ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “იუნაიტედი” მანჩესტერულ დერბიში “სიტის” უმაპინძლებს და ეცდება, რომ სამეულში საბოლოოდ დამკვიდრდეს.
“იუნაიტედი” დღევანდელ შეხვედრას ჩინებულ ფორმაში ხვდება. უკანასკნელი 10 მატჩიდან კლუბმა 8 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო. ბოლო 5 მატჩი კი მიჯრით აქვს მოგებული. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ლუის ვან გაალის შეგირდები მე-3 ადგილს გაიმყარებენ, ხოლო მე-2 ადგილოსან “არსენალთან” ჩამორჩენა მხოლოდ ქულა იქნება. დღეს ტრავმის გამო ლუკ შოუ, ჯეიმს უილსონი, რობინ ვან პერსი და კრის სმოლინგი არ იქნებიან, ხოლო ჯონი ევანსი დისკვალიფიცირებულია. დიდი ალბათობით, კვლავ თადარიგში იქნებიან ვარსკვლავები: რადამელ ფალკაო და ანხელ დი მარია, რომელთა გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან “წითელი ეშმაკები”.
თანაქალაქელთა განსხვავებით, ბოლო პერიოდში ძალიან არასტაბილურია “სიტი”. უკანასკნელი 10 მატჩიდან მანუელ პელეგრინის შეგირდება მხოლოდ 4 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ დამარცხდნენ, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახა. “ქალაქელები” საჩემპიონო ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშნენ და მეორე ადგილს ვინ ჩივის, მესამეც დაკარგეს, რომლის დაბრუნებაც დღეს გამარჯვების შემთხვევაში შეუძლიათ. “სიტის” ასეთი თამაშის ფონზე, უკვე ალაპარაკდნენ მანუელ პელეგრინის დათხოვნაზეც და თუ დღესაც არასასურველი შედეგი დაფიქსირდა, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება. სტუმრები ტრავმების გამო სტევან იოვეტიჩსა და ვილფრიდ ბონის მოისაკლისებენ.
პირველი წრის შეხვედრა “სიტიმ” სერხიო აგუეროს გოლით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი მანჩესტერული დერბი “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელად “იუნაიტედმა” საძულველი მეტოქე 2012 წლის 9 დეკემბერს დაამარცხა (3:2) “ეტიჰად სთედიუმზე”.
19:00 მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ჯონსი, როხო, ბლინდი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი, იანგი, მატა, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, სილვა, ნავასი, ჯეკო, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი