ფეხბურთი

18:08 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

12 თუ 16 – ისევ კამათი და დაპირისპირება

დღეს მთავრობის კანცელარიაში  გაიმართა ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა, რასაც დაპირისპირებების გარეშე არ ჩაუვლია. საგანი? ისევ 12 თუ 16 გუნდიანი უმაღლესი ლიგა.

რომან ფიფია ("დინამოს" პრეზიდენტი), ილია კოკაია ("ზესტაფონის" პრეზიდენტი), ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) და ტარიელ ხეჩიკაშვილი ("საბურთალოს" პრეზიდენტი) წინააღმდეგნი არიან გუნდების რაოდენობის გაზრდისა – ისინი ამბობენ, რომ რაოდენობის გაზრდით ხარისხი ვერ მოიმატებს და საამისოდ მოედნებიც არაა საკმარისი, ხოლო თუ არის, ხელოვნურსაფარიანები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი განაცხადა, რომ მათი არგუმენტები არაა საფუძვლიანი, რადგან ხელოვნურ საფარზე გაცილებით ძლიერი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატის მატჩები ტარდება. სიჭინავა ამბობს, რომ თუ 16-გუნდიანი იქნება ჩემპიონატი, ჩატარების სისტემაც დაიხვეწება და თუ სახელმწიფო დაფინანსება იქნება, უფრო მეტი კარგი კლუბი და მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაებმება უმაღლეს ლიგაში. გაიზრდება გეოგრაფიული არეალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაუვალებია სამინისტროსთვის და ფედერაციისთვისაც, რომ 1 ივლისამდე წარმოადგინონ ფეხბურთის განვითარების საბოლოო პროგრამა. 

სიჭინავამ პრესკონფერენციაზე თქვა: "პრემიერ-მინისტრმა დასვა კითხვა: 12 თუ 16-გუნდიანი?  ფედერაციის და პირადად ჩემი პოზიციაა, რომ უმაღლესი 16-გუნდიანი იყოს და პირველი ლიგა 20-გუნდიანი, თუ სახელმწიფო დაფინანსება იქნება. სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია ერთი იყო, 4-მა წარმომადგენელმა კი  უარი თქვა. ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრა კამათში გადაიზარდა და არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. იმის ნაცვლად, რომ საქმეზე გველაპარაკა, ბატონი პრემიერ-მინისტრი ჩვენს კამათს უსმენდა. „ზესტაფონის“, „დინამოს“, „საბურთალოს“ მფლობელები და სპორტის მინისტრი გუნდების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგ წავიდნენ; „ჩიხურას“ წარმომადგენელმა კი, თავი შეიკავა. ანუ, ვერ დავიცავი იმ 33 კლუბის ინტერესები, რომლებიც ამ პროექტს მხარს უჭერენ და იმედიანად არიან განწყობილები. სპორტის სამინისტროს პროექტში უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი, რომელიც არა მგონია ფინანსთა სამინისტროსთან იყოს შეთანხმებული და პრემიერიც გაოცებული დარჩა. ფაქტიურად, ეს სფფ-ის მიერ შემუშავებული პროექტია, მხოლოდ, ციფრებია შეცვლილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომისია და სამინისტრო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ფედერაციის აღმასკომი. ისე გამოდის, რომ სამინისტრო PFL-ის ფუნქციებს ითავსებს და იქნებ, ხელშეკრულებაც გავუფორმოთ და მათ ჩაატარონ ჩემპიონატი...რას ეუბნებით ბათუმის, სამტრედიის, ზუგდიდის, ფოთის გულშემატკივრებს?! ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხს ყველას თვითონ გასცემს. მისი პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან ჩემპიონატი 10-გუნდიანი უნდა გახდეს და შესაბამისად, უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდს ვკარგავთ... რას ვეუბნებით პირველი ლიგის გუნდებს, რომლებიც გადმოსასვლელად იბრძვიან?! კოკაიამ თქვა, რომ 16-გუნდიანი თუ იქნება, საერთოდ არ დააფინანსებს ჩემპიონატს".

ილია კოკაია: "უკეთესი კი არის 16 გუნდიანი, აღარ იქნება ხელოვნური დაყოფები ექვსეულებისა. მაგრამ ელემენტარულად არაა 16 ინვესტორი. 10 ინვესტორიც არაა.

კახა კალაძე (საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრი): "იმისთვის, რათა რეგიონებში ფეხბურთი განვითარდეს, 16-გუნდიანი სჯობს. მეტი სპორტსმენი დასაქმდება, მეტი ქალაქი იქნება ჩართული სპორტში. ახლა არ ვამბობ, მაგრამ მომავალში 18 ან 20 გუნდიანი რომ გახდეს, პირიქით, უფრო მისასალმებელი იქნება".   

საბოლოოდ, გუნდების რაოდენობის გაზრდა-არგაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სფფ-ის აღმასკომი ამ კვირის ბოლომდე მიიღებს. თუ კიდევ არ გაიწელა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156974