ფეხბურთი

16:14 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ჯაკობია: “ამჟამად, ქართველი “ვარსკვლავები” არ გვყავს”

ფოთის “კოლხეთის” სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ, რომელსაც უკრაინულ ფეხბურთში არაერთი წელი გაუტარებია, ინტერნეტპორტალ matchday.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად ქართულ ფეხბურთში “ვარსკვლავები” არ არიან და მთელი იმედი მომავალ თაობაზეა.

- კარიერის უმეტესი ნაწილი ხარკოვის “მეტალისტში” გაატარეთ. ამჟამად, ამ კლუბს თვალს ადევნებთ? იქ შექმნილი სიტუაციის შესახებ იცით?

- რა თქმა უნდა. “მეტალისტს” თვალს ვადევნებ, რადგან ეს ჩემი უსაყვარლესი კლუბია მათ შორის სადაც კარიერის მანძილზე მითამაშია. ჩემთვის ნამდვილად მტკივნეულია იმის ყურება, რაც “მეტალისტში” ხდება. მირონ მარკევიჩთან და ევგენი კრასნიკოვთან დღემდე საუცხოო ურთიერთობა მაქვს. კლუბის ახალი ხელმძღვანელებიდან არავის ვიცნობ.

- “დნიპრო” და “მეტალისტი” პრინციპული მეტოქეები არიან და დნეპროპეტროვსკულ კლუბში მარკევიჩის გადასვლამ გაგაკვირვათ?

- კარიერის განმავლობაში ბევრ ცნობილ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგალითად ტომისლავ ივიჩთან და სხვებთან. მათ შორის მარკევიჩი ყველაზე ძლიერია. ის “დნიპროზე” უფრო მაღალი დონის კლუბში მუშაობას იმსახურებდა. თუმცა, ეს გზა მან თავად აირჩია და მართალიც აღმოჩნდა. ამჟამად, “დნიპრო” ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს.

- მარკევიჩთან დაკავშირებული რაიმე საინტერესო ისტორიები გახსოვთ?

- ერთხელ “მეტალისტმა” უკრაინის ჩემპიონატში სახლში “დნიპროსთან” 0:6 წააგო. თუ არ ვცდები 2006 წელი იყო, ხოლო მე გუნდის კაპიტანი ვიყავი. მატჩის შემდეგ გასახდელში შესვლა არ მინდოდა. გასაგებია, რომ სავსე ტრიბუნების წინ მსგავსი რამ მოხდა. საბოლოოდ, გასახდელში მაინც შევედით და მარკევიჩმა თითქოს არაფერი მომხდარა გვითხრა: “ბიჭებო, მომავალი თამაშისთვის მოემზადეთ”. ეს მისი მხრიდან ძლიერი ფსიქოლოგიური სვლა იყო. ამის შემდეგ, ზედიზედ სამ მატჩში გავიმარჯვეთ. მარკევიჩი ძლიერი მწვრთნელი და სოლიდური ადამიანია. ის და ჟენია კრასნიკოვი ყოველთვის მეხმარებოდნენ.

- “მეტალისტი” ფაქტობრივად თქვენ თვალწინ “შენდებოდა”. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

- “მეტალისტის” ახალი პერიოდი უკრაინაში ჩემს ჩასვლას დაემთხვა. დაახლოებით ერთი წლით ადრე კლუბი ალექსანდრ იაროსლავსკიმ შეიძინა, რომელმაც ახალი გუნდის “შენება” დაიწყო. მარკევიჩის ხელმძღვანელობით პირველ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დავიკავეთ, რაც მაშინ უკვე საუცხოო შედეგი იყო. მომდევნო 7 წლის მანძილზე “მეტალისტი” მუდმივად მე-3 ადგილზე გადიოდა. იაროსლავსკიმ კლუბში მთელი სული ჩადო. მან ფეხბურთელებს საუცხოო პირობები შეუქმნა.

- იაროსლავსკისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მასში რა გაკვირვებდათ?

