კასპელ მედოლეს ისე არ გადასტყავებია ხელები დოლზე ბრახუნით, როგორც დევიდ ბექჰემს გადაუტყავდა ენა მისი ცოლის, ვიქტორია ადამს-ბექჰემის ქებით. როგორც ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ირწმუნება, მას თავისი ცოლი ახლა უფრო მეტად მოსწონს და უყვარს, ვიდრე მათი შეხვედრის პირველ წლებში.
კაცს რომ საკუთარი ცოლი უყვარს და აღმერთებს, აბა ამაში ცუდი რა უნდა იყოს, მაგრამ ევროპელთა და ამერიკელთა შეუჩვეველ ყურს მაინც ცოტა უხეშად ხვდება ამდენი ქება-დიდება, თორემ ჩვენ, საბჭოთა კავშირგამოვლილ მოქალაქეებს, მიხრწნილი ბრეჟნევისა და ნაძირალა ხრუშჩოვისადმი ისეთი ქების კორიანტელი გვახსოვს, ვაი და ვუი ამის გახსენებას. სტალინზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
არადა, ამ დროს, მსოფლიოს “ყვითელი” მედია ირწმუნება, რომ ვიქტორია ბექჰემზე კაპარჩხანა და კაპასი ქალი მთელს დუნიაზე მეორე არ დაიარებაო. დავიჯეროთ დიდი დევიდი ცოლის ხელში იარაღია? ვირწმუნოთ, რომ ვიქტორიას სახის ნაკვთების უკან დემენტორი იმალება? თან ამ ოხერ ეჭვებსაც რომ ვერაფერს ვუხერხებთ...







