საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, სფფ-ს დღევანდელ ხელმძღვანელობას საჯაროდ აკრიტიკებს. კობიაშვილი მურთაზ დაუშვილისა და ჯაბა კანკავას ირგვლივ მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში და მათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს ბოდიში მოუხადონ და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი გააჩნიათ", - წერს ლევან კობიაშვილი თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.