ფეხბურთი

22:38 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” “მერანს” დაუზავდა

სანაკრებო პაუზის გამო, ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტური 3 აპრილს გაიმართება. დღეს კი სამტრედიაში ამხანაგური მატჩი ჩატარდა “სამტრედიასა” და მარტვილის “მერანს” შორის.

მასპინძლების შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იყო იმის გამო, რომ ლევან კაკუბავა ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, დავით კვირკველიას კი ტრავმა აწუხებს. სამაგიეროდ, სამტრედიელებს გამოჯანმრთელებული გიორგი გაბედავა დაუბრუნდათ და რაც მთავარია მთელი 90 წუთი ითამაშა გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა. სასიამოვნოა, რომ “იაშკა” ყოველი თამაშის მერე უკეთეს ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, არაერთხელ დაიმსახურა გულშემატკივრების ოვაცია.

რაც შეეხება სტუმრებს, მარტვილელებსაც ჰქონდათ დანაკლისი, გუნდს სხვადასხვა მიზეზების გამო აკაკი წყაროზია და აკაკი შულაია ვერ დაეხმარნენ. წყაროზიას ტრავმა აწუხებს, შულაია კი ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული.

პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, 26-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ლევან გეგეჭკორმა ითამაშა კარგად და საჯარიმოში დავით ციცხვაია მონახა, ციცხვაიამ კი უძლიერესი დარტყმით უშანსოდ დატოვა მუჯრიშვილი 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს და ცოტა დრო დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. შეტევა კი მოჭრილი პასით იაშვილმა წამოიწყო, რასაც თანაგუნდელების მიერ გაგრძელებული კარგი კომბინაცია მოჰყვა, საბოლოოდ მეკარესთან გაიყვანეს გორგიაშვილი, რომელმაც ახლო მანძილიდან 1:1 გახადა ანგარიში.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობაში განხორციელდა ცვლიელებები. სამტრედიელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა უცხოელ ლეგიონერს – გაბრიელ დო კარმოს. ლობასმა მოედანზე გოცირიძე შემოიყვანა, რომელიც მართალია ჩვეულ ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ძალიან მონდომებულია. სამწუხაროდ გოცირიძემ ერთ-ერთი შეტევის დროს ტრავმა მიიღო და შეტევა ვერ გააგრძელა. “მერანს” კი ყველა ცვლილება გაკეთებული და ჰქონდა დარჩენილი 20 წუთის ჩამთავრება 10 კაცით მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ, რიგ ეპიზოდებში შეცვლაზე შემოსულმა ბეგაშვილმა ითამაშა ჩინებულად, სხვა დროს კი დაცვის ხაზი იყო დაამჯერებელი.

საბოლოოდ, ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118057