აზერბაიჯანის პრემიერლიგის 35-ე ტურში ბაქოს “ინტერმა” შინ 2:1 დაამარცხა “ყარაბაღი.” კახა ცხადაძის გუნდში გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშეს. “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ბაჩანა ცხადაძე, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. ბაჩანა ცხადაძე 76-ე წუთზე გააფრთხილეს, გიორგი ლომაიამ კი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი. აზერბაიჯანის 10 გუნდიან ჩემპიონატს “ყარაბაღი” 68 ქულით ლიდერობს, მას 5 ქულით ჩამორჩება “ინტერი.” ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ასე რომ “ყარაბაღი” ჩემპიონია.
“აზალმა” 5:0 დაამარცხა გიორგი ჩიხრაძის “სიმურგი.” გამარჯვებულთა ქართველმა მცველმა ლაშა კასრაძემ სრულად ითამაშა. “სიმურგი” 38 ქულით მე-5 ადგილზეა. ასევე 38 ქულა აქვს “აზალს,” თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო მე-6 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ფლორამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “პარნუ.” “ფლორას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც 73-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ შეცვალა. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატს “ფლორა” 28 ქულით ლიდერობს.
პოლონეთის ექსტრაკლასის 34-ე ტურში “ზავიშა” შინ “ლესნას” დაუზავდა (1:1), მასპინძელთა განაცხადში კვლავ არ იმყოფებოდა გიორგი ალავერდაშვილი. პოლონეთის ექსტრაკლასი ორ ნაწილად გაიყო. საუკეთესო რვა გუნდი ცალკე აგრძელებს ასპარეზობას, “ზავიშა” კი მეორე რვა გუნდში მოხვდა. “ზავიშა” 20 ქულით მე-7 ადგილზეა.