ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ სტადიონს თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის რამაზ შენგელიას სახელი მიანიჭა. საკრებულომ ეს 30 აპრილს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის აზრით გადაწყვეტილება საამაყოა: “გილოცავთ. ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილებაა, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ”.
რამაზ შენგელია ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. 1981 წელს მოიპოვა თასების თასი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1979 წელს დაეუფლა საკავშირო თასს. 1977 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981-ში კი, ბრინჯაოს მედლები. ხუთჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. “გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა” კლუბში ქართველ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.
ის 2012 წლის 21 ივნისს 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.