ფეხბურთი

11:19 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საპოვნელა” უმაღლეს ლიგაშია

პარასკევს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბ ზონის 29-ე ტურში, ზონის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა: თერჯოლის “საპოვნელამ” ოზურგეთის “მერცხალი” 3:1 დაამარცხა, უახლოეს მდევარ “ბორჯომს” 22 ქულით გაუსწრო და ტურნირის დამთავრებამდე შვიდი ტურით ადრე უმაღლესი ლიგის საგზური გაინაღდა.

შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს პირველი ლიგის გათამაშება ახალი ფორმატით ტარდება. ა და ბ ზონებში 10-10 გუნდი თამაშობს. შეჯიბრი ოთხ წრედ იმართება. პირველ ადგილებზე გასული გუნდები ზაფხულიდან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები ერთმანეთს ერთ, დამატებით მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე შეხვდებიან. ამათში მოგებული კი უმაღლესში მე-14 ადგილზე გასულს პლეი ოფში დაუპირისპირდება.

”საპოვნელა” მუნიციპალური კლუბია, აქედან გამომდინარე პრობლემებით: მწირი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა, ხშირად დაგვიანებული ხელფასები, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი. მათ 42 წლის დამრიგებელ მირიან გეწაძეს მარტში სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია, 600 ლარის გადახდა და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, თუმცა გუნდი ელიტაში მაინც აღზევდა.

“მერცხალთან” გოლები გიორგი ტყეშელაშვილმა, ვეფხვია მურადაშვილმა და სანდრო შუღლაძემ (რომელიც უკრაინის მოქალაქეა) გაიტანეს. ამჯერად თავი არ გამოუჩენია გიორგი ბუხაიძეს, რომელსაც ჯამში 12 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება ზონის მთავარმეგოლე ბეთლემელ ვიტალი დარჩიძეს.

პლეი ოფისთვის კი ამ ზონიდან ალბათ: “ბორჯომი,” “გაგრა,” “ბეთლემი” და “მეშახტე” იბრძოლებენ. ისე კი, თეორიულად, ჯერჯერობით შანსი ბოლოადგილოსან “სქურსაც” აქვს.

1. საპოვნელა (თერჯოლა) 29 20 7 2 54:19 67
2. ბორჯომი 29 13 6 10 33:34 45
3. გაგრა 29 12 5 12 51:37 41
4. ბეთლემი (ქედა) 27 11 6 10 37:36 39
5. მეშახტე (ტყიბული) 29 12 3 14 46:45 39
6. კოლხეთი (ხობი) 28 9 8 11 35:37 35
7. ალგეთი (მარნეული) 28 8 9 11 35:36 33
8. დინამო 2 (თბილისი) 29 9 6 14 42:47 33
9. მერცხალი (ოზურგეთი) 29 8 8 13 34:62 32
10. სქური (წალენჯიხა) 29 6 12 11 31:45 30

მეგოლეები:

13 – ვიტალი დარჩიძე (ბეთლემი)

12 – გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)

11- ნიკოლოზ ხინთიბიძე (მეშახტე)

0.11757