ფეხბურთი

12:23 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალან ბაგაევი: “ცოტა ქართული ჩემშიც არის და “დილაში” თამაშით ბედნიერი ვარ”

გორის “დილას” ახალწვეულმა ალან ბაგაევმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია, რაშიც ხელი ქართული ენის ცოდნამ შეუწყო.

- ფეხბურთის თამაში სად დაიწყეთ?

- 1991 წლის 7 აპრილს ვლადიკავკაზში დავიბადე და ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. 7-8 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ჭიდაობაზე მიმიყვანა. საჭიდაო დარბაზის გვერდით მოედანი იყო და ფეხბურთს თამაშობდნენ. ფული ავიღე და ბუცები ვიყიდე. ყველას ეგონა, რომ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი, სინამდვილეში კი, ფეხბურთზე დავდიოდი.

- პირველი გოლი გახსოვთ?

- ფეხბურთი მსოფლიოში პირველი სპორტია და მეც მხოლოდ ეს სპორტის სახეობა მაინტერესებდა. პირველი ოფიციალური გოლი “ალანიას” დუბლშემადგენლობაში ასპარეზობისას გავიტანე, როდესაც “ანჟის” ვხვდებოდით. ზუსტად არ მახსოვს როგორ გავიტანე, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.

- ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობებისგან რა თავისებურებით გამოარჩევთ?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, თან ჩვენთან მხოლოდ ჭიდაობაზე და ფეხბურთზე შეგეძლო სიარული, სპორტის სხვა სახეობებზე მოხვედრა შეუძლებელი იყო.

- გორის “დილაში” ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში სხვა პოზიციაზეც გითამაშიათ. რომელ ამპლუაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- რუსეთში თავიდან ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მომსინჯა. ჩემთვის მისაღებია მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშიც, რადგან ვფიქრობ ბურთის ართმევა ნებისმიერ პოზიციაზე კარგად შემიძლია.

- ჯერ 23 წლის ხართ და შესაბამისად წინ გაქვთ საფეხბურთო კარიერა. რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?

- მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

- როგორ შეეწყეთ ახალ გუნდს, ქალაქს? რას იტყვით გორის “დილაზე” და გულშემატკივრებზე?

- ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა გორის “დილას” დაინტერესების შესახებ. “ურალთან” ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ მხოლოდ მეორე გუნდში ვთამაშობდი და პირველი გუნდის თადარიგში ვიმყოფებოდი. საქართველომ ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე გადავსულიყავი გუნდში, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელი უდგას. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს დიდ სტიმულს მაძლევს.

- როგორი ატმოსფეროა კლუბში?

- ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც ჩემთვის ცალსახად სასიამოვნოა. არცერთ გუნდში სადაც მითამაშია ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა. თუმცა, ამ მხრივ “ალანიასაც” გამოვარჩევდი, სადაც ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდეც კი ხუმრობდნენ.

რაც შეეხება გორს, აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ერთმანეთის კარგად გვესმის. სხვათა შორის ქართულიც ვიცი და აქედან გამომდინარე კომუნიკაციის პრობლემა არც მქონია. ცოტა ქართული ჩემშიც არის და ამიტომ ბედნიერი ვარ ამ კლუბში რომ ვირიცხები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100075