ჭადრაკი

22:19 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონი ჟუკოვა გახდა, ბაციაშვილმა ვერცხლის მედალთან ერთად ვაჟთა შორის დიდოსტატობაც მოიპოვა

დასრულდა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის რიგით მე-16 ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ, კონკრეტულად კი დაბა ჩაქვმა უმასპინძლა. ჩემპიონატში, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა, 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა.

9.5 ქულით პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის წოდება უკრაინელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნატალია ჟუკოვამ მოიპოვა, რომელიც აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. შეიძლება ითქვას, რომ ჟუკოვამ პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. უკრაინელმა დიდოსტატმა ბოლო ტურებში უშუალო კონკურენტები დაამარცხა. მათ შორის მეორე ადგილზე გასული ნინო ბაციაშვილი, რომელიც ჩემპიონატს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა.

ოქროს მედალთან ახლოს იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდურში მსოფლიო ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბოლოსწინა ტურში ჟუკოვასთან წააგო, თუმცა ბოლო ტურში მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და მეორე ადგილზე გავიდა. მართალია, ბაციაშვილი ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ მეორე ადგილი ინდივიდუალურ ჭადრაკში მისთვის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ვერცხლის მედალთან ერთად ბაციაშვილმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია - ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა. ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი გახდა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე მირანდა მიქაძე, ხოლო ალექსანდრა ვახანიამ და მერი ჟორჟოლიანმა საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი შეასრულეს.

სამწუხაროდ, ქართველი მოჭადრაკეებისათვის ოცნებად რჩება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მოგება. ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატება სალომე მელიას აქვს მოპოვებული, რომელიც 2013-14 წლებში შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. თითო ბრინჯაოს მედალი კი მაია ჩიბურდანიძეს (2000 წელი) და ქეთევან არახამიას (2001) აქვთ მოპოვებული.

ჩაქვში, ბაციაშვილის გარდა, ქართველი მოჭადრაკეებიდან თავი ვერავინ გამოიჩინა. ნინოს გარდა პირველ ათეულში მხოლოდ მელია მოხვდა, რომელიც მერვე ადგილით დაკმაყოფილდა. დანარჩენები კი ათეულს მიღმა დარჩნენ.

ტურნირზე პრიზის სახით დაწესებული 60 000 ევრო პირველ 20 ადგილზე გასულ სპორტსმენებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - 11 000 ; II ადგილი - 9 000 ; III ადგილი - 7 000 ; IV ადგილი - 5 500; V ადგილი - 4 000; VI ადგილი -3 000 ; VII ადგილი - 2 500; VIII ადგილი - 2 250; IX ადგილი - 2 000 ; X ადგილი - 1 750; XI ადგილი - 1 600; XII ადგილი - 1 500; XIII ადგილი - 1 400; XIV ადგილი - 1 300 ; XV ადგილი - 1 200; XVI - XX ადგილი - 1 000 ...

ჩემპიონატის საბოლოო შედეგები:

I ადგილი - ნატალია ჟოკოვა (უკრაინა;2456) – 9,5 ქულა

II ადგილი - ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2473) – 9 ქულა

III ადგილი - ალინა კაშინსკაია (რუსეთი; 2423) – 8 ქულა

IV ადგილი - ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2458) – 7,5 ქულა

V ადგილი - მარინა გუსევა (რუსეთი; 2391) – 7,5 ქულა

VI ადგილი - ოლგა გირია (რუსეთი; 2479) – 7,5 ქულა

VII ადგილი - მონიკა სოჩკო (პოლონეთი; 2467) – 7,5 ქულა

VIII ადგილი - სალომე მელია (საქართველო;2452) – 7,5 ქულა

IX ადგილი - ინნა გაპონენკო (უკრაინა; 2391) -7,5 ქულა

0.167275