს ოფიციალური წერილით მიმართა, რაც ქართული მხარის პრესსამსახურმა უარყო.

ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა არც ერთ მხარეს დადებით შედეგს არ მოუტანს. ამიტომ, მომხდარი დროულად და დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული და ორივე მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

0.124837