ფეხბურთი

7:05 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული კრახის შემდეგ “ენფილდზე”

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

შუა კვირაში კლუბებმა ევროთასებზე წარუმატებლად ითამაშეს და საკუთარი გულშემატკივარი გააწბილეს. “ლივერპული” ევროპა ლიგას სტამბულში “ბეშიქთაშთან” ორრაუნდიან ბრძოლაში პენალტების სერიით გამოეთიშა, ხოლო “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე შინ წააგო “ბარსელონასთან” და “ნოუ კამპზე” სასწაულის იმედად თუ იქნება. აქედან გამომდინარე, დღეს ორივე კლუბს ქომაგებთან რეაბილიტაცია მართებთ და მინდორზე დაუნდობელი ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

ბოლო პერიოდში “ლივერპულმა” პრემიერლიგაში საგრძნობლად მოუმატა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “წითლები” მანჩესტერელებს დაამარცხებენ, ისინი “საუთჰემპტონს” გაასწრებენ და მეხუთე ადგილამდე აღზევდებიან. სამაგიეროდ, ჩემპიონობისთვის იბრძვის “მანჩესტერ სიტი” და ხვალ წაფორთხილების შემთხვევაში, “ქალაქელებს” ჩემპიონობის ისედაც მიზერული შანსი საერთოდ აღარ დარჩებათ, რადგან ლონდონის “ჩელსი” ძნელად თუ მოახერხებს ამდენი ქულის დაკარგვას 12 შეხვედრაში. ასე რომ, მანუელ პელეგრინის გუნდისთვის მისაღები მხოლოდ სამი ქულა უნდა იყოს.

მერსესაიდულ გრანდს ტრავმების გამო ჰენდერსონი, სახო, ენრიკე, ლეივა, ჯონსი, ფლანაგანი და ჯერარდი არ ეყოლებათ. სტუმრებს დანაკლისი არ აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (3-4-1-2):
მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჩანი, ალენი, ლალანა, კოუტინიო, მორენო, სტერლინგი, მარკოვიჩი, სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, კომპანი, მანგალა, კლიში, ზაბალეტა, იაია ტურე, ფერნანდინიო, ნასრი, სილვა, აგუერო, ჯეკო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

დღის მეორე შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართება, სადაც ლონდონის “არსენალი” ლივერპულის “ევერტონს” მიიღებს.

“მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოსთან” შინ შერცხვნენ და ორბურთიანი სხვაობით წააგეს. ამიტომაც, დღეს ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ გულშემატკივრები მაქსიმალურად გაახარონ და “თავადებთან” განცდილი კრახი შეძლებისდაგვარად დაავიწყონ. ლონდონელთაგან განსხვავებით, ევროპა ლიგაზე წარმატებით ითამაშა “ევერტონმა” და “იანგ ბოიზის” ბარიერი მარტივად დაძლია.

მასპინძლებს ფლამინი, დიაბი, უილშირი, რემსი, არტეტა და დებუში ჰყავთ დაშავებული, ხოლო სტუმრებს ატსუ, ოვიედო, ჰიბერტი და პიენაარი არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-1-4-1):
ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კასორლა, ოზილი, სანჩესი, უოლკოტი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ევერტონი (4-3-2-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, გიბსონი, ბეშიჩი, მაკკარტი, მირალაში, ნეისმიტი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მსაჯი: ანდრე მარინერი

0.111855