ფეხბურთი

16:14 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: “შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებას არ ვაპირებ”

“ცხინვალის” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გუნდში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს და მეტწილად იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებმაც გასულ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი მოიპოვეს.

- “ცხინვალი” როდის შეიკრიბა და სად ვარჯიშობთ?

- გუნდი 4 ივნისს შეიკრიბა და აქამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვვარჯიშობდით. 16 ივნისიდან “ბომონდ გარდენში” დავბინავდებით და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ “ზესტაფონის” ბაზაზე ვივარჯიშებთ.

- გუნდის შემადგენლობაში რა ცვლილებაა?

- ლაშა შინდაგორიძე თავისი სურვილით წავიდა. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ადგილზეა და ვარჯიშობს. “სამტრედიადან” ლევან კაკუბავა დაგვიბრუნდა, ბოლნისის “სიონიდან” ზვიად ლობჯანიძე დავიმატეთ. გამოცდილ დავით ბოლქვაძეს სიტყვიერად შეუთანხმდით და კონტრაქტსაც გავაფორმებთ.

- მცველი გია გრიგალავა და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი კვლავ “ცხინვალში” ვარჯიშობენ?

- გრიგალავა და მერებაშვილი ჩვენთან ვარჯიშობენ. ორივე საქართველოს ნაკრების კანდიდატია და ვარჯიშზე უარი როგორ უნდა ვუთხრა? პირიქით, ვალდებული ვარ, რომ ვისაც ფეხბურთის თამაში სურს ხელი შევუწყო. რა თქმა უნდა, გრიგალავას და “მერებას” მსგავსი პროფესიონალების გუნდში ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ ამის ფუფუნება არ გვაქვს. მათ იმიტომ არ ვავარჯიშებ, რომ მაინცდამაინც მე გამომადგნენ, არამედ, მომავალი ჰქონდეთ და საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ.

- კლუბში როგორი ფინანსური მდგომარეობაა?

- მსურს, მთავრობის ყველა წევრს “ცხინვალისთვის” გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. მთავარია, რომ გუნდი არსებობას არ შეწყვეტს და ევროთასებზე იასპარეზებს.

ჩვენ რა ბიუჯეტიც გვექნება, ისეთ გუნდს ჩამოვაყალიბებთ. ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ მთავრობა რადგან დაგვეხმარა ფული ორ თვეში გავფლანგოთ. გუნდში 10000 ლარი ხელფასი ნამდვილად არავის ექნება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სხვა გუნდში ხელფასი 10 ლარი იქნება, ჩვენთან - ორლარნახევარი.

ჩემს ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი, რომ იმ ხელფასით, რაც ჰქონდათ ევროთასების საგზური მოიპოვეს. ისინი მეტ ანაზღაურებას იმსახურებენ და როგორც მწვრთნელი ვალდებული ვარ დავეხმარო. პირადად, საშუალება რომ მქონდეს მათთვის ნამდვილად არ დავიშურებდი.

- ამხანაგური მატჩები თუ დაგეგმეთ?

- 18 ივნისს სომხეთის “შირაქთან” უნდა გვეთამაშა, მაგრამ მომხდარი ტრაგედიის გამო ამხანაგური მატჩი გადავდეთ. ჩვენი კლუბის სახელით მსურს ყველა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. 23 ივნისს ერევანში გავემგზავრებით და 24 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას სომხეთის ჩემპიონ “პიუნიკთან” გავმართავთ. 26-ში თბილისში დავბრუნდებით.

- უცხოეთში შეკრებაზე წასვლას ვერ ახერხებთ?

- კარგი იქნებოდა რომ წავსულიყავით, მაგრამ ეს 6 ან 7 ივნისს უნდა გაგვეკეთებინა. ახლა უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან ივლისის დასაწყისში ევროპის ლიგაზე პირველი მატჩი გვაქვს. უცხოეთში მხოლოდ იმიტომ წავიდე, რომ შეკრება “დაერქვას” და ფული გადავყაროთ აზრი არ აქვს. 22 ივნისს კენჭისყრაა და თუ პირველი მატჩის სახლში ჩატარება მოგვიწევს, მაშინ “ბომონდ გარდენში” შეკრებას ერევნიდან ჩამოსვლის შემდეგაც გავაგრძელებთ.

- ევროპის ლიგაზე “ცხინვალის” მიზანი რაა?

- რომ ვთქვა, გასული სეზონის დასაწყისში ევროთასებზე თამაში დავგემეთ მეთქი, ტყუილი იქნება. პირველი წრის შემდეგ ვთქვი, რომ ევროტურნირზე გასვლის შანსი გვქონდა. რა თქმა უნდა, ევროთასებზე რაც წინ წავიწევთ, ჩვენთვის გამოცდილების მისაღებადაც უკეთესია და ფინანსურადაც.

შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებას არ ვაპირებ. 6-თვიანი გუნდის გაკეთება არ მსურს. ევროთასებზე ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ითამაშებენ და გამოცდილებას მიიღებენ, რომ მომავალში ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. ცხადია, გამოცდილ პროფესიონალებზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მაქსიმუმ ერთ-ორ კაცზე. “ცხინვალის” იმ ახალგაზრდებს, ვინც გუნდი ევროთასებზე გაიყვანეს, ფეხბურთის თამაში სურდათ და წარმატებას მიაღწიეს.

0.104188