- “მეტალისტში” თამაშის პერიოდში იაროსლავსკისთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ხარკოვში გადასვლამდე ბევრ კლუბში მითამაშია, სადაც პრეზიდენტები ოლიგარქები იყვნენ. იაროსლავსკის მათგან ძალიან განსხვავდებოდა, რადგან “მეტალისტს” არა როგორც ბიზნეს-პროექტს, არამედ თავის შვილობილს უყურებდა. მისი წყალობით ხარკოვული კლუბის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მან “მეტალისტში” ძალიან ბევრი ფული დახარჯა და ამიტომ, შედეგიც ჰქონდა.

- კიევის “არსენალში” ალექსანდრ ზავაროვის ხელმძღვანელობით თამაშობდით. ამბობენ, რომ თამაშის წინ მას შეეძლო ფეხბურთელებისთვის ეთქვა: “პრემიერლიგაში 10000 მატჩი ჩაგიტარებიათ და რა უნდა მოგიყვეთ? თავად იცით რა უნდა გააკეთოთ”.

- ზავაროვიც ძალიან ძლიერი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. ის დიდი ფეხბურთელი იყო და ყველა დიდ პატივს სცემდა. ბევრი ჯილდო მოუგია და “იუვენტუსში” უთამაშია. სიმართლე გითხრათ, მასთან ვმეგობრობდი. “არსენალში” ისეთი ფეხბურთელები შევიკრიბეთ, რომ განსაკუთრებული თეორიული მეცადინეობის ჩატარება საჭირო არ იყო. თუმცა, საქმე ისე არ იყო, რომ მწვრთნელი გვეუბნებოდა ყველაფერი იცით და გადით ითამაშეთო.

ზავაროვმა იცოდა, განწყობა როგორ უნდა შეექმნა. მატჩამდე მთელი კვირის განმავლობაში შეეძლო ნელ-ნელა, ხუმრობით განწყობა შეექმნა და გვაჩვენებდა როგორ უნდა გვეთამაშა. “არსენალში” ფეხბურთელების საშუალო ასაკი 27-28 წელი იყო. ზავაროვის ზედმეტი საუბრის გარეშეც კარგად გვესმოდა.

- აწ გარდაცვლილი სერგეი ზაკარლიუკას რას იტყვით?

- მე და ზაკარლიუკა ძალიან ვმეგობრობდით. ის ჩემთან სტუმრად თბილისშიც იყო. “არსენალში” თამაშის დროს ფაქტობრივად სულ ერთად ვიყავით. ჩემი აზრით, არა მხოლოდ უკრაინულმა ფეხბურთმა, არამედ, მთელმა უკრაინამ ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა. ვიდრე ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა ერთი დღით ადრე ვურეკავდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავუკავშირდი.

- დისკვალიფიკაცია რომ არა (ჯაკობიას სისხლში აკრძალური პრეპარატი მეთადონი აღმოუჩინეს) თქვენი კარიერა შესაძლოა სხვაგვარად განვითარებულიყო? რას გრძნობდით, როდესაც სადისციპლინო კომიტეტმა ნახევარი წელი თამაში აგიკრძალათ?

- ცხადია, დისკვალიფიკაცია რომ არა, ჩემი კარიერა სხვაგვარად გაგრძელდებოდა. შეცდომა დავუშვი და ამას ძალიან ვნანობ. სარკეში ჩახედვის მრცხვენოდა. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, მაგრამ ფეხბურთში დაბრუნება მაინც გადავწყვიტე და უჟგოროდში ვითამაშე.

- დეპრესია გქონდათ?

- რა თქმა უნდა. ამის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს არა მხოლოდ დეპრესია ექნება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია და მომხდარში არავის ვადანაშაულებ. მომხდარზე პასუხისმგებელი ვიყავი და დისკვალიფიკაციით დავისაჯე.

- თქვენს კარიერაში ბოლო კლუბის უჟგოროდის “ჰოვერლა” იყო, რომელშიც 10 გოლი გაიტანეთ...

