რაგბი

0:34 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლაში მოგებას მეტი ფასი აქვს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც “თბილისის თასზე” მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს, მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაი მძიმე ბრძოლაში 19:10 დაამარცხა.

ბრძოლა რომ ბოლო წუთამდე იქნებოდა, ადვილად პროგნოზირებადი იყო. უბრალოდ, საქართველომ ისე დაიწყო თამაში, რომ გულშემატკივარი იოლად მოგებისთვის გაემზადა, მაგრამ სამხრეთელებმა იბრძოლეს და ამ ბრძოლაში აკრძალულ ილეთებსაც არ მოერიდნენ. პროვოკაციები - ეს ყოფილა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ურუგვაის ნაკრების არსენალში. 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ურუგვაელთა პროვოკაციებმა იოსებ კიკვაძე ტურნირის ბოლომდე, ხოლო ბადრი ალხაზაშვილი ერთი თამაშით დაგვაკარგვინა. ახლა პროვოკაციებს სამი “ბორჯღალოსანი” შეეწირა და შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო, მაგრამ ბიჭებმა ემოციები მოთოკეს და მეტოქეს პასუხი თამაშით გასცეს.

თამაშში კი ეპიზოდებში ხელი იტალიელმა რეფერიმაც შეგვიშალა, რომელსაც თუნდაც იმ პროვოკაციების მომენტები მასპინძელთა სასარგებლოდ ნამდვილად არ განუსჯია. ის ცდილობდა შანსი მიეცა ურუგვაისთვის და მისი ასეთი მზრუნველობა ურუგვაელთა მიმართ სიმპატიაზე მეტად, იტალიელთა და ქართველთა სარეიტინგო დაპირისპირებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. მაგრამ საქართველომ აქაც გაძლო და სასურველი სხვაობით ვერა, მაგრამ ურუგვაის დამარცხება მაინც მოახერხა.

კონკრეტულად ამ თამაშის შედეგი და ზოგადად ტურნირის მოგება რა თქმა უნდა სახარბიელო საქმეა, მაგრამ უფრო მეტად მწვრთნელებს და რაგბის გულშემატკივრებსაც დებიუტანტების და მთლიანობაში გადახალისებული გუნდის თამაშის ხარისხი აინტერესებდათ. ეპიზოდურად და განსაკუთრებით ტაიმების დასაწყისში, ქართველებს ყველაფერი გამოსდიოდათ - ფაზებიც იკინძებოდა და ხაზიც იტვირთებოდა, მაგრამ მერე შეცდომები თავს იჩენდა და თამაშიც ბრძოლას ემსგავსებოდა. უნდივიდუალურად, დებიუტანტთაგან განსაკუთრებით კარგად გიორგი ფრუიძე გაისარჯა და ეს ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა.

“შერკინების დებიუტანტმა მოთამაშეებმა მშვენივრად გაართვეს თავი ამოცანას, შესანიშნავად ჩაერთო თამაშში გორგაძე. სხვებს სათამაშოდ მაინცდამაინც დიდი დრო არ ჰქონდათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გიორგი ფრუიძე, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ის სამი წელია ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოიაზრება, მაგრამ შანსი მხოლოდ დღეს მიიღო და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა” - კმაყოფილებას ვერ მალავდა მილტონ ჰეიგი.

ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც წელიწადნახევრიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მოედანს ცოტა ხნის “მზარდი საქართველოს” შემადგენლობაში დაუბრუნდა და იქ ჩატარებული დაახლოებით 90 წუთი აშკარად დაეტყო. მან დღეს ბევრად უკეთ ითამაშა და რაც მნიშვნელოვანია, დალაგდა ქართველთა დერეფანი. ეს იყო სტატიკური ფაზა, სადაც ქართველები უპირობოდ ბატონობდნენ. შერკინებაში “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა ასეთი თვალსაჩინო არ იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდმა 30 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა და ყველა ჯერზე ყვითელი ბარათი მორკინალმა მიიღო.

კარგად იმუშავა საქართველოს ნაკრების მეორე და მესამე ხაზმა. ლევან დათუნაშვილი და კოტე მიქაუტაძე დაუღალავად შრომობდნენ, ლაშა ლომიძემ და ბექა ბიწაძემ კი, დარტყმებით მეტოქეები გააწამეს და დაცვაშიც მაგრად გაისარჯნენ. ბევრი იშრომა დებიუტანტმა საბა შუბითიძემ, რომელიც განსაკუთრებით საიმედო დაცვაში იყო და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია. კარგად იმუშავა გიორგი ბეგაძე - ლაშა მალაღურაძის დუეტმა და ხაზის მოთამაშეებმა, მაგრამ იყო ტექნიკური წუნიც, რამაც შეხვედრას დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა.

