ფეხბურთი

14:35 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოლოდინი 18 მარტამდე...

24 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედეფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე გერმანული “დორტმუნდი” 2:1 დაამარცხა. ამ დაპირისპირებას ინტერესი დაწყვილების დღიდან მოყოლებული არ აკლდა და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

გთავაზობთ 5 მთავარ ფაქტორს, რის გამოც 18 მარტს, “სიგნალ იდუნა პარკზე” გასამართი დაპირისპირება ძალზე საინტერესო და დაძაბული უნდა გამოვიდეს.

გოლი სტუმრად...

იურგენ კლოპი ტურინული მატჩის წინ არ მალავდა, რომ აპენინზე თავის გუნდს დაცვით ფეხბურთს არ ათამაშებდა. ყველა ელოდა, რომ კლოპი ძირითად შემადგენლობაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე პიერ ობამეიანგს გაამწესებდა. თუმცა, ასე არ მოხდა. გაბონელმა გენრიხ მხითარიანისა და მარკო როისის მხარდამხარ, შემტევ სამეულში მარჯვენა გარემარბად დაიწყო თამაში, ხოლო მის ადგილზე “იუვენტუსის” აღზრდილი ჩირო იმობილე ვიხილეთ. გერმანელებმა პირველი ნახევარი უპირატესობით წარმართეს, რაც გატანილ გოლშიც აისახა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდისას იღბალი აშკარად კლოპის შეგირდების მხარეს იყო. თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრის პირველი 45 წუთი მაინც იტალიელებმა მოიგეს.

“პირველი ტაიმი ფაქტობრივად იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ორჯერ თითქმის ერთიდაიგივე სიტუაციიდან გოლი გავუშვით”, - იტყვის მატჩის შემდეგ იურგენი.

თამაშამდე “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ცალსახად აღნიშნავდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარ მოედანზე გოლი არ გაეშვა.

“ბორუსია” პირველ ტაიმში მაღალ რიტმში თამაშობდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენ ანგარიშის გაზრდის უფრო მეტი შანსი გვქონდა”, - ეს უკვე ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარია.

“დორტმუნდი” თავიდანვე აღმართთან...

“იუვენტუსისთვის” შეხვედრა იდეალურად დაიწყო და უკვე მე-13 წუთზე კარლოს ტევესის გოლით დაწინაურდა. სწრაფი გოლით “ბიანკონერის” შეეძლო საკუთარი თამაში მეტოქისთვის მოეხვია, მაგრამ... მაგრამ მალევე, გამოცდილ ჯორჯო კიელინის ფეხი იქ დაუცურდა, სადაც არ უნდა დასცურებოდა. ჯიჯი ბუფონთან პირისპირ დარჩენილმა მარკო როისმა კი საჩუქარი შეირგო და ორრაუნდიანი დაპირისპირების ფონზე “ბორუსიასთვის” სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა. “იუვენტუსი” თამაშიდან დაიკარგა, თვითონ “იუვემ” ტრავმის გამო ანდრეა პირლოც დაკარგა, სწორედ ამ უიმედობის ჟამს, ზედ ტაიმის მიწურულს ალვარო მორატამ ისევ მასპინძლები დააწინაურა.

“გათანაბრების შემდეგ, ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა და ტაიმის ბოლოს მარტივ სიტუაციაში გოლი გავუშვით”, - თქვა გოლის ავტორმა როისმა.

უკეთ პირლოს გარეშე?..

“იუვენტუსმა” გაცილებით კარგად ჩაატარა მეორე ტაიმი არგენტინელ რობერტო პერეირასთან ერთად, რომელიც თამაშში 37-ე წუთზე დაშავებული ანდრეა პირლოს ნაცვლად ჩაერთო. პერეირამ ადგილი თავდამსხმელების უკან დაიკავა, პირლოს ადგილზე კი კლაუდიო მარკიზიო დადგა. “დორტმუნდმა” უფრო მეტი შეტევა განახორციელა “იუვეს” მცველებზე მაშინ, როცა მოედანზე პირლო იყო.

