ფეხბურთი

22:50 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

იმერული კლუბების დაპირისპირება საკმაო ინტერესს იწვევდა. მართალია, ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების გამო, ზესტაფონელთა გუნდი სასურველ პოზიციაზე ვერ დგას, მაგრამ გასულმა ტურებმა ნათლად გვაჩვენა, რომ ფეროელთა კლუბი იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს. ამის დასტური გახლდათ თბილისში ნათამაშები დრამატული პაექრობა თბილისის “დინამოსთან” და შინ უხვგოლიან მატჩში გამარჯვება ბოლნისის “სიონთან”. თავის მხრივ ევროზანაში მოსახვედრად მებრძოლ “სამტრედიასაც” თავისი მიზნები ჰქონდა, ამიტომაც “ეროსი მანჯგალაძეზე” საინტერესო და დაძაბული დუელის მოლოდინში ტრადიციულად ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბა.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თავდაპირველად ორივე გუნდმა განახორციელა იერიში მოწინააღმდეგის კარისკენ. პირველად სამტრედიელთა ორფაზიანი შეტევისას კუპატაძემ განმუხტა მდგომარეობა, ხოლო მთივლიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მე-18 წუთზე მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ საეჭვო გოლით. გოლამდე ჩინებულად გაისარჯნენ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბეჭვაია და დოლიძე, გრიგოლმა ბურთი ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილ ბეჭვაიას დაუბრუნა, რომელმაც თავის მხრივ შეუჩერებლივ დაარტყა. ბურთი ზესტაფონელთა მცველებზე წინ მდგომ კაპანაძეს შეეხო, რომელიც მალევე გაერკვა სიტუაციაში და განმეორებითი დარტყმით გაიტანა. ასისტენტის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და არბიტრმაც ხელი ცენტრისაკენ გაიშვირა – 1:0.

სტუმრებს ძალიან მალე შეექმნათ რეალური მომენტი, როდესაც ბერიძემ კარგი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გურამ სამუშია გაიყვანა. თავის მხრივ სამუშიამ მთელი სული და გული ჩააქსოვა ამ დარტყმაში, მაგრამ სამტრედიელთა კიპერმა რევაზ თევდორაძემ ითამაშა მაღალ დონეზე და ბრწყინვალე ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. საპასუხო სახიფათო შეტევები მასპინძლებმაც განახორციელეს. მათ ზედიზედ ორჯერ “ტყუპებივით” მსგავს სიტუაციებში შეეძლოთ ანგარიშში სხვაობის გაზრდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დიდებულად გაისარჯა ფეროელთა კარის დარაჯი კუპატაძე. ორივე შემთხვევაში ზესტაფონელთა კარს ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გეწაძე ემუქრებოდა, მაგრამ სტუმართა კიპერმა ორივეჯერ ზედ კარის ხაზიდან შეძლო “მკვდარი” ბურთის “გამოძრობა”. ტაიმის მიწურულს ალექსანდრე იაშვილი ცდილობდა ეფექტური დარტყმით თავის გამოჩენას, მაგრამ ვეტერან ფორვარდს ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს. მათ ჯერ სტანდარტულიდან შეეძლოთ გაემწვავებინათ სიტუაცია სამტრედიელთა კართან, მაგრამ ზესტაფონელთა ერთ-ერთი ფორვარდი ბურთს ვერ მიწვდა. ცოტა ხანში კი ილურიძემ დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, ბურთი თევდორაძემ ნახტომში აიღო. მალე ფეროელებს სამტრედიელებმა სწრაფი, საპასუხო იერიში შეაგებეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დათუნაიშვილმა გადაცემა გაუკეთა გეწაძეს, რომელმაც ფაქტობრივად 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან. მის მიერ ახლო მანძილიდან ტყვიასავით “გასროლილი” ბურთი კუპატაძემ ნახტომში უკუაგდო.

მე-60 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გააორეს. მათი რამდენიმესვლიანი კომბინაცია გოლით ისევ კაპანაძემ დაასრულა. ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვა ზესტაფონელთა კიპერმა, რომელმაც მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა. კუპატაძემ დათუნაიშვილის ძლიერი დარტყმა ხეირიანად ვერ მოიგერია და ბურთი მის კარზე დაგეშილ კაპანაძეს “უბოძა”, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და დუბლიც გაიფორმა – 2:0.

ზესტაფონელები არც ორბურთიან ჩამორჩენას დაუბნევია და მათ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. მართალია, რაიმე განსაკუთრებული ხიფათი აღარ შეუქმნიათ სამტრედიელთა კართან, მაგრამ ბურთის ფლობის მხრივ მათი უპირატესობა ნათლად ჩანდა. სამაგიეროდ, სამტრედიელები შექმნილ სიტუაციაში თავს შესანიშნავად გრძნობდნენ და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. წესით ჰეთრიკის შესრულება მართებდა კაპანაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან მეტისმეტად არაზუსტად დაარტყა. გოლის გატანის საშუალება გორგიაშვილსაც ჰქონდა, როდესაც დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ კუპატაძემ ბრწყინვალე ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს. გორგიაშვილის დროული და ზუსტი გადაცემის შემდეგ კვირკველიამ მახვილი კუთხიდან მესამედ აიღო ზესტაფონელთა კარი – 3:0.

“სამტრედია“ – “ზესტაფონი” 3:0 (1:0)

18 მარტი. 15:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 3000 მაყურებელი

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, დოლიძე, გეწაძე (თევზაძე, 80), კაპანაძე, დათუნაიშვილი, ალექსანდრე გურული (ბოლქვაძე, 57), იაშვილი (გორგიაშვილი, 62).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“ზესტაფონი”: კუპატაძე, რობაქიძე (ჯერემია, 46), ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, რაჟამაშვილი, სიხარულია (გაჩეჩილაძე, 60), ბერიძე, ილურიძე, სიხარულიძე (სამუშია, 21).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გოლი: 1:0 2:0 კაპანაძე (18, 60), 3:0 კვირკველია (90+2).

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (57)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი(თბილისი)

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

გიორგი წურწუმია სამტრედიიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091499