ფეხბურთი

18:10 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრიდონ ინჯია: “ამას ფეხბურთის სიყვარულის გამო ვაკეთებ”

მარტვილის “მერანი” რომ არსებობს და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, ეს კლუბის პრეზიდენტის ფრიდონ ინჯიას დამსახურებაა.

მარტვილში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ამას მოწმობს “მერანის” საშინაო თამაშებზე გადაჭედილი ტრიბუნები. შეიძლება ითქვას, რაიონი ფეხბურთით ცხოვრობს და “მერანის” გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის თავისი გუნდის მიერ ჩასატარებელ მატჩებს.

იყო პრობლემებიც, თითქმის ორი წლის განმავლობაში “მერანს” სტადიონის საფარის უვარგისობის გამო ნეიტრალურ მოედანზე უწევდა საშინაო მატჩების ჩატარება, გულშემატკივრების ნაწილი სამტრედიაშიც დაჰყვებოდა თავის საყვარელ გუნდს საქომაგოდ.

ახლახანს კი სტადიონზე ახალი, მაღალხარისხიანი ხელოვნური საფარის დაგება მოხერხდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “მერანი” საკუთარ კედლებს დაუბრუნდა. გახსნით თამაშზე დამსწრე საზოგადოებას კლუბის პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ ისიც აუწყა, რომ ამიერიდან “მერანის” ცენტრალური არენა მურთაზ ხურცილავას სახელობის იქნება. მარტვილის განახლებულ სტადიონზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ფრიდონ ინჯიამ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

ფრიდონ ინჯია: “როგორც მოგეხსენებათ, 2006 წლიდან ვარ “მერანში”. პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. თავდაპირველად, სტადიონთან არსებული შენობა გარემონტდა და ფეხბურთელებს შევუქმენით აქ საცხოვრებელი პირობები, იმისთვის, რომ გუნდი უფრო შეკრული ყოფილიყო და მწვრთნელებსაც გაადვილებოდათ მუშაობა. როცა “მერანი” პირველ ლიგაში ასპარეზობდა, 2-3 წლის განმავლობაში ლიდერთა შორის ვიყავით, 2011 წელს კი უმაღლეს ლიგაში გადავედით, რაც რა თქმა უნდა სწორი მუშაობის და მონდომების ხარჯზე მოხდა. მაშინ მარტვილის სტადიონი გამოუსადეგარი იყო. ძნელი იყო ამ მოედანზე თამაში და წლების განმავლობაში რამდენიმე წერილი გავაგზავნეთ მაშინდელი მთავრობის დროს შესაბამის სამსახურებში, ვის არ მივმართეთ, მაგრამ არანაირი დახმარება არ გვქონია, ყველამ კარგად იცის მაშინ ყველაფერი პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. შეეძლოთ ადგილობრივ მესვეურებსაც მოენდომებინათ, მაგრამ მათაც არ გააკეთეს.

2013 წლიდან ისევ შევეცადეთ და თხოვნით მივმართეთ მთავრობას, სტადიონთან დაკავშირებით დაგვხმარებოდნენ. საბოლოოდ, ნოდარ ხადურის და დავით ნარმანიას თაოსნობით მიიღეს გადაწყვეტილება რომ გვერდში დაგვიდგებოდნენ. გამოგვიყვეს მილიონ სამოცდაათი ათასი ლარი. პირველი ეტაპისთვის, მოედნის ახალი მაღალი ხარისხის საფარის დასაგებად, ექვსას ოცი ათასი ლარი ჩაგვირიცხეს და როგორც ხედავთ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის საფარი გვაქვს. გარდა ამისა, სტადიონის სხვა ადგილების მოწყობისთვის მე გავიღე ორასი ათასი ლარი. კარგია, რომ ეს გაკეთდა და “მერანი” საკუთარ სტადიონზე თამაშობს. თუმცა ამისთვის რომ მიგვეღწია, საკმაოდ დიდი გზის გავლა მოგვიწია.

- ბატონო ფრიდონ, საქართველოში ფეხბურთი წამგებიან ბიზნესად მიაჩნიათ და ყველა არიდებს ფეხბურთში ფულის ჩადებას თავს. თქვენ ერთ-ერთი გამონაკლისი ხართ, ვინც საკუთარი ხარჯებით წლებია გუნდს ინარჩუნებთ..

- გეთანხმებით, მე-9 წელია ამ საქმეში ვარ და როცა ფეხბურთი გიყვარს ძნელია შორიდან უყურო. ეს გალამაზებული მოედანი მარტო ჩემი არ არის, რაიონისაა, მოსახლეობის. ამ მოედანზე დიდი ფეხბურთელები უნდა გაიზარდონ. დარწმუნებული ვარ, სიხარულით აღსავსეა გულშემატკივარის გული, როცა მოედანზე წითელ-ლურჯ ფერებში გამოწყობილი “მერანი” გამოდის სათამაშოდ. მე თითოეული თამაშისგან ვიღებ სიამოვნებას, ჩემი გუნდის თამაშს რომ ვუყურებ, სადღაც გულის სიღრმეში წარმოვიდგენ იმ დიდი ფეხბურთელების თამაშს, ხურცილავას, ჩივაძის, გაბელიას.. ეს წარსულთან მაბრუნებს. ფეხბურთი ვისაც უყვარს, სწორად გამიგებს ამას. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ფეხბურთში ვხედავ მომავალს, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც აუცილებდლად გახდებიან წარმატებულები თუ ბევრს იშრომებენ და მიზანდასახულები იქნებიან.

ამასთან ერთად, ძალიან ძნელია ერთი ადამიანის ასეთი დატვირთვა, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო გადადგამს რაღაც ნაბიჯს. რაც შეეხება ფედერაციას, ზვიად სიჭინავას თაოსნობით რაც შეეძლოთ გვერდში დაგვიდგნენ. ამ მოედნის მშენებლობაშიც დაგვეხმარნენ და მადლობის მეტი რა გვეთქმის. რასაც ვერ ვიტყვი სპორტის მინისტრზე, ისედაც არ ჩამოსულა სტადიონი რომ მოენახულებინა. ერთობა და გვერდში დგომა უნდა იყოს ყველა კუთხით, მაშინ ეშველება ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114361