“თავდამსხმელებს დავალებული ჰქონდათ კიელინიზე და ბონუჩიზე პრესინგის თამაში”, - ბრძანა კლოპმა თამაშის შემდეგ.

პირლოს გარეშე “ბიანკონერიმ” უფრო მეტი შეტევა წარმართა. პერეირა კი მეორე ნახევარში ძალზე აქტიური იყო და საკუთარი გუნდის შეტევების ორგანიზების გარდა, დაცვასაც კარგად ეხმარებოდა. მეტიც, 85-ე წუთზე ანგარიშის 3:1-მდე გაზრდის კარგი შანსიც მიეცა, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. და მაინც პირლო “იუვესთვის” შეუცვლელი ფუგურაა და ალეგრის ე.წ. B გეგმა ან მოფიქრებული ექნება, ან მოფიქრება მოუწევს.

“ყველაფერს სამედიცინო შემოწმება გადაწყვეტს” – თქვა ალეგრიმ თამაშის დასრულების შემდეგ.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მაესტრო განმეორებით შეხვედრაში ვერ ითამაშებს...

“დორტმუნდი” კრიზისში? – როგორც ჩანს, არა...

ბუნდესლიგაში ზედიზედ მოგებული სამი მატჩის შემდგომ სიტუაცია გაუმჯობესებულია. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე კლოპის გუნდი სეზონის სტარტიდანვე სხვანაირია. პირველ ტაიმში “ბორუსია” სწრაფად თამაშობდა, ისე როგორც მთელს ევროპაშია ცნობილი მისი სათამაშო სტილი.

“არასდროს გვიფიქრია, რომ ვეთამაშებით ბუნდესლიგის აუტსაიდერს. კარგად ვიცით მათი შესაძლებლობები. ისინი სწრაფად თამაშობენ შეტევის სამხაზიან განლაგებაში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, რადგან მათ ძლიერი ბიჭები ჰყავთ”, - ამბობდა თამაშამდე პატივცემული ალეგრი.

ალვარო მორატას სისწრაფე - ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი...

22 წლის ესპანელი ალვარო მორატა ტურინული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ტევესის გოლის დროს მთავარი როლი ექს “რეალელმა” ითამაშა, ხოლო მეორე გოლი პოგბას გადაცემის შემდეგ, თავად გაიტანა. გარდა ამ ორი ეპიზოდისა, მორატა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო და არც გაჩერებულა, ერთ ეპიზოდში კი დაცვაში ფანტასტიურად ითამაშა და ტურინულ პუბლიკას აპლოდისმენტებიც მოსწყვიტა.

გასულ სეზონში “იუვენტუსი” ყოველთვის კარლოს ტევესისა და ფერნანდო ლორენტეს დუეტით თამაშობდა. ახოვანი ბასკის გამოისობით აქცენტი შეტევაში მაღალ ჩაწოდებებზე და ძალისმიერი სტილის შეტევებზე კეთდებოდა. მორატასთან ერთად კი “ბებერ ქალბატონს” შეტევის საშუალება განსხვავებულ სტილშიც მიეცა.

ახლა მორატა ტურინულ გრანდს “სიგნალ იდუნა პარკზე” ყველაზე მეტად სჭირდება. ალვაროს სისწრაფე ალეგრის გუნდისთვის კონტრშეტევითი თამაშისას ჰაერივით სასიცოხლო იქნება.

“თავდამსხმელმა ყველა სიტუაციაში ყველაფერი უნდა გაიღოს. საპასუხო მატჩი მათ სტადიონზე ძალიან რთული იქნება , მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვეძლება”, - ეს კი თავად მორატას მატჩისშემდგომი კომენტარია.

დრო სწრაფად გადის, შესაბამისად 18 მარტიც მალე მოვა და უმშვენიერეს “სიგნალ იდუნა პარკზე” 90 წუთით (თუ მეტით არა) ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166491