ვასილ მაისურაძემ საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან “მსოფლიო სპორტთან” განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი თავად გადადგა, რადგან “ლოკომოტივისა” და 19-წლამდელების თავკაცობის შეთავსება რთული იქნებოდა. მითუმეტეს, რომ 19-წლამდელებს შემოდგომაზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი ელით. შეგეხსენებთ, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლოკომოტივი” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ამ სპეციალისტმა დააბრუნა.
მაისურაძე “ლოკომოტივში” დარჩა და კლუბში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერი იქნება. ის პირველ გუნდს არ ჩამოშორებია და კურატორობას პარალელურად როგორც დუბლშემადგენლობას, ასევე, “ლოკომოტივის” აკადემიას გაუწევს.
მაისურაძეს “ლოკომოტივში” გიორგი დევდარიანი შეცვლის, რომელიც ყოფილ მთავარ მწვრთნელს გასულ სეზონში ეხმარებოდა.