- იქ ალექსანდრ სევიდოვმა მიმიწვია – ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულმა მწვრთნელმა. ადამიანიც საუცხოოა, კარგი იუმორით. სევიდოვის მადლობელი ვარ, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდში ამიყვანა. ვფიქრობ, ჩემი თამაშით დავამტკიცე, რომ ის სწორად მოიქცა. საუცხოო გუნდი შეიკრიბა. სოლიდური ფეხბურთელები თამაშობდნენ. ხელფასს არასოდეს აგვიანებდნენ.

- ამჟამად, ფოთის “კოლხეთის” სპორტულ დირექტორად მუშაობთ. ახალ თანამდებობას როგორ შეეგუეთ?

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წელიწადი არაფერს ვაკეთებდი. შემდეგ, ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა როჟე ანგოტემ მასთან მუშაობ შემომთავაზა. სერიოზული სააგენტო აქვს, რომლის კლიენტები ლუკაკუ, კურტუა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები არიან. ჩემს მიერ განხორციელებული პირველი ტრანსფერი ახალგაზრდა ლუკა კიკაბიძის ფრანგულ “ბასტიაში” გაყიდვა იყო. ქართველი მოთამაშისთვის ეს კარგ ტრანსფერად ითვლება. კიკაბიძე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ბიჭია. მას პროგრესირება შეუძლია. ამის შემდეგ, 2 ფეხბურთელი ბელგიურ “გენტში” ჩავიყვანე. ერთი მათგანი “დაიმტვრა”, ხოლო მეორე ვერ დარჩა, ასე რომ პარალელურად ამ მიმართულებითაც ვმუშაობ.

- “კოლხეთის” სპორტული დირექტორის პოსტზე რას საქმიანობთ?

- დედაჩემი ფოთიდანაა და ბავშვობაში ამ ქალაქში ხშირად ჩავდიოდი. კლუბის პრეზიდენტთან ვმეგობრობ და სპორტული დირექტორის პოსტი შემომთავაზა, რათა გუნდს დავხმარებოდი. ქართულ კლუბებში ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ კარგი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. გვსურს, ჩვენი კლუბის რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინოს და მათ ევროპაში ან საქართველოს ჩემპიონატის უფრო მაღალი დონის პირველობაზე თამაშში დავეხმაროთ.

- უკრაინაში კარგი კავშირები გაქვთ და ფოთში უკრაინელი მწვრთნელის მიწვევაზე არ გიფიქრიათ? მიუხედავად იმისა, რომ კლუბს დიდი ბიუჯეტი არ აქვს, ბევრი თქვენს წინადადებაზე უარს არ იტყოდა...

- უკრაინაში ბევრ მწვრთნელს ვიცნობ. გასაგებია, რომ მარკევიჩი, ზავაროვი ან სევიდოვი ფოთში არ ჩამოვლენ. შეიძლება ისეთი მწვრთნელი ჩამოვიდეს, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და თავის გამოჩენა სურს. ფოთში ახალგაზრდა და ნიჭიეი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი გვყავს. ის მუშაობა და ჯერჯერობით ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგადაა.

- ქართულ და უკრაინულ ფეხბურთს შორის რა პრინციპული სხვაობაა? ქართველი მოთამაშეები ყოველთვის ტექნიკურები და ნიჭიერები იყვნენ. ამჟამად, ევროპაში საქართველოს ასე ცოტა წარმომადგენელი რატომ თამაშობს?

- მთავარი სხვაობა ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატის დონე საქართველოსაზე გაცილებით მაღალია. უკრაინაში ევროპის მსგავსად სწრაფ და ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში დაღმასვლა და თაობათა ცვლა იყო. ამჟამად, ქართველი “ვარსკვლავები” არ გვყავს. სამაგიეროდ, ძალიან კარი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა. 6 თუ 7 უკვე ევროპულ კლუბებშია. პრინციპში მთელი იმედი მათზეა. საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, როგორიც ჯაბა კანკავაა. ის ნაკრების ლიდერია. მთავარი იმედი ახალ თაობას უკავშირდება. ყველა ველოდებით როდის გაიზრდებიან და ჩვენს ნაკრებს დაეხმარებიან.

0.128299