ფეხბურთი

17:46 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებს ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილი უკავია”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლევან კობიაშვილი ბერლინის “ჰერტას” აკადემიაში მუშაობას თავს ანებებს და სამშობლოში ბრუნდება, რათა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.

“დიახ, გადავწყვიტე. ჩემს მშობლიურ თბილისში საარჩევნო კამპანიისთვის ვბრუნდები. მსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გავხდე. მინდა ჩემს ქვეყანას დავეხმარო. გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებს ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილი უკავია. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ ბევრი რამ ისე არ გაკეთებულა, როგორც საჭიროა. ბევრი საქმეა. სტრუქტურები უნდა შეიცვალოს. რეფორმებია გასატარებელი. ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა გასანვითარებელია. ყველა ძალისხმევა უფრო დემოკრატიული უნდა იყოს” – განაცხადა კობიაშვილმა ინტერნეტპორტალ bz-berlin.de-სთან საუბარში.

კობიაშვილის მიზანი მხოლოდ არჩევნების მოგება არაა, მას სურს, რომ ვითარება რეალურად შეცვალოს:

“ჩემს გუნდთან ერთად მართლაც “ცხელი” ზაფხული მელის. ჩვენ კარგად მოვემზადეთ. არის სიგნალები ფეხბურთელებიდან, სპონსორებიდან, მთავრობის წევრებიდან, რომლებმაც დახმარება შემოგვთავაზეს. არჩევნების მხოლოდ მოგება სამხიარულო არაა. მსურს, რომ ყველას სხვაობა ვაჩვენო”.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კობიაშვილი “ჰერტაში” მუშაობდა, სადაც ქართველის თქმით ბევრი რამ ისწავლა:

“ჩემი პროფესიონალური კარიერის პარალელურად, დაუსწრებლად სპორტული მენეჯმენტის კურსები დავამთავრე. “ჰერტას” ოფისსა და კლუბის საფეხბურთო აკადემიის სხვადასხვა განყოფილებებში ბევრი რამ ვისწავლე. ამისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნები”.

კობიაშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდება, მაგრამ მისი ოჯახი ბერლინს სულ არ მოწყდება:

“არჩევნებს თუ მოვიგებ, ჩემი ოჯახი მომავალ წელს თბილისში ჩამოვა. თუმცა, ოჯახის წევრების ნაწილი ბერლინში იქნება, რადგან ჩემი 16 წლის შვილი სკოლაში ამ ქალაქში დადის. დაბრუნება ნებისმიერ შემთხვევაში მომიწევს. თუ არჩევნებში დავმარცხდი, ბერლინი ჩემი ცხოვრების ცენტრად დარჩება”.

1998-2014 წლებში, კობიაშვილი “ფრაიბურგში”, “შალკესა” და “ჰერტაში” გამოდიოდა. მან გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 351 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ხსენებულ ლიგაში უცხოელებს შორის მეორეა.

კობიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100-ჯერ უთამაშია, რაც ქართველი ფეხბურთელებისთვის რეკორდია.

0.141608