ფეხბურთი

18:11 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერგო ფუტკარაძე: “სფფ-ს ხელმძღვანელობას მუშაობის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს”

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა “პრაიმ თაიმის” პრესსკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.

“ბოლო დროს ბევრი საინტერესო რამ მოხდა. დეტექტიურ ისტორიას ჰგავს, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება. სხვადასხვა ვერსია და ვარაუდი გავრცელდა და დაიწერა. გვსურს ჩვენი შეხედულება ვაცნობოთ საზოგადოებას.

გუშინ ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში “ზესტაფონის” პრეზიდენტის განცხადება გავრცელდა. დავიწყებ თანმიმდევრულად. როგორც იცით, გორის “დილასთან” საშინაო მატჩზე არ გავედით. თავისთავად უცნაურია საშინაო მატჩზე გამოუცხადებლობა, თუმცა ფაქტია, ასე მოხდა. კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ვაცნობეთ საშეჯიბრო კომიტეტს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებული დაფინანსება დამახინჯებულია, ის უსამართლო და არათანაბარია. კერძოდ, ვგულისხმობ საკრებულოს, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე.

გორის “დილასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე, 17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რომელიღაც პირებმა ერთ-ერთ ფეხბურთელზე, უხეშად რომ ვთქვათ “გასვლა” სცადეს. არსებობდა ვარაუდი, რომ თითქოს ჩვენ გორის “დილას” დავადანაშაულეთ ჩაწყობაში, მაგრამ ეს სიცრუეა, თუმცა ეს ხალხი გორის “დილათი” აპელირებდა.

18 აპრილს, დილის 12 საათზე ილია კოკაიასა და რევაზ არველაძეს შორის შედგა მოლაპარაკება. ფინანსური პრობლემების დროს გაგვიბედეს და მოვიდნენ, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა ბინძურ შემოთავაზებაზე, რაზეც მას მადლობა უნდა ვუთხრათ. რეზოს სიტყვებზე სხვა ინტერპრეტაცია კეთდება. არველაძემ უთხრა ილიას, რომ ზვიადი დაუკავშირდებოდა. ზარი არ განხორციელებულა.

19 აპრილის მატჩი არ ჩაგვიტარებია, 20 აპრილს კი სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატიდან მოგვკვეთა. აპელაცია შევიტანეთ, სპორტული დავების ტრიბუნალმა აპელაცია განიხილა, თუმცა განაჩენი უცვლელი დატოვა.

ველოდებოდით ფედერაციისგან თამაშის გადარჩენას, სადისციპლინოზე თქვეს დუბლები რატო არ გაიყვანეთ თამაშზეო? ან 7 კაცით რატომ არ გახვედით სათამაშოდო?

თურქულ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი ალბათ გახსოვთ. “ბეშიქთაშს” გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო ჩამოერთვა ევროტურნირებზე თამაშის უფლება.

დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ჩვენი კლუბი დისკომფორტის შემომტანია. ჩვენ ყელში გაჩხერილი ძვალივით ვართ ყველასთვის. თითქოს ყველაფერი კარგადაა ქართულ ფეხბურთში, ჩვენ კი პრობლემებზე ვსაუბრობთ. თუ კრიტიკულად არ ვიქნებით, ასე გაგრძელდება. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობას მუშაობის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს.

ჩემთვის მიუღებელი იყო TVS-ის ეთერში გასული რეზო არველაძის განცხადება. არ ვიცი, მის სიტყვებში ირონია იყო თუ სარკაზმი, მაგრამ ფაქტია, ფეხბურთის ფედერაციის მეორე პირი გარიგებული თამაშის მცდელობას ირონიით ხვდება.

თავად ფეხბურთელმა ჩაგვაყენა საქმის კურსში, ჩვენ კი ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას ვაცნობეთ. კლუბმა მიმართა სამართალდამცავებს საქმის გამოსაძიებლად, დაჰკითხეს ფეხბურთელი, მიმდინარეობას გამოძიება. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს მაქსიმალურად მცირე დროში ვიპოვოთ დამნაშავეები“, - განაცხადა სერგო ფუტკარაძემ.

“ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საერთაშორი ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით კლუბი დაუკავშირდა ფიფას, უეფასა და ECA-ს.

“ზესტაფონის” 11 წლიანი არსებობის ისტორიაში კლუბმა კარგი ურთიერთობა დაამყარა ფიფასა და უეფასთან. ჩვენ ასევე მივმართეთ ევროპულ კლუბთა გაერთიანება – ECA-ს, რომელთაგან მოწონება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ მატჩზე არ გამოვცხადდით.

ფეხბურთელმა 17 აპრილს ჩამაყენა საქმის კურსში, მითხრა კონკრეტული საათი, რიცხვი, ადგილი, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა გარიგებაზე. უმალ ჩავაყენე საქმის კურსში ილია კოკაია, დილას 12 საათზე კი ფედერაციაში ამ ამბის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ”, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” მოკვეთილია ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან.

0.136352