ბლოგი

10:36 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადარეული ეგვიპტელი

ობიექტურად რომ ვთქვათ, გაწიე-გამოწიე, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ერთი ჩვეულებრივი, ცხენივით მორბენალი ჩია ტანის ფეხბურთელია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდ ვარსკვლავთა შორის სახელის დამკვიდრებაზე ალბათ ვერც კი იოცნებებს.

მაგრამ ამ ბიჭის ქარიზმა, გადარეულობა და, რაც მთავარია მონდომება განაპირობებს იმას, რომ თუკი დღეს ფლორენციის ”ფიორენტინაში” ვინმეა პოპულარული, სწორედ ეს თმახუჭუჭა ეგვიპტელი ჯეელია და თუკი ნეიტრალური ქომაგები “ვიოლას” თამაშს უყურებენ, პირველ რიგში ალბათ ამ კეთილშობილი შერეკილის გადარევისა ეიმედებათ.

სალაჰი ფლორენციულ კლუბში ამ ზამთარს გადავიდა, როგორც “ჩელსიდან” კუადრადოს შეძენის დროს “ხურდად” გამოყოლილი ბითური ვინმე. აბა ასეთ ნაკლებად სიანტერესო ფეხბურთელებზე ფიქრითა და განსჯით ვინ აიტკივებდა თავს, მაგრამ პირველივე თამაშებიდან მინდორზე ისეთი ქროლვა დაიწყო, მისი სირბილისაგან წარმოქმილმა ქარმა იტალიის ჩემპიონატში ჯერ კიდევ შემორჩენილ არაერთ გადაღრძუებულ მცველს შეუყენა წელში ქარი.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მოჰამედს გადარევა და კარგი თამაში განსაკუთრებულად ძლიერ გუნდებთან გამოსდის, სხვა, საშუალო თუ სუსტ მეტოქეებთან კი თითქოს დიდად არც იკლავს თავს. დასაწყისშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მოჰამედ სალაჰი ძალიან კლასიანი მოთამაშეც არაა და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ბარე ორი ფეხბურთელი აჯობებს მთელს რიგ კომპონენტებში, მაგრამ რასაც ეს ბიჭი მინდორზე აკეთებს, პირადად მე, სწორედ ამის გამო ვუყურებ ფეხბურთს და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ბევრი გამოჩნდება კიდევ ჩემისთანა და ჩემი გუნებისა.

მოჰამედი ღრმადმორწმუნე მუსლიმია და ჯერ კიდევ მისი შვეიცარიაში თამაშის დროიდან მოყოლებული, ხშირად გვინახავს მინდორზე თუ მინდვრის გარეთ მლოცველი. ცოლიც ჭეშმარიტად მუსლიმური წესების დაცვით მოიყვანა და ამას არც არასოდეს მალავს. არცთუ ბევრია მოჰამედისთანა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მთელს თავიანთ დროს მხოლოდ ფეხბურთსა და ოჯახს უთმობს და ოღრაშობისათვის არასოდეს იცლის. თუმცა, მოცლაცაა და სურვილიც. სალაჰს უბრალოდ ასეთი ცხოვრება მოსწონს და ამიტომაც, ბევრი იტალიელი ქომაგის თვალში იმსახურებს პატივისცემას.

ალბათ ყველას მოგვსვლია შეცდომა და გადაგვიგდია რომელიმე ნივთი, რომელიც მერე დაგვნანებია და გვიდარდია ამ გადაგდების გამო. ფლორენციულ კლუბში აი ასე ნივთივით მოისროლა ლონდონის “ჩელსიმ” ეს ეგვიპტელი ფეხბურთელი და ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, ახალი სუნთქვა სწორედ ტოსკანაში თუ გაეხსნებოდა სალაჰს.

და მერე რა მოხდა? მოხდა ყველაზე დიდი უტიფრობა და უნამუსობა, რაც კი შეიძლება საერთოდ ადამიანმა წარმოიდგინოს. იმის გამო, რომ “ფიორენტინას” სალაჰის უფლებები ბოლომდე ჯერ არა აქვს “ჩელსიდან” გამოსყიდული, რომან აბრამოვიჩის ფულზე თვალდაჭყეტილი ქვეშევრდომები ადგენენ და სამჯერ გაზარდეს სალაჰის სატრანსფერო ღირებულება. ამ თანხას არცთუ მდიდარი ფლორენიული კლუბი ალბათ ვერ შეწვდება და ვინც შეწვდება (“რეალის”, “სიტისა” და მსგავსი ”ფულის გამქნევი” კლუბების გარდა) -საეჭვოა, რომ ასე ერთბაშად ამდენი თანხა სალაჰში გადაიხადოს.

წუწუნი და მოთქმა-გოდება ალბათ სრულიად უადგილოა აქ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ თუ რაოდენი უსამართლობაა ჩაბუდებული თანამედროვე ფეხბურთში და როგორ განაგებენ ნიჭიერი ადამიანების ბედსა და ცხოვრებას ფულის ტომრები.

იმედია თმაგაჩეჩილი ეგვიპტელი არასოდეს გახდება გარეთ ბეილი.

ალბათ ხვდებით, რისი თქმაც მინდა...

0.138761