ძიუდო

21:45 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანატრი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილისგან (+VIDEO)

ევროპის პირველი თამაშების დასრულებამდე 2 დღით ადრე საქართველომ ოქროს ანგარიში გახსნა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ავიდა. მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში მიმდინარე შეჯიბრებაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონეთის ნაკრების წევრი ევგენი სალეევი და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა ისე ჩამოიშორა, საჭიდაოდ განკუთვნილი 5 წუთის სრულად გამოყენება ერთხელაც არ დასჭირვებია. ფინალში კი რუს ივან ნიფონტოვს შეხვდა და შიდოს უპირატესობით აჯობა.

დღესვე, ევროპის თამაშების ფინალში 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილიც გავიდა, მაგრამ უმაღლეს ტიტულამდე ებრაელი საგი მუკის ძლევა დააკლდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე ტატალაშვილმა ფრანგი ფლორენ ურანი, სერბი ლიუბისა კოვაჩევიჩი და სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ჩამოიშორა.

ევროკონკურენციაში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ესტერ სტამი და ნინო ოძელაშვილიც (ორივე 70 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ტურნირზე გამოსვლა ოთხივემ დილის პროგრამაში დაასრულა.

შავდათუაშვილი ფრანგ პიერ დუპრასთან საფინალო გონგამდე 2 წამით ადრე გაშვებული იუკოთი დამარცხდა. იქამდე ორივე ძიუდოისტს ორ-ორი შიდო ჰქონდა მიღებული.

უშანგი მარგიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და სლოვაკ მატუს მილიჩოვსკის შუა შეხვედრაში იუკო აუღო. საფინალო გონგამდე რამდენიმე წამით ადრე კი შებოჭა. მერვედფინალში გერმანიის ნაკრების წევრ ალექსანდერ ვიეჟერზაკს დაუპირისპირდა და მტკივნეული ილეთით წააგო.

ესტერ სტამმაც ერთი ეტაპი გაიარა – იტალიელ ჯულია კანტონის უილეთო ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით გასცდა. მერვედფინალში კი ბრიტანელ სალი კონვეისთან იუკოთი ჩამორჩა, მერე გაათანაბრა და ბოლოს მტკივნეულით წააგო.

ნინო ოძელაშვილმა ევროპის თამაშები ბელგიელ ლოლა მანსურთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა.

ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი საქმეში ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან.

ძიუდო

ევროპის თამაშები

ბაქო

25 ივნისი

კაცები

60 კგ

1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)

66 კგ

1 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

2 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

3 სებასტიან საიდლი (გერმანია)

ქალები

48 კგ

1 შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

2 ებრუ შაჰინი (თურქეთი)

3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

52 კგ

1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

2 ანაბელ ორანი (საფრანგეთი)

3 მარინ კრაე (გერმანია)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

57 კგ

1 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)

2 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)

3 ნორა გჟაკოვა (კოსოვო)

3 მირიამ როპერი (გერმანია)

26 ივნისი

კაცები

73 კგ

1 საგი მუკი (ისრაელი)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

3 ალექსანდერ ვიეჟერზაკი (გერმანია)

ქალები

63 კგ

1 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

2 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

3 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

3 იარდენ გერბი (ისრაელი)

70 კგ

1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

2 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)

3 ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)

3 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.408229