ფეხბურთი

18:46 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ შეროზია: “ზუგდიდი” ევროტურნირებისთვის იბრძოლებს”

“ზუგდიდი” რომ უმაღლეს ლიგაშია და მომავალი სეზონისთვის განახლებული, უფრო ანგარიშგასაწევი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის მთავარ მწვრთნელს ბესიკ შეროზიას, რომელსაც მაშინ უხმეს ზუგდიდელებმა, როცა უმძიმეს მდგომარეობაში იყო გუნდი და შეროზიამაც დანაპირები შეასრულა. თუმცა ეს იყო გასული სეზონი და მომავალში უფრო მეტი მოთხოვნები და მიზნები აქვთ ზუგდიდელებს. თუ რა ვითარებაა ამ ეტაპზე “ზუგდიდში” და რა გეგმები აქვს გუნდს, ამ თემებთან დაკავშირებით “ზუგდიდის” დამრიგებელს ბესიკ შეროზიას “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა:

ბესიკ შეროზია: “უპირველესად გეტყვით იმას, რომ სეზონის დამთავრებასთან ერთად “ზუგდიდის” ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტი და სამი-ოთხი ფეხბურთელის გარდა გუნდს დატოვებს. რასაკვირველია იქნება შევსებაც. ვაკვირდები დუბლშემადგენლობის, ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებს და მინდა ახალგაზრდებს მივცე შანსი, ძირითადად მათზე გაკეთდეს აქცენტი. რა თქმა უნდა მოვიწვევთ გამოცდილ მოთამაშეებსაც, მაგრამ ადგილობრივ კადრებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება. “ზუგდიდი” 20 ივნისს შეიკრიბება და დავიწყებთ მზადებას. საუბარი არის ასევე უცხოელ ლეგიონერებზე, ამ დღეებში ვგეგმავ კიევში გამგზავრებას და დიდი ალბათობით სამ უკრაინელ ფეხბურთელს ჩამოვიყვანთ ზუგდიდში.

სტადიონს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ზუგდიდში მაღალი დონის სტადიონი შენდება და ეს არა მარტო ზუგდიდისთვის, არამედ საერთოდ ქართული ფეხბურთისთვის გაკეთებული დიდი საქმე იქნება. ახალი სტადიონის მშენებლობას დაახლოებით 2 წელი მოუნდება, მანამდე კი ბაზაზე ან განმუხურში ვითამაშებთ. ცუდია, რომ წლებია გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის, ეს სხვა პრობლემებთან ერთად იმის ბრალიცაა, რომ ყოველ წელს ახალი გუნდის აწყობაზე იყო საუბარი და სულ თავიდან იწყებოდა გუნდის შენება. გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. გვაქვს ორწლიანი გეგმა, რა დროსაც მოხდება გუნდის ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება და იმ დროისთვის ახალი სტადიონიც მოგვისწრებს.

ახალ სეზონში, წინასგან განსხვავებით “ზუგდიდს” მეტი ამბიცია და უფრო დიდი მიზნები ექნება. გუნდი შეეცდება ევროტურნირებზე იბრძოლოს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გუნდის ხელმძღვანელობის და ადგილობრივი მართველობის თანადგომა. ზუგდიდელ გულშემატკივარს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ეს ხალხი იმსახურებს წარმატებულ გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოლებს ყველა თამაშში. მე, ჩემის მხრივ, შევეცდები ყველაფერი გავაკეთო საამისოდ, რომ ეს სიხარული და წარმატება რაც შეიძლება მალე მიიღოს ადგილობრივმა გულშემატკივარმა.”

0.115185