ჩოგბურთი

11:33 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: “გაშვებულ გოლებში იკერს ვერ დავადანაშაულებ”

რაფა ნადალმა მადრიდის “მასტერზ1000”-ის ფინალში ენდი მარეისთან დამარცხების შემდეგ ტურნირის შარშანდელმა მალიორკელმა ტრიუმფატორმა სარეიტინგო ქულები ბლომად დაკარგა და კლასიფიკაციაში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდა. ამასობაში, რაფა მადრიდის რესტორან Tatel-ის თანამესაკუთრე გახდა კალათბურთელებთან, პაუ გასოლსა და რუდი ფერნანდესთან, მომღერალ ენრიკე იგლესიასსა და ბიზნესმენ აბელ პრატსთან ერთად.

- მთლიანობაში როგორ შეაფასებთ მადრიდის “მასტერზ1000”-ზე საკუთარ გამოსვლას?

- რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე, განსაკუთრებით ტომაშ ბერდიხთან გამართული ნახევარფინალური პაექრობა უნდა გამოვყო. საერთოდაც, ბოლო ხანს ჩემი საუკეთესო თამაში სწორედ ჩეხთან დაპირისპირებისას ვაჩვენე. საბოლოოდ უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. შევეცდები გასული ტურნირის პოზიტიური მომენტები დავიმახსოვრო, რადგან სასიამოვნო ეპიზოდები ნეგატიურს სჭარბობდა. იმედია, რომში კარგად გამოვალ. ვგრძნობ, თანდათან უკეთ ვასპარეზობ.

- კონკრეტულად ენდი მარეის წინააღმდეგ ნათამაშებ ფინალურ ორთაბრძოლაზე რას გვეტყვით?

- გადამწყვეტ მატჩში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. მატჩი ცუდად დავიწყე, რამაც სათამაშო რიტმიდან ამომაგდო. ბოლომდე ვიბრძოლე, ძალა და ენერგია არ დამიზოგავს, მაგრამ გასული კვირა ჩემთვის უიღბლო დღე აღმოჩნდა. შევეცდები წარუმატებლობა დავივიწყო და აქცენტი სამომავლო ტურნირებზე გავაკეთო.

- გარდა იმისა, რომ ამ დღეებში მადრიდში იასპარეზეთ, ერთ-ერთი რესტორნის თანამეპატრონეც გახდით...

- თავის დროზე ამ პროექტზე მუშაობა ენრიკე იგლესიასთან ერთად დავიწყე. ჩვენ რესტორანში საუკეთესო ესპანური კერძები მზადდება და მეტად გემოვნებიან მუსიკასაც უკრავენ. გირჩევთ ეწვიოთ თატელ-ს, ნამდვილად არ ინანებთ.

- “რეალისა” და “ვალენსიას” მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრები იკერ კასილასის თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ. როგორც “სამეფო კლუბის” ქომაგი, რას იტყოდით სანტიაგო ბერნაბეუელთა კიპერის ბოლოდროინდელ გამოსვლაზე?

- “რეალის” გაშვებულ გოლებში იკერს ნაღდად ვერ დავადანაშაულებ. მეჩვენება, რომ გულშემატკივრები მის მიმართ ზომაზე მეტად მომთხოვნები არიან. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, იკერ კასილასი არიან, უდიდესი წვლილი მიუძღვით კლუბის განვითარების საქმეში. ქომაგები ამგვარი დამსახურების მქონე მოთამაშეებს არ უნდა უსტვენდნენ. ვალენსიელებმა “ბარსელონას” საქმე გააკეთეს, კამპ ნოუელებს ჩემპიონობა შეგვიძლია მივულოცოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061033