ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა... ხანმოკლეა ცხოვრება, ამ უსაყვარლესმა და ხალისიანმა, იუმორით სავსე კაცმა სულ 60 წელი იცხოვრა. მაგრამ იცხოვრაო, სწორედ მან უნდა თქვას. იმიტომ იცხოვრა, რომ ყველას შეაყვარა თავი და არა როგორც ფეხბურთელი ან მწვრთნელი, უპირველესად, როგორც ადამიანი. მასზე იყო ზედგამოჭრილი გამოთქმა: "დიდთან დიდია და პატარასთან პატარა".
ბოლოს ორიოდე თვის წინ ვესაუბრეთ, აშკარად მოტეხილი იყო და ძველი ხალისიც წართმეული ჰქონდა. მძიმე ავადმყოფობა აწუხებდა.
თაობები გაზარდა ამ ბრწყინვალე ადამიანმა. ვახტანგ კოპალეიშვილი გახლდათ ის მწვრთნელი, 1999 წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები (მაშინ 18-წლამდელებს ეძახდნენ, მაგრამ დღევანდელი 19-წლამდელების იდენტური იყო) ევროპის ჩემპიონატის რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე რომ გაიყვანა. იქ, ფინალურ ეტაპზე ბომბარდირი ლაშა ჯაკობია არ ჰყავდა, თორემ კიდევ ბევრს გაამწარებდა. ჩვენებმა ჩეხ თანატოლთა ნაკრები გამოთიშეს ფინალურ ეტაპამდე, მაშინდელ ჩეხეთში კი თამაშობდნენ მილან ბაროში, ტომაშ როსიცკი, ზდენეკ გრიგერა...
"კოპალას ბიჭები" – ასეც ეძახდნენ იმ ნაკრებს, სადაც თამაშობდნენ ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები. ფორვარდი ვალერი გაგუა კი ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მარტო შედეგი და ტაბლო ხომ არაა. კოპალეიშვილს ძალიან უყვარდა, როცა მისი გუნდები ლამაზად თამაშობდნენ, მისეულ მორგებულ სტილზე. 18-წლამდელების გასვლაზე ვთქვით და ამის გარდაც, ვახო მასწავლებელი წარმატებით მუშაობდა – ყველგან ტოვებდა თავის კვალს. და მარტო ის თაობა კი არ გაზარდა? მას შემდეგაც ბევრი. ჯაბა კანკავა, მათე ღვინიანიძე, აკაკი ხუბუტია და ბოლოს სოლომონ კვირკველიაც, რომელიც გასულ წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მუშაობდა, იქ აფრთიანებდა ბიჭებს და მისი შვილის თამაშიც მინახავს: პატარა კოპალეიშვილი 14 წლისაა და სულაქველიძის აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდში ბომბარდირია. აი, ფეხბურთის სიყვარული რა არის: უკვე შეუძლოდ იყო ვახო მასწავლებელი, მაგრამ მაინც ახერხებდა და ზოგჯერ წვრთნიდა თავის გუნდს.
როგორც ფეხბურთელი, უფროს თაობას კარგად ემახსოვრება. ტანდაბალი, ტექნიკური, მშრომელი ნახევარმცველი იყო. სამტრედიაში დაბადებული ვახტანგ კოპალეიშვილი 1973-1980 წლებში თამაშობდა თბილისის დინამოში, საბჭოეთის თასი მოიგო 1976-ში, 1980 წელს კი ლანჩხუთის “გურიაში” გადავიდა და ამ გუნდის აღმასვლაში დიდი წვლილიც შეიტანა.
მთელი ცხოვრება ფეხბურთში გაატარა. თუ შეგხვდებოდათ და გიცნობდათ, ღიმილიანი სახით მოგიყვებოდათ არაერთ სახალისო ისტორიას. ჩვენ კი ერთი ვისურვოთ, რომ ვახო მასწავლებლის დარი ადამიანები ბევრნი ყოფილიყვნენ ქართულ ფეხბურთში...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ზუსტად აღარც მახსოვს, სადღაც სკანდინავიაში ძალიან მაგრად ითამაშა მისი მწვრთნელობით. ამის შემდეგ 1-2 თვეში ჩემთან იყო მოსული გამოკვლევაზე, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. გამოკვლევის შემდეგ პასუხი რომ დავუწერე და ჰონორარზე უარი რომ ვუთხარი, მისმა თანხმლებმა გაიკვირვა, იცანითო? რას ამბობთ მეთქი, "მთელ მოედანს გადაშლილი, ვახტანგ კოპალეიშვილი" - ამას რა დამავიწყებს თქო! 76-ში თასი რომ ავიღეთ, მართლაც რომ მთელ მოედანზე ვეფხვივით იბრძოდა. უფალო, რა დამავიწყებს მის თვალებს - ისე გაეხარდა, ესიამოვნა. მე კი დავამატე: ფინალში მოგებით საქართველოს იმდენი სიხარული აჩუქეთ, რომ მთელი ერი თქვენ წინაშე სულ ვალში იქნება!!! ნათელში იყოს მისი სული.
ჩეხეებტან მახოვს თმაში ბათუმში იყო გაგუა თუ გოგუა გვყავდა კიდევ მაგარი დაიკარგა მერე.მაგარი გუნდი ყავდა ჯაკობია სასწალებს აკეტებდა როსიცკი მას
ტან არაფერი ჩანდა.გმერტმა გაანატლოს ბატონი ვახტანგის სული...
ჩემის აზრით ამაზე მაგარი ფეხბურთელი გურიაში არ ყოფილა. საუკუნის ბოლოს ლანჩხუთში გამოკითხვა ჩატარდა თუ ვინ იყო საუკუნის საუკეთესო გურიას ფეხბურთელი და თემურ ჩხაიძემ გაიმარჯვა, კი თემური კაი ფეხბურთელი იყო მარა ეს მაინც სხვა დონე იყო და ეღტი ტავიდ სჯობდა სხვებს, მაგრამ მაშინდელ გამოკითხვაში თემურის ლანჩხუთელობამ დიდი როლი ითამაშა.
კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
ჩემი პირველი მწრთვნელი დინამოში ღმერთმა გაანათლოს
ნათელი! ლანჩხუთში და მთლიანად ,,გურია"-ში დიდი სახელი დატოვე.
კარგი ფეხბურთელი იყო
ღმერტმა აცხოვნოს.
სამწუხაროა ! ნათელში იყოს !
ნათელში ამყოფოს...
შემეცოდა საწყალი,ნათელში ამყოფოს უფალმა
აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი დაადგესა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
აცხონოს ღმერთმა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. კარგი ფეხბურთელი იყო.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგად მახსოვს მისი თამაში (((((((((