სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის საჩემპიონო ტიტულის დაცვას აგრძელებს. 27 წლის ბალკანელმა მესამე წრეში თანატოლ ესპანელს ალბერტ რამოსს 7:5, 6:3 მოუგო და მომდევნო სტადიაზე ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდება.
ჯოკოვიჩისა და რამოსის პირველი დაპირისპირება საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. “ნოლეს” ანგარიშზე 4 ბრეიკი და ერთი ეისია.
მეოთხე წრეში ითამაშებს შოტლანდიელი ენდი მარეიც. ბრიტანელმა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 6:1, 3:6, 6:1 მოუგო და მისი შემდეგი ოპონენტი ფრანგი ადრიან მანარინოა.
მესამე წრის ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა 32 წლის ესპანელი დავიდ ფერერისთვის. მას 22 წლის ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა საათსა და 38 წუთში 7:5, 6:4 სძლია.