ჭადრაკი

11:22 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული დღე!

ქართველი მოჭადრაკეებისათვის წარმატებულად წარიმართა ევროპის ქალთა პირველობის მერვე ტური.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ნინო ბაციაშვილმა უშუალოკონკურენტი, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ოლგა გირია(რუსეთი) დაამარცხა და კიდევ უფრო განიმტკიცა მეწინავე პოზიცია!

შეხვედრაში სლავური დაცვა გათამაშდა და ბათუმელმა დიდოსტატმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა. შუათამაშში ნინომ კარგად ისარგებლა მეტოქის უზუსტობებით და 30-ე სვლისთვის გადამწყვეტ უპირატესობასაც ფლობდა. დღევანდელი გამარჯვებით ბაციაშვილმა ერთ ქულამდე გაზარდა სხვაობა უშუალო მდევარ, ევროპის ექსჩემპიონ ნატალია ჟუკოვასთან (უკრაინა).

ასევე, პრინციპული გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატის კიდევ ერთმა ბათუმელმა დიდოსტატმა სალომე მელიამ. მან, სომხეთის ნაკრების წევრი ლილიტ გალოიანი დაამარცხა შავი ფიგურებით. სალომეს ძველინდურ წყობას პასიური გაგრძელება შეაგებეს თეთრებმა და მეტოქის უზუსტო თამაში კარგად გამოიყენა ჩვენებურმა.

პრინციპული გამარჯვებები მოიპოვეს: მერი არაბიძემ მსოფლიოს ექსჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვასთან (ბულგარეთი) და ბელა ხოტენაშვილმა ანასტასია სავინასთან (რუსეთი) პარტიაში.

მომდევნო ტურში საინტერესო და პრინციპული ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ორი ბათუმელი მოჭადრაკის დაპირისპირება იქნება. თეთრი ფიგურებით სალომე მელია იასპარეზებს ნინო ბაციაშვილთან შეხვედრაში.

ჩემპიონატს 8 ტურის შემდეგ, 7,5 ქულით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს. 6,5 ქულა დააგროვა ნატალია ჟუკოვამ.

6-6 ქულით III-IV ადგილებს: მიქაელა სანდუ და სალომე მელია ინაწილებენ.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს და 31 მაისამდე გასტანს.ევროპის ჩემპიონატში I-XIV ადგილზე გასული მონაწილეები ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსმოიპოვებენ.

gcf.org.ge

0.119532