ფეხბურთი

19:57 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ლობასი: “მერანი” მომავლის გუნდია”

მარტვილის “მერანს” ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ცუდი სტარტი ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და მნიშვნელოვანი ქულებიც აიღო, რამაც სახიფათო ზონიდან თავის დაღწევის საშუალება მისცა. გუნდში არსებულ სიტუაციაზე და მომავალ გეგმებზე “მსოფლიო სპორტს” “მერანის” უკრაინელი დამრიგებელი ვლადიმერ ლობასი ესაუბრა.

ვლადიმერ ლობასი: “სანამ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვიტყოდე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს ფრიდონ ინჯიას, რასაც აკეთებს მარტვილის “მერანისთვის”. ის აქტიურადაა ჩართული გუნდის კეთილდღეობის საქმეში და ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. კარგია, რომ მოედანი გაკეთდა და საკუთარ სტადიონზე გვიწევს თამაში, აშენდა უმაღლესი ხარისხის სასტუმრო, სადაც ფეხბურთელები იცხოვრებენ. შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში იქნება სავარჯიშო დარბაზი და ზოგადად საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სრულყოფილად მოწესრიგდება, ეს ხელს შეუწყობს “მერანის” განვითარებას. “მერანს” გაუჭირდება ასპარეზობა ადგილობრივი ფეხბურთელების გარეშე და კლუბის პრეზიდენტს აქცენტი მარტვილელ მოთამაშეებზე რომ აქვს გაკეთებული ეს კარგია”.

- რა არის საჭირო, რომ “მერანმა” მომავალში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს?

- ჩვენ ვიცით რა შესაძლებლობა გვაქვს და რა სიმაღლეებს გავწვდებით ამ ეტაპზე. “მერანი” ახალგაზრდული გუნდია, გამოუცდელობის ფაქტორიცაა, თუმცა ყველაფერს დრო უნდა, გამოცდილებასაც მიიღებენ და უკეთესადაც ათამაშდებიან, თუ ბევრს იშრომებენ და პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს. ჩვენ ადგილობრივ ფეხბურთელებს ვეყრდნობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდებიდან დაინტერესების შემთხვევაში ხელი შევუშალოთ მათ კარიერას და განვითარებას.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით? “ზესტაფონი” მოიხსნა უსახსრობის გამო ჩემპიონატიდან, “მეტალურგიც” არანაკლებ ცუდ დღეშია.. თქვენი შეხედულებით რა ხდება ეროვნულ ჩემიონატში და რა არის გამოსავალი?

- სამწუხაროდ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მსგავსი პრობლემა მსოფლიოში ბევრ ქვეყანას აქვს, ჩვენთანაც მოხდა უკრაინაში ასეთი ფაქტები, იყო საბერძნეთი და ა.შ. ეს ყველაფერი ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ეკონომიკის გარეშე გუნდს არსებობა არ შეუძლია და იმედია გამოსწორდება სიტუაცია. “ზესტაფონი” კარგი გუნდია და დასანანია, რომ უმაღლეს ლიგაში ვერ იასპარეზებს.

- ახლო მომავალში “მერანში” უცხოელი ლეგიონერის ჩამოყვანას ხომ არ აპირებთ ?

- ეს კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, როცა უცხოეთიდან ჩამოიყვან ფეხბურთელს, აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული და ადგილობრივ კადრებს უნდა აჯობოს, სხვა შემთხვევაში წამგებიანია და საბოლოოდ გუნდი დაზარალდება ამით. ამიტომ ჯობია ადგილობრივ ნიჭიერ ფეხბურთელებს მიეცეთ უფრო მეტი შანსი. დრო უნდა და შედეგი აუცილებლად მოვა, მომავალ სეზონში გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და შედეგიც უკეთესი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116423