ფეხბურთი

20:21 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იმერულ დერბიში “სამტრედიამ” იმარჯვა

დღეს სამტრედიაში დ. ყიფიანის სახელობის ერთ-ერთი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა. იმერულ დერბიში ერთმანეთს “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა წუთიერი დუმილის შემდეგ დაიწყო, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის და მწვრთნელის, სამტრედიაში დაბადებულ ვახტანგ კოპალეიშვილის ხსოვნას მიაგეს წუთიერი დუმილით პატივი. ვახტანგ კოპალეიშვილი 1973-1980 წლებში თამაშობდა თბილისის “დინამოში.” საბჭოთა თასი მოიგო 1976-ში. 1980 წელს კი ლანჩხუთის “გურიაში” გადავიდა და ამ გუნდის აღმასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სამტრედიაში გამართულ შეხვედრას ტრადიციულად მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავდა, სავსე ტრიბუნები უფრო მეტ ხიბლს მატებდა თამაშს. ქუთათურებსაც ჩამოყვნენ საკუთარი ქომაგები, რომლებიც ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯებიან და ამხნევებენ “ტორპედოს” და იმერული დერბიც შედგა.

პირველი ტაიმი “ტორპედომ” უფრო დალაგებული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზა მასპინძლებს. სტუმართაგან განსაკუთრებით აქტიურობდნენ “ტორპედოს” ახალწვეულები დავით კირკიტაძე და ირაკლი კლიმიაშვილი. პირველი გოლი სწორედ კირკიტაძის კარგ თამაშს მოჰყვა, ქუთაისელთა 18-ნომერმა ფლანგზე ცრუ მოძრაობით მარტივად ჩამოიშორა დავით კვირკველია და სამტრედიელთა საჯარიმოში მყოფ ბექა ტუღუშს იდეალური გადაცემა გაუკეთა, ტუღუშმაც თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ერთი შეხებით მეტოქე გუნდის კარში გადაგზავნა ბურთი 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ “სამტრედია” სწრაფად შეეცადა წონასწორობის აღდგენას და უფრო მწვავედ შეუტია, მაგრამ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ შეთამაშება აკლდა და გადამწყვეტ ფაზაში კომბინაციების დაგვირგვინება უჭირდა. ტაიმის მიწურულს ერთბაშად ოთხი “ტორპედოელი” უტევდა “სამტრედიას” კარს და რომ არა მეკარე თევდორაძის თავგანწირული თამაში და საფეხბურთო ფორტუნა, ანგარიში უფრო სოლიდურიც გახდებოდა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით რადიკალურად შეცვლილი მეორე ნახევარი იხილა ე. მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა. აღნიშვნის ღირსია “სამტრედიელთა” მწვრთნელის ზაზა ზამთარაძის სწორი ტაქტიკა და საჭირო ფეხბურთელის შემოყვანა. დიახ, სწორედ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი გახდა დღევანდელი მატჩის გმირი და ეს თორნიკე კაპანაძე გახლდათ. კაპანაძემ შეიძლება ითქვას გუნდი გამოაცოცხლა და ჯერ დოლიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს დახვდა ყველაზე ადრე და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 67-ე წუთზე კი ჩინებულად ითამაშა სამტრედიელთა კაპიტანმა, გამოცდილმა დათო კვირკველიამ, მარცხენა ფლანგზე ცრუ მოძრაობით ორი ფეხბურთელი ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაურტყა მეკარე შეყრილაძეს, მეკარემ ბურთის მოგერიება კი შეძლო, მაგრამ იქვე ახლოს მყოფმა თორნიკე კაპანაძემ დამატებაზე ითამაშა ზუსტად და ანგარიში 2:1 გახადა.

დარჩენილ დროში “ტორპედო” თამაშის გადარჩენას შეეცადა და გაორმაგებული ენერგიით შეუტია, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და დრამატული პირველი სათასო შეხვედრა “სამტრედიელთა” სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

ზაზა ზამთარაძე (“სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი): “მოგეხსენებათ სათასო დაპირისპირებები შედგება 2 თამაშისგან, ქუთაისის “ტორპედო” მიუხედავას იმისა, რომ მისთვის უჩვეულო ადგილზეა ეროვნულ ჩემპიონატში, საკმაოდ გამოცდილი და კარგი გუნდია და ველოდით იმ წინააღმდეგობას, რაც დღეს შემოგვთავაზა. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორე ნახევარი მეტ-ნაკლებად უკეთესი გამოვიდა. საბოლოოდ, ქუთაისში გადაწყდება ყველაფერი.”

გიორგი დარასელია (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): “ ჩვენ ორივე ტაიმი ერთი ტაქტიკით ვითამაშეთ, რომ ვთქვათ მეორე ტაიმში რამე დავაკელით სწორი არ იქნება. უბრალოდ, მეორე ნახევარში ელემენტარული შეცდომები დავუშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია და ეს შედეგზეც აისახა. მეორე შეხვედრაში გაირკვევა თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე.”

სამტრედია (სამტრედია) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)

სამტრედია. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 18 თებერვალი.

დ.ყიფიანის სახელობის თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა.

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (კაპანაძე, 58), შარიქაძე (ბოლქვაძე, 46), დოლიძე, გეწაძე, გორგიაშვილი (შ. კერძევაძე, 88).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“ტორპედო”: შეყრილაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ადამაძე, ჩიკვილაძე, ქებაძე, საბანაძე (ქიმაძე, 68), კლიმიაშვილი, ტუღუში, კირკიტაძე, ზივზივაძე (კვერნაძე, 58).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: ტუღუში 0:1 (43), კაპანაძე 1:1 (64), 2:1 (67)

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (44), ჩიკვილაძე (69), ბოლქვაძე (76)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15445