ფეხბურთი

18:42 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის შემდეგ...

24 და 25 თებერვალს უეფას ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. მათგან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს სამშაბათს, ტურინში გასამართი შეხვედრა იწვევს. “იუვენტუსი” გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ.

გუნდებს უდიდეს ისტორია აქვთ და აღნიშნული ტურნირი ორთავეს მოუგია. “ყვითლებმა” ერთადერთი ტიტული შორეულ 1997 წელს, სწორედ “ბიანკონერების” დამარცხებით ირგუნეს.

გთავაზობთ ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებებს, რომლებიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩა.

“დორტმუნდი” – “იუვენტუსი” 1:6 (1992-1993 წლების სეზონი, უეფას თასი, ფინალი)

1993 წლის მაისში გერმანული და იტალიური გუნდების გზები უეფას თასის ფინალში გადაიკვეთა. იმხანად “იუვეს” ლიდერი გენიალური რობერტო ბაჯო იყო, რომელიც კარიერის პიკზე იმყოფებოდა. სწორედ ბაჯოს თაოსნობით “ბებერმა ქალბატონმა” ტიტულის მოგება საკმაოდ მარტივად მოახერხა. მაშინ, “იუვენტუსმა” მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგო, თანაც ისე, რომ ზედმეტი ძალა არც დაუხარჯავს. ფინალური ჯახის პირველი რაუნდი მაშინდელ “ვესტფალენშტადიონზე” შედგა. მატჩი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე მიხაელ რუმენიგემ “ბორუსია” დააწინაურა, თუმცა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი ეს ერთადერთი გოლი იყო, რომელიც გერმანელებმა იმ ფინალურ დაპირისპირებებში გაიტანეს. იტალიელებმა მალევე გაათანაბრეს. 5 წუთიან ინტერვალში “იუვეს” ორმა ბაჯომ, დინომ და რობერტომ საკუთარი გუნდი დააწინაურეს. თამაშის მიწურულს რობერტომ დუბლიც შეასრულა და თასის მფლობელის ვინაობა პირველივე შეხვედრაში გაარკვია. ორი კვირის შემდეგ კი უკვე დინო ბაჯომ შეასრულა დუბლი, ერთიც ანდრეას მიოლერმა გაიტანა და “იუვენტუსმაც” უეფას თასი ირგუნა. (ჯერჯერობით ბოლოჯერ).

“იუვენტუსი” – დორტმუნდი” 4:3 (1994-1995 წლების სეზონი, უეფას თასი, ნახევარფინალი)

მათი გზები მეორედ ორი წლის შემდეგ ისევ უეფას თასზე გადაიყარა, ოღონდ ამჯერად ნახევარფინალურ სტადიაზე. გამარჯვებული კი ისევ ტურინული გრანდი გამოვიდა. პირველი მატჩი ამჯერად “დელე ალპიზე” გაიმართა. “დორტმუნდი” შტეფან როიტერისა და ანდრეას მიოლერის გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ რობერტო ბაჯომ და იურგენ კოლერმა ორჯერვე გაათანაბრეს და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვა. “ვესტფალენზე” კი უფრო ძლიერი მარჩელო ლიპის გუნდი გამოდგა. 1995 წლის 19 აპრილს გამართულ მატჩში ანგარიში სერჯიო პორინიმ გახსნა. მართალია ჟულიო სეზარმა მალევე გაათანაბრა, მაგრამ ლეგენდარულმა რობი ბაჯომ ფინალის საგზურის მომტანი გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ოტმარ ჰიტცფელდის კრებულიც ტიტულზე ოცნებასაც მოეშვა.

“იუვენტუსი” – “დორტმუნდი” 4:3 (1995-1996 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი)

კიდევ ერთი დაპირისპირება 1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით. გერმანიაში უფრო ძლიერი “იუვე” აღმოჩნდა. იტალიაში – “დორტმუნდი”. 13 სექტემბერს, დორტმუნდში გამართულ მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. მასპინძლებმა სტუმრებს გამარჯობის თქმა არ დააცადეს და ანდრეას მიოლერმა ყოფილ გუნდს გაუტანა. სწრაფ გაშვებულ გოლს ტურინული გუნდი არ დაუბნევია და შეხვედრა საკმაოდ ლამაზ სტილში მოიგო. მიკელე პადოვანოს და ანტონიო კონტეს გოლებს შორის, თავი ალესანდრო დელ პიერომაც გამოიჩინა. “იუვეს” მომავალი ლეგენდისთვის კი ეს გოლი ისტორიულია. დელ პიერომ იმ დღეს ევროტურნირებზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. თანაც, ძალზე ლამაზი. განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც ტურინმა უმასპინძლა “დორტმუნდელთა” სასარგებლოდ დასრულდა. მიხაელ ზორხისა და ლარს რიკენის გოლებს, ალესანდრო დელ პიერომ ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა. მარცხის მიუხედავად, “იუვენტუსმა” ლიგაზე ტრიუმფალური სვლა განაგრძო და სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო.

“დორტმუნდი” – “იუვენტუსი” 3:1 (1996-1997 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი)

ამ გუნდთა ბოლო დაპირისპირება კი 1997 წლის 28 მაისით თარიღდება. იმ დღეს მიუნხენის “ოლიმპშტადიონზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. თამაშის წინ ფავორიტად მარჩელო ლიპის გუნდი განიხილებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გამოცდილმა კარლ-ჰაინც რიდლემ ანჯელო პერუცის კარი პირველ 45 წუთში ორგზის აიღო და საკუთარ გუნდს შესვენებამდე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. მეორე ნახევარში “იუვემ” გაბრძოლება სცადა, რაც ალესანდრო დელ პიეროს მიერ ქუსლით გატანილ ლამაზ გოლშიც აისახა, მაგრამ მალევე ლარს რიკენმა პერუცის უყურადღებობით ისარგებლა და “ბებერი ქალბატონის” კაპიტანს შორი მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ რიკენი მოედანზე სულ რამდენიმე წამის შესული გახლდათ. “დორტმუნდმა” ერთადერთი საჩემპიონთა ლიგო ტიტული სწორედ “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამარჯვებით მოიპოვა.

24 თებერვალს 18 წლიანი პაუზის შემდგომ ამ შესანიშნავი გუნდების დაპირისპირებები ისევ გაცოცხლდება. სამშაბათს შეხვედრას ტურინი უმასპინძლებს, ხოლო სამი კვირის თავზე უკვე მასპინძლის როლში “დორტმუნდი” მოგვევლინება. გულშემატკივრები კი ამ მატჩებისგან ალბათ დაუვიწყარ სიამოვნებასაც მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172796