ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” შედგება, სადაც გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მე-3 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს.
“ჩელსი” მთელი სეზონია პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და დღეს გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ერთ გიგანტურ ნაბიჯს გადადგამს ტიტულისკენ. ამ მომენტისთვის, ჟოზე მოურინიოს შეგირდები “არსენალს” 7, ხოლო “იუნაიტედს” 8 ქულით უსწრებენ და შეხვედრა თადარიგში აქვთ. დღეს 3 ქულის აღების შემთხვევაში, ლუის ვან გაალის გუნდს საჩემპიონო შანსები საბოლოოდ შეუმცირდება და “ლურჯების” ფორმალურ კონკურენტად “არსენალიღა” დარჩება, რომელთან თამაშიც შემდეგ ტურში უწევს და წაგების შემთხვევაშიც “მეთოფეების” შანსი ძალიან მინიმალური იქნება. ლონდონელები “იუნაიტედთან” გასამართ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან, მათ წამყვანი ფორვარდი დიეგო კოშტა არ ეყოლებათ.
ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა და ბრწყინვალე ფორმაში შევიდა “მანჩესტერ იუნაიტედი”. ლუის ვან გაალმა სეზონის წინ დასახული მიზანი შეასრულა და კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მაგრამ დღეს გამარჯვების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ “წითელ ეშმაკებს” საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდეთ, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნე, მომდევნო ტურში “არსენალი” და “ჩელსი” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სტუმრებს ტრავმების გამო ჯეიმს უილსონი და ლუკ შოუ დააკლდებათ, ხოლო ჯონი ევანსი დისკვალიფიცირებულია.
კლუბების პირველი წრის დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
20:30 ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, ვილიანი, რემი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია, ბლინდი, კერიკი, ფელაინი, ერერა, მატა, იანგი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მსაჯი: მაიკლ დინი