ანგარიშის გახსნის პირველი შანსი სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ორმაეჩეამ ცენტრიდან ბურთი კარამდე ვერ მიაწვდინა. საქართველომ მძლავრი პასუხი გასცა: მე-7 წუთზე გიორგი აფციაურმა ფეხით დაკიდებული ბურთი მეტოქეს ცხვირწინ ააცალა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, მარცხენა ფლანგზე ბექა წიკალური გაიჭრა და ფეხით ითამაშა, მეტოქისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი ბეგაძეს მიუვიდა და საბა შუბითიძეს დაარტყმევინა, რაქიდან იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა და მერაბ შარიქაძემ კოტე მიქაუტაძე ლელოში მარჯვნიდან შეუშვა. აქ ურუგვაიმ პირველი პროვოკაცია სცადა, მაგრამ კოტე ორმეაჩეას არ აჰყვა. წიკლაურმა გარდასახვა შეასრულა და მე-7 წუთზე ანგარიში 7:0 გახდა.

“ბორჯღალოსნები” კიდევ უფრო ამოქმედდნენ და მე-12 წუთზე წიკლაურმა კარის წინ 30 მეტრიდან ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ორმაეჩეამ მალევე ჯარიმა გაქვითა. ტაიმის შუაში წიკლაურს ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი, რეფერიმ ნიკა ხატიაშვილი უხეში ბოჭვისთვის დააჯარიმა და სინბინში გაუშვა. ნაკლულმა საქართველომ მეტოქის იერიში მოიგერია, მერე ურუგვაის შერკინებაში აჯობა და თამაშიც მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, მაგრამ 30-ე წუთზე ურუგვაიმ შერკინებიდან შეგვიტია, ორმაეჩეამ ბურთი სანტიაგო ჟივერნოს გაატანა, რომელმაც წიკლაურთან პირისპირ დარჩენილმა ფეხით ითამაშა და ლელოსკენ მიყვა. მას ლაშა ლომიძე წამოეწია და მაშინ შებოჭა, როდესაც უბურთოდ იყო, რის გამოც რეფერიმ საჯარიმო ლელოთი დაგვსაჯა და ლომიძეს ყვითელი ბარათი აჩვენა. ორმაეჩეამ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა.

ორ წუთში მოედანს ხატიაშვილი დაუბრუნდა და ერთი კაცით ნაკლულმა საქართველომ მაინც ლელოზე თამაში ირჩია. ლელო არ შედგა, სამაგიეროდ, მეტოქე დაჯარიმდა და წიკლაურმა 22-იდან ზუსტად დაარტყა. შესვენებამდე მას კიდევ ერთხელ მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო აგრესიულად გავიდა და საწყის წუთებში ორჯერ გაშალა ბურთი,მაგრამ ჯერ აფციაურს და მერე წიკლაურს ის წინ დაუვარდათ. 51-ე წუთზე ბიწაძემ შეუტია კარგად და ოფლოუდი ლომიძემ გაუხერხა, რომელიც უკვე 5-მეტრში შებოჭეს და ამჯერად ოფლოუდი შუბითიძეს უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ურუგვაი ლელოს გადარჩა. ამ შეტევას ჯარიმა და ხორხე სერვინოს სინბინი მოყვა, საქართველომ ლელოზე ითამაშა, მაგრამ არც ამ ეპიზოდში გამოვიდა რამე და ვერც მეტობის გამოყენება მოხერხდა.

ურუგველები პროვოკაციებით ლომიძის თამაშიდან გამოთიშვას ცდილობდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, მერე შეცვლაზე შესულ გიორგი ჩხაიძე “წამოიკიდეს”, რომელმაც ხურდა დააბრუნა და სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა საქართველომ ამჯერადაც შეძლო ქულის აღება - წიკლაურმა 22 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მალე მან 40 მეტრიდან მიიღო შანსი, მაგრამ ამჯერად დარტყმა არაზუსტი იყო. ამას ქართველთა შეცდომა მოყვა, გუნდი რამდენიმე წამით აირია და ასპროცენტიანი ლელოსგან დაცვაში თავდაუზოგავმა თამაშმა გვიხსნა. რადგან დრო ცოტა რჩებოდა და გარისკვა არ ივარგებდა, დარტყმის უფლებამალაღურაძემ გადაიბარა და 43 მეტრიდან ბურთი ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, მან 78-ე წუთზე დარტყმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმაც 19:10 იმარჯვა.

პრესკონფერენცია

სანტიაგო ვილასეკა (ურუგვაის ნაკრების კაპიტანი): “ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით დაცვაში და ბევრი ჯარიმა ავიღეთ.მეორე ტაიმში მათ გამოსწორებას ვეცადეთ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ”.

პაბლო ლემუანი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რამდენიმე სულელური შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, თამაშის შემდეგ ბიჭები შევაქე, რადგან რთული თამაში მაინც კარგად ჩაატარეს. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობდა. გარკვეულწილად, დაცვაში ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მოწინააღმდეგემაც დაიმსახურა ის ჯარიმები, რომლებიც ავიღეთ. შეტევებს კარგად ვიწყებდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზებში არაფერი გამოგვდიოდა”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტად აგრესიულები ყოფილიყვნენ უბურთოდ თამაშისას და ტექნიკურები, როდესაც ბურთი გვექნებოდა. მგონი ეს გამოვიდა კიდეც. ამ თამაშისთვის უკეთ მოსამზადებლად დრო საკმარისი არ გვქონდა და შეცდომებიც ამან განაპირობა. პროცესი გრძელდება და ვეცდებით შემდეგი თამაში უკეთ ჩავატაროთ”.

ლევან დათუნაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ველოდით, რომ მოწინააღმდეგე ასეთ აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებდა. ურუგვაი თბილისში შეთამაშებული ჩამოვიდა, მაგრამ დერეფანში რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. შერკინებაში თავიდან ვერ დავდექით, მაგრამ როცა საჭირო იყო აქაც ვიმძლავრეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მოედანზე 13 კაცი რომ დავრჩით, ერთი სანტიმეტრიც არ დავთმეთ.მეტოქე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ლელოს გატანის შანსი და მეტი ხიფათი არც შეუქმნია. მე დღეს პირველად ვიყავი “ბორჯღალოსნების” კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე. ჯერ მარტო ის, რომ ამ მაისურს მოირგებ, უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, სულაც არა აქვს მნიშვნელობა პირველად თამაშობ თუ 60 კეპი გაქვს დაგროვილი.ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ახალბედებს, რომლებმაც ამ გამარჯვებაში ყველაფერი ჩადეს და ვეცდებით მომავალ შეხვედრაში უფრო მეტი გავაკეთოთ”.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 17 ივნისს, 19 საათზე, “მზარდი იტალიის” წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც პირველ მატჩში “მზარდმა ირლანდიამ” 25:0 აჯობა და 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

თბილისის თასი 2015. I რაუნდი

13 ივნისი

მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია 0:25

საქართველო - ურუგვაი 19:10 (13:10)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. რეზო გიგაური (23. თამაზ მჭედლიძე 63), 12. მერაბ შარიქაძე (22. გიორგი ტალახაძე 79), 11. გიორგი ფრუიძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 63); 1. გიორგი თეთრაშვილი (17. არჩილ ბეჟიაშვილი 60), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. გიორგი თედორაძე 79), 3. ნიკა ხატიაშვილი (18. ირაკლი მირცხულავა 71), 4. ლევან დათუნაშვილი (კაპ.), 5. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ჩხაიძე 54), 6. საბა შუბითიძე (მირცხულავა 25-31; 20. ბექა გორგაძე 60), 7. ლაშა ლომიძე, 8. ბექა ბიწაძე.

1 ლელო: მიქაუტაძე

1 გარდასახვა: წიკლაური

4 ჯარიმა: წიკლაური (3), მალაღურაძე

3 სინბინი: ხატიაშვილი (21), ლომიძე (31), ჩხაიძე (60)

ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. ლეანდრო ლეივასი (23. ხერონიმო ეჩევერი 53), 13. ხოაკინ პრადა, 12. ალბერტო რომანი, 11. სანტიაგო ჟივერნო, 10. მანუელ ბლენხიო (22. ალეხო დურანი 71), 9. აგუსტინ ორმეაჩეა; 1. ალეხო კორალი (18. მატეო სანგინეტი 63), 2. ნიკოლას კლაპენბახი (16. ხერმან კესლერი 47), 3. მარიო საგარიო (17. კარლოს არვოლეჟა 47), 4. სანტიაგო ვილასეკა (კაპ.), 5. ხორხე სერვინო (19. მატიას პალომეკე 73), 6. მატიას ბიერი (21. მატიას ბრაუნი 73), 7. ფერნანდო ბასკუ (20. დიეგო მანიო 53), 8. ხუან გამინარა.

1 ლელო: საჯარიმო

1 გარდასახვა: ორმეაჩეა

1 სინბინი: სერვინო (51)

რეფერი: მარიუს მიტრეა (იტა)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე

1 მზარდი ირლანდია 1 1 0 0 25-0 5
2 საქართველო 1 1 0 0 19-10 4
3 ურუგვაი 1 0 0 1 10-19 0
4 მზარდი იტალია 1 0 0 1 0-25 0

17 ივნისი. II რაუნდი

მზარდი ირლანდია - ურუგვაი

საქართველო - მზარდი იტალია

